დონეცკის ოლქში ქალაქ გორლოვკაში ნიღბიანმა უცნობებმა საქართველოს მოქალაქე ვასილი ბუდიკი გაიტაცეს. აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო "უნიანი" ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ამის შესახებ ინფორმაცია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ორგანიზაცია "სვობოდას" ხელმძღვანელმა მაია კარლაშმა დაწერა.
"ქალაქ გორლოვკაში მაღაზია "ბატონიდან" გამოსვლისას, კრასნოშაპკის ქუჩაზე საქართველოს მოქალაქე, უკრაინის გულმხურვალე პატრიოტი ვასილი ბუდიკი გაიტაცეს. ნიღბიანმა ადამიანებმა ის მანქანაში ჩატენეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს", - წერს მაია კარლაში.
დონეცკის ოლქიდან საქართველოს მოქალაქის გატაცების შესახებ უკრაინაში საქართველოს საელჩოში ინფორმაცია არ შესულა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" უკრაინაში საქართველოს ელჩმა მიხეილ უკლებამ განუცხადა.
მისივე განმარტებით, მას ინტენსიური კონტაქტი აქვს დონეცკში განთავსებულ საკონსულოსთანაც და მსგავსი ინფორმაცია არავის მიუწოდებია.
"საქართველოს მოქალაქის გატაცების შესახებ ინფორმაცია საელჩოში ამ ეტაპზე შემოსული არაა. დონეცკში კონსული გვყავს, რომელსაც დღეში რამდენჯერმე ვეკონტაქტები, თუმცა მსგავსი რამ არ უთქვამს. გარდა ამისა, მუშაობს რამდენიმე ცხელი ხაზი და ამ ტიპის ცნობა ჯერჯერობით არ მიგვიღია, თუმცა ბუნებრივია, ინფორმაციას კიდევ გადავამოწმებ", - განაცხადა მიხეილ უკლებამ.