"აზერფილმი" და "ბელორუსფილმი" ერთობლივ კინოს იღებს. გადაღებები როგორც ბელორუსში, ასევე აზერბაიჯანში იქნება. შემოქმედებითმა ჯგუფმა ქასტინგი საქართველოშიც ჩაატარა, რომელშიც არაერთი ქართველი მსახიობი მონაწილეობდა, მაგრამ მეტად ერთს - ზურა ნიჟარაძეს გაუმართლა. ის მთავარ როლზე დაამტკიცეს.
- ფილმში, რომელსაც ''შეწყვეტილი მოგონებები'' ჰქვია, არის ასეთი გმირი - რანტიკა, რომელიც უნდა განვასახიერო. ძალიან საინტერესო სცენარია. მოქმედება ორ ფრონზე მიმდინარეობს, - ყარაბაღსა და მეორე მსოფლიო ომში (1941 წელს). გადამღები ჯგუფი აქ იყო ჩამოსული, ქასტინგი გავიარე და მთავარ როლზე დამამტკიცეს. ფილმში 1000 კაცი ითამაშებს.
- ასეთი მასშტაბური პროექტია?
- კი, 5 მთავარი როლია, 14 - არამთავარი და 17 ეპიზოდური, დანარჩენი - ჯგუფური და ბატალური სცენები.
- რა ენაზე მოგიწევს თამაში.
- რუსულად, უფრო სწორად, დამტვრეული და აქცენტიანი რუსულით, როგორც საერთოდ კავკასიელებს ახასიათებთ...
- სომხი კაცის თამაში არ გაგიჭირდება?
- ადვილი არ არის, მაგრამ არტისტი ვარ და სირთულეები უნდა დავძლიო.
- ვინ არის რეჟისორი?
- ელხან ჯაფაროვი, აზარბაიჯანელია, ვარაბიოვია სცენარის ავტორი, ბელორუს კაცია. კულიევი გახლავთ პროდიუსერი. ახლა მინსკში მივფრინავ, სადაც გადაღებები ორი თვე გასტანს. სანამ გადასაღებ მოედანზე გავალთ, რეპეტიციები გვექნება, ანუ მოსამზადებელი ეტაპი.
ლალი ფაცია