მთავრობა უკვე მუშაობს საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლითაც სტუდენტებისთვის საჯარო სექტორში სტაჟირება საყოველთაო გახდება , - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ცვლილებების შემდეგ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს საშუალება ექნებათ, სტაჟირება და პრაქტიკა გაიარონ ყველა საჯარო უწყებაში, მათ შორის - რეგიონებში განთავსებულ საჯარო სამსახურებში. საჯარო სექტორში სტაჟირების და პრაქტიკის პროგრამა ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის სტუდენტებს, რადგან ეს დაეხმარება სამუშაო გამოცდილების შეძენაში და წაახალისებს სახელმწიფო სტრუქტურაში მათ დასაქმებას"- განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ.
მისივე განმარტებით, სტაჟიორების და პრაქტიკანტების პირველი ტალღის მიღება ზაფხულში დაიწყება და მათ შესაძლებლობა ექნებათ, საჯარო დაწესებულებებში 1-ელი სექტემბრიდან გამოცხადდნენ.
გარდა ამისა, ნინო კობახიძის ინფორმაციით, სტაჟირების კურსი 6 თვიანი იქნება, რომლის დასრულების შემდეგ საჯარო უწყება სერტიფიკატებს გასცემს.