"ჩემმა შვილმა საპატრიარქოს ბავშვთა სახლში უმძიმესი დღეები გამოიარა. მას დასჯის მიზნით აშიმშილებდნენ, აშიშვლებდნენ და სააბაზანოში ცივ მეტლახზე ჯდომას აიძულებდნენ. ნერვიულობის გამო, ბავშვი ფსორიაზით დაავადდა და დღემდე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა აქვს", - ეს ოთხი შვილის დედის, 42 წლის მაია ილურიძის მონათხრობია. მაია ამბობს, რომ ბავშვზე განხორციელებული ზეწოლის გამო, რამდენიმე უწყებას მიმართა, თუმცა მისი დახმარება ვერავინ შეძლო.
"მეუბნებოდნენ, საპატრიარქოს საქმეებში ვერ ჩავერევით, ვერ ვაკონტროლებთო. ჩემი ბავშვები იმ დროს უკვე წამოყვანილი მყავდა პანსიონატიდან, მაგრამ სხვისი შვილები ხომ დარჩნენ?! რა ბედი ელით ამ ბავშვებს, რომლებმაც ცხოვრებაში ისედაც უმძიმესი სტრესი გადაიტანეს?", - ამბობს 4 შვილის დედა.
მაია ილურიძეს უმცროსი შვილი 10 თვის ჰყავდა, როდესაც დაქვრივდა. მარტოხელა დედამ ბინის ქირა ვერ გადაიხადა და ოთხი შვილით ქუჩაში აღმოჩნდა. სახლის პატრონმა ავეჯი და საოჯახო ნივთები გადაუხდელი ქირის სანაცვლოდ დაიტოვა.
"არც ერთ თავშესაფარში ადგილი არ აღმოჩნდა და ძალადობის მსხვერპლთა ცენტრმა დროებით შეგვიფარა. მოულოდნელად ჯანმრთელობის მდგომარეობა გამიუარესდა. ორი უმძიმესი ოპერაცია დამჭირდა, ორი თვე ხელოვნური სუნთქვის აპარატზე ვიყავი მიერთებული და როდესაც ჩემი გადარჩენის იმედი ამოიწურა, ბავშვების თავშესაფარში გადაყვანის საკითხი დადგა. სამწუხაროდ, არც ჩემმა და არც ქმრის ნათესავებმა ბავშვების ოჯახში წაყვანა არ მოინდომეს. როდესაც ფეხზე დავდექი და შვილები მოვიკითხე, ისინი ზესტაფონში, საპატრიარქოს დაქვემდებარებულ ბავშვთა სახლში აღმოვაჩინე", - ამბობს ქალბატონი მაია.