გაგიკვირდებათ და, დიზაინერი ზალიკო ბერგერი საკმაოდ ტრადიციული ადამიანი ყოფილა. უყვარს ქართული სუფრა, ფიქრობს, რომ ოჯახში უპირატესი მაინც მამაკაცია, თუმცა იმას ვერ ხვდება, რატომ ეწინააღმდეგებიან ერთსქესიანთა ქორწინებას, როცა ეკლესიისა და საზოგადოების დამოკიდებულება მათ მიმართ ასეც და ისეც ჩამოყალიბებულია.
- გამორჩეულად მიყვარს ქართული სუფრის ტრადიცია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მოგვდგამს და თავი XXI საუკუნეშიც შემოინახა. ამ ბოლო ხანებში ასეთ სუფრაზე აღარ მოვხვედრილვარ, მაგრამ ქართული სუფრა სადღეგრძელობის თანმიმდევრობით, ადათ-წესებით, თუნდაც განსხვავებულებით, კულტურით უცხოელებისთვისაც კი მისაღებია, ჩემთვის კი საყვარელი ტრადიციაა. რაც შეეხება მოძველებულ ტრადიციას, სიმართლე გითხრა, ვერ ვიხსენებ, ალბათ, დღეს რაც მოძველებულად მოგვეჩვენებოდა, ის უკვე არცაა შემორჩენილი, დანარჩენი კი მისაღები და საამაყოცაა.
- რამდენად მოგწონს ისეთ გარემოში დროის გატარება, სადაც გაუთავებლად ისმის გრძელი სადღეგრძელოები, ყანწის დაძალება და ა.შ.
- სუფრაზე შეიძლება, ისეთი ადამიანი შეგხვდეს, ფეხზე ადგომით სადღეგრძელოს დალევა მოითხოვოს, რაღაც სისულელეების მოყოლა დაიწყოს, რაც მთვრალზე ''მოაწვება'', ყველაფერი ილაპარაკოს და სამი საათი დაგაყუდოს ფეხზე, ამას ტრადიციულობასთან არანაირი კავშირი არ აქვს და ასეთი სუფრიდან წამოსვლას ვამჯობინებ. მართლა ტრადიციული სადღეგრძელო კი არის ლაკონიური და არ არის აუცილებელი უშველებელი ამბების მოყოლა. რაც შეეხება ყანწსა და უცნაურ განსხვავებულს, მგონი, ქალის ფეხსაცმლიდან დალევაც არ არის ქართული ტრადიცია.
- თუმცა ქართველებიც იქცევიან ასე.
- კი, აკეთებენ ამას, მას შემდეგ, რაც ყველაფრის სასმისად გამოყენება დაიწყეს (იცინის). მინახავს, გამოჩენილი თამადა და შოუბიზნესის წარმომადგენელი თავზე როგორ იდგამდა ჭიქას და იქიდან სამედიცინო მილით სვამდა სასმელს (იცინის). მე, ძირითადად, ვისკის ვსვამ, ამას კი ვერ დაგაძალებენ, შეგიძლია, იმდენი წრუპო, რამდენიც გინდა.
- ზალიკო, ქალისა და მამაკაცის მეგობრობას სტერეოტიპულად აღიქვამენ. შენ რას ფიქრობ ამ თემაზე?
- შეიძლება, ქალსა და მამაკაცს ნამდვილი მეგობრობა აკავშირებდეთ, ამ ბოლო დროს საპირისპირო სქესის მეჯვარედ წაყვანაც მოხშირდა, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ გოგონასა და ბიჭს შორის მეგობრობა შეიძლება. თუმცა ისეთებიც გვსმენია, როცა კარგ მეგობრებს მერე ოჯახი შეუქმნიათ, ამიტომ არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება.
- ჩვენს ქვეყანაში ყველაზე მეტად პოლიტიკასა და სექსზე ლაპარაკი უყვართ, რატომ?
- საზოგადოება ზედმეტად პოლიტიზებულია, ამა თუ იმ შეკრებაზე, გინდა თუ არა, პოლიტიკაზე საუბარი მაინც იწყება. ყველაზე აქტიური ჩვენს ქვეყანაში ეს სფეროა, შოუბიზნესზე ბევრს ვერ ილაპარაკებ, რადგან თითქმის არაფერი ხდება და ყურადღებაც ნაკლებად ექცევა, პოლიტიკური ინფორმაცია კი ყოველდღე გვესმის და განხილვის საგანიც ხდება. იშვიათია სოლოკონცერტები, არ ვართ განებივრებული საღამოებით, ჩვენი მაქსიმუმი ის მუსიკალური შოუებია, რომლებსაც ტელევიზია გვთავაზობს ან ახალი სახეების გაცნობით ვართ დაკავებულები, ან ძველების ბღავილით დატანჯულები (იცინის). სექსზე კი უმეტესად ის ბიჭები ლაპარაკობენ, რომლებიც საკუთარი სექსუალური წარმატებით ''მარიაჟობენ''.
იხილეთ სტატიის გაგრძელება