"დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონპროექტიდან ერთ-ერთი მუხლის ამოღება გადაწყდა. კერძოდ - ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტში კანონის მოქმედების სფერო დაკონკრეტებული აღარ იქნება.
საუბარია პროექტის მესამე მუხლის პირველივე ნაწილზე, რომელიც ამბობს, რომ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები ვრცელდება საჯარო დაწესებულებების, ფიზიკური და იურიდიული პირების ქმედებებზე ყველა სფეროში, მათ შორის, როგორებიც არის: - დასაქმებაზე ხელმისაწვდომობა და შრომითი ურთიერთობა; პროფესიული გადამზადება და ტრენინგი; სოციალური დაცვა და ჯანდაცვა; სკოლამდელი აღზრდა, განათლება, განათლებაზე ხელმისაწვდომობა და სწავლის პროცესი; მეცნიერება; კულტურული და შემოქმედებითი საქმიანობა; არჩევნები; საზოგადოებრივი და პოლიტიკური საქმიანობა; საჯარო ინფორმაცია და მედია; მართლმსაჯულება; სამართალდაცვა და სასჯელაღსრულება; თავდაცვა; საქონლისა და მომსახურების, მათ შორის სახელმწიფო სერვისების მიწოდება და მათით სარგებლობა; საზოგადებრივი ადგილებით სარგებლობა; საცხოვრისით სარგებლობა; მეწარმეობა და საბანკო საქმე; ბუნებრივი რესურსებით სარგებლობა; ტრასნპორტი და ინფრასტრუქტურა; ტურიზმი და სპორტი.
კანონში აღნიშნული ჩამონათვალი აღარ იქნება.
"კანონპროექტის მესამე მუხლიდან ამოღებულია ჩამონათვალი, სადაც ჩაწერილი იყო სფეროები და მასში შედიოდა სასკოლო დაწესებულებები, განათლების სხვადასხვა ადგილები და საჯარო დაწესებულებები. ძალიან ბევრი უწყება, რომელიც ამ ჩამონათვალში იყო, სპეციალურ დათქმას გულისხმობდა ანტიდისკრიინაციულ მოქმედებების უფლებამოსილებასთან დაკავშირებით. მსგავსი მოთხოვნა საპატრიაქროს წარმომადგენლებსაც ჰქონდათ. მათი მხრიდან იყო შიში გამოთქმული, რომ შესაძლებელია სასწავლო დაწესებულებები გამოყენებულ იყოს პროპაგანდის ადგილად, ამიტომ ეს ჩამონათვალი კანონპროექტიდან ამოვიღეთ", - განმარტა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ.