ირაკლი ღარიბაშვილი - ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტთან დაკავშირებით ამხელა აჟიოტაჟი ჩემთვის პირადად ამოუხსნელი და გაუგებარია

ირაკლი ღარიბაშვილი - ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტთან დაკავშირებით ამხელა აჟიოტაჟი ჩემთვის პირადად ამოუხსნელი და გაუგებარია

ცოდვაზე არ უნდა ვისაუბროთ, ჩვენ უნდა ვისაუბროთ ქვეყნის განვითარებაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟს გამოეხმაურა და კანონპროექტის ძირითადი არსი განმარტა. პრემიერის თქმით, დარჩა შთაბეჭდილება, რომ ადამიანების გარკვეულ ჯგუფს არ აქვს ინფორმაცია აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით, ან უბრალოდ შეიძლება არ ესმით, ან ზოგიერთი ადამიანი კარგად არ უხსნის თუ რას გულისხმობს აღნიშნული კანონპროექტი.

როგორც ღარიბაშვილმა განმარტა, საუბარია მხოლოდ განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების უფლებების გამოხატვაზე. ეს კანონპროექტი არ გულისხმობს პროპაგანდას, რაღაც განსაკუთრებულ პრივილეგიებსა და უფლებების მინიჭებას განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანებისთვის.

პრემიერის განცხადებით, აღნიშნული კანონპროექტი არეგულირებს სხვა ადამიანების უფლებებს. იგივე, უნარშეზღუდული პირების უფლებებს, საუბარია განსხვავებული კანის ფერსა და ა.შ.

"ანუ, საუბარია იმ უფლებებზე, რაზეც საუბარია ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციაში. შესაბამისად, ამდენი საუბარი და ამხელა აჟიოტაჟი ჩემთვის პირადად ამოუხსნელი და გაუგებარია. ეს არის ჩემი, როგორც მოქალაქის და ამავდროულად როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოზიცია და მოსაზრება. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ კანონს მივიღებთ და მინდა კიდევ ერთხელ მოსახლეობას განვუმარტო, რომ ჩვენი მთავრობა და პირადად მე ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ ჩვენ არასოდეს მივიღებთ ისეთ კანონს, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ეროვნულ უსაფრთხოებას ან ტრადიციებს და ფასეულობებს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

რაც შეეხება პატრიარქის განცხადებას, როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, პატრიარქი არის ბრძენი ადამიანი და მან კარგად იცის, რასაც აკეთებს. "მაგრამ ჩვენ ამავდროულად კარგად გვაქვს გაცნობიერებული, თუ საით მივდივართ, ჩვენ გვაქვს ამბიცია და მოტივაცია, რომ ჩვენი ქვეყანა გავხადოთ ერთხელ და სამუდამოდ თანამედროვე, ძლიერი, მოდერნისტული სახელმწიფო. კიდევ ერთი მონაპოვარი, რაც ჩვენ გვექნება უახლოესი 2 წლის განმავლობაში და რაც არის მთავარი მოთხოვნა, რომ მივიღოთ აღნიშნული კანონპროექტი, ეს არის უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან. მოლდოვამ მიაღწია უვიზო რეჟიმს ევროკავშითან და ჩვენ შეგვიძლია იგივე მივიღოთ 2-3 წელიწადში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მან მიმართა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ დღეების განმავლობაში გარკვეულ შეშფოთებას გამოხარტავდა აღნიშნულ კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით. "მინდა დავამშვიდო ისინი, მე და ჩემი გუნდი არანაკლებ პატრიოტები ვართ და ჩვენი ეროვნული ღირებულებების დამცველები. ამ კანონის მიღებით ჩვენ ვადასტურებთ, რომ ძლიერი ერი და სახელმწიფო ვართ. რაღაც ცოდვაზე იყო საუბარი. ცოდვაზე არ უნდა ვისაუბროთ. ჩვენ უნდა ვისაუბროთ ქვეყნის განვითარებაზე და მით უმეტეს მართლმადიდებელი ქრისტიანი არასოდეს გაურბოდა, არასოდეს ეშინოდა ამა თუ იმ ცოდვის, ეს არის ჩვენი ძლიერება", - აღნიშნა პრემიერმა.

მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ამ დღეებში, რასაც ის უყურებდა, მისთვის მიუღებელია. ამასთან, პრემიერმა მიმართა საკუთარი გუნდის წარმომადგენლებს, რომ მათ ჰქონდეთ მეტი კომუნიკაცია საზოგადოებასთან აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით და აუხსნან ამ ადამიანებს, რომ ეს კანონპროექტი არ უქმნის საფრთხეს ქვეყნის ტრადიციებსა და ფასეულობებს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა