ლევან მასპინძელაშვილი მაყურებელმა გაიცნო პროექტიდან ''საქართველოს ვარსკვლავი''. ნინა სუბლატთან, ნუკა გვალიასა და მარიკო ლეჟავასთან ერთად ფინალში მოხვდა და არაერთი ლამაზი სიმღერა აჩუქა ამ პროექტის მაყურებელს. განსაკუთრებული მოწონება მისმა ორიგინალურმა, ხავერდოვანმა ხმამ დაიმსახურა.
დღეს მომღერალი ''ერთი ერთში'' მონაწილეობს. მეორე კონცერტზევე ლევანს ქალის როლის მორგებამ მოუწია, მის მიერ განსახიერებულმა მეისი გრეიმ მაყურებელიც და ჟიურის წევრებიც აღფრთოვანებული დატოვა. ოთხშაბათის ლაივკონცერტი მისთვის ორმაგად სასიამოვნო აღმოჩნდა, დღის ლიდერი 12 საათის შემდეგ იუბილარიც გახლდათ. მეორე დღეს ლევანს რადიოში ვესტუმრეთ, სადაც მას გვანცა კილასონია მასპინძლობდა და წინა დღის ემოციებზე, პროექტის მნიშვნელობაზე და ცოტაოდენი პირადზეც ვკითხეთ.
- ლევან, დაბადების დღე გაქვს, რამდენი წლის გახდი?
- 29 წლის.
- რა მოგემატა?
- ერთი წელი.
- კიდევ?
- კიდევ (ფიქრობს), ერთი წელი.
- ამ ერთ წელიწადში რა შეიცვალა შენში?
- ალბათ, ცხოვრების წესი. 28 წლის რომ გავხდი, მაშინაც პროექტში ვიყავი, ''საქართველოს ვარსკვლავში''. შემდეგ მქონდა არც ისე სასიამოვნო პერიოდი, უმუშევრობის ხანა, როდესაც ვცდილობდი, მეცადა სიმღერის კუთხით სამსახურის ძიება, მაგრამ ფინანსურად ძალიან გამიჭირდა. მივხვდი, რომ მხოლოდ სიმღერით ფულს ვერ იშოვი.
- თუმცა მახსოვს, რომ ''საქართველოს ვარსკვლავის'' დროს სხვა საქმითაც იყავი დაკავებული.
- კი. ბანკებში მუშაობის დაახლოებით ცხრაწლიანი სტაჟი მაქვს.
- შენ რომელი ლევანი მოგწონს, ბანკის თანამშრომელი თუ მომღერალი?
- ორივე სინთეზში. მარტო სიმღერა არ მინდა, მიჩვეული ვარ რეჟიმს. ერთი კია, როცა რეჟიმში ვარ, რეჟიმს გავურბივარ და როცა არ ვარ - ყოველთვის მივიწევ ამისკენ.
- როგორია შენი ერთი ჩვეულებრივი დღის რეჟიმი?
- დღეს ძალიან ჩვეულებრივი და ამავე დროს არაჩვეულებრივი. დილით ვიღვიძებ, ხან - ბრიუს სპრინგსტინი, ხან - მეისი გრეი და მერე მთელი დღე ''ჯი-დი-ეს''-ში მიდის მუშაობა იმაზე, რასაც ოთხშაბათობით მაყურებელი ნახულობს ამ ტელევიზიის ეთერით. რაც მთავარია, ეს ყველაფერი მსიამოვნებს. ნებისმიერი შემსრულებელი ახალი გამოწვევაა ჩემთვის და საინტერესოა.
იხილეთ სტატიის გაგრძელება