პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საზოგადოებას მიმართავს, ანტიდისკრიმინაციულ პაკეტთან დაკავშირებით გარკვეული ჯგუფების სპეკულაციას არ წამოეგოს.
უსუფაშვილის შეფასებით, ის რაც საკითხის გარშემო ხდება ან არაინფორმირებულობის ბრალია, ან პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, ადგილი აქვს პროცესების სხვა მიმართულებით გადატანის მცდელობას.
პარლამენტის თავმჯდომარემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განმარტა, რომ ტერმინი "სექსუალური ორიენტაცია" კანონმდებლობაში 1997 წლიდან არსებობს და ამ მხრივ საკანონმდებლო სივრცეში ახალი არაფერი შემოდის.
"არასწორია იმის მტკიცება, რომ პარლამენტს ამ კანონპროექტით ახალი ტერმინები შემოაქვს საკანონმდებლო სივრცეში – "სექსუალური ორიენტაცია" და "გენდერული იდენტობა", რაზეც აჟიტირებენ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები გარკვეული წრეებიდან და სამწუხაროდ, ეს ინფორმაცია გავრცელდა საზოგადოებაშიც. ტერმინი "სექსუალური ორიენტაცია" და ამ ნიშნის გამო დისკრიმინაციის დაუშვებლობა საქართველოს კანონმდებლობაში გვხვდება 1997 წლიდან მოყოლებული. 1997 წელს ჩაიწერა, რომ ამ ნიშნით დაუშვებელია პაციენტის დისკრიმინაცია და სამედიცინო პერსონალის მხრიდან მისთვის არასათანადო ყურადღების არმიპყრობა. ეს საკითხი განვითარდა და 2004 წელს, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" შესახებ კანონში ჩაიწერა, რომ მაუწყებელს, ყველა ტელევიზიას ეკრძალება ისეთი პროგრამების გადაცემა, რომელიც მიმართულია პირის ან ჯგუფის ფიზიკური შესაძლებლობების, რელიგიის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის თუ სხვა სტატუსის გამო შეურაცხყოფისკენ. მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ბრძანდებოდა – იმ პოლიტიკური გაერთიანების ლიდერი, რომლის მერობის კანდიდატიც საუბრობს იმაზე, რომ თითქოს ჩვენ რაიმე ახალი ტერმინი შემოგვაქვს და ამით რაღაც ახალს ვაკანონებთ. ეს საკითხი განვითარდა "შრომის კოდექსში", სადაც ჩაიწერა, რომ შრომით ურთიერთობებში აკრძალულია ნებისმიერი სახით დისკრიმინაცია, მათ შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით", – განაცხადა დავით უსუფაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
"დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონის პროექტის მიხედვით, იკრძალება ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაცია, მათ შორის ისეთი ნიშნებით, როგორიცაა: ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, შეზღუდული შესაძლებლობა, სექსუალური ორიენტაცია, გენდერული იდენტობა, პროფესია.