პარლამენტმა ანტიდისკრიმინაციული კანონი დაამტკიცა

პარლამენტმა ანტიდისკრიმინაციული კანონი დაამტკიცა

"დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. ანტისდისკრიმინაციული კანონი 104 ხმით ერთის წინააღმდეგ მიიღეს. პროექტში ცვლილებები მესამე – რედაქციული განხილვის პროცესშიც აისახა. კენჭისყრების დასრულების შემდეგ, დეპუტატების ნუკრი ქანთარიას, სოსო ჯაჭვლიანის და ივანე კიღურაძის მხრიდან დაფიქსირდა, რომ მათ კანონპროექტს ხმა მისცეს, რაც კენჭისყრების პროცესში არ აისახა.

კანონპროექტის საფუძველზე იკრძალება ადამიანის ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაცია, მათ შორის ისეთი ნიშნებით, როგორიცაა: ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, შეზღუდული შესაძლებლობა, სექსუალური ორიენტაცია, გენდერული იდენტობა, პროფესია და სხვ.

კანონპროექტი კრძალავს დისკრიმინაციას როგორც საჯარო, ასევე კერძო სფეროში. დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფის საკითხებზე ზედამხედველობას სახალხო დამცველი განახორციელებს.

ამასთან, სასულიერო პირებისა და მრევლის პროტესტის ფონზე საპარლამენტო განხილვების პროცესში პროექტის რამდენიმე მუხლი ჩასწორდა. კერძოდ, კანონპროექტში "საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დაცვის" ცნება ჩაიდო და ამ მიზნებით განხორციელებული ქმედება პირის დისკრიმინაციად არ ჩაითვლება.

გარდა ამისა, ანტიდისკრიმინაციული პროექტიდან შევიწროებასთან დაკავშირებული პუნქტიც ამოიღეს. საუბარია კანონპროექტის ჩანაწერზე, რომელიც ითვალისწინებდა იმას, რომ ქვეყანაში არ უნდა არსებობდეს იმ პირთა შევიწროება, რომელთა მიმართ არსებობს მტრული, დამამცირებელი, დამაშინებელი, ღირსების შემლახავი ან სხვა სახის შეურაცმყოფელი გარემო. როგორც ამასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა განმარტეს, აღნიშნული პუნქტი იყო მეტისმეტად ბუნდოვანი, იძლეოდა სხვადასხვა ტიპის ინტერპრეტირების საშუალებას და კანონის განჭვრეტადობის პრინციპიდან გამომდინარე, კანონიდან მისი ამოღება მიზანშეწონილად ჩაითვალა.

კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისას კი გადაწყდა, რომ კანონში არ იქნება ჩანაწერი, რომელიც კანონის მოქმედების სფეროს აკონკრეტებდა.

ანტიდისკრიმინაციული პაკეტის ავტორი და ინიციატორი საქართველოს მთავრობაა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა