გორის ცენტრში მომხდარი ჩხუბის ფაქტზე, რომელიც 2013 წლის 22 დეკემბერს მოხდა, სასამართლო სხდომები ამჟამად მიმდინარეობს. სასამრთლო პროცესზე მთავარ დაზარალებულად ცნობილი, მაშინდელი პოლიციის უფროსის მძღოლი და ამჟამად გორის შს სამმართველოს მეჯვრისხევის განყოფილების უბნის ინსპექტორი, 27 წლის გიორგი ჩერქეზიშვილი დაიკითხა. ჩერქეზიშვილმა აღიარა, რომ რესტორნის წინ ის მას შემდეგ სცემეს, როდესაც რესტორნიდან გამოსულ გოგონას ხმამაღლა უყვიროდა და ეჩხუბებოდა.
"რესტორანში დაახლოებით 9 საათზე დავსხედით. ამ დროს ესენიც შემოვიდნენ. ცოტა ხანში დამიძახეს, რადგან ერთ-ერთ მათგანს ბავშვობიდან ვიცნობდი და ჩემი მეგობარი იყო. დავლოცე კიდეც. 11 საათისთვის წასვლას ვაპირებდი. ადრე მინდოდა წასვლა, რადგან მეორე დღეს დაბადების დღე მქონდა. მე და ჩემი მეგობარი (იგულისხმა თანამესუფრე) ვასილ ბუთხუზი გარეთ გამოვედით. შესასვლელი კარებიდან დაახლოებით 3 მეტრში ვიდექით. ამ დროს ეს გოგო გამოვიდა და პირდაპირ დამეჯახა. მე ვუთხარი, ნელა გაიარე-თქო. ის კი პირდაპირ გინებაზე გადავიდა, შე ძაღლოო და ეგეთ რაღაცეებს მეუბნებოდა. მოგვიხდა ხმამაღალი საუბარი, ვკამათობდით მე და ის გოგო. ფაქტიურად, ვჩხუბობდით სიტყვიერად. მეუბნებოდა, ეხლა ნახე რა მოგივა, ჩემი ქმარი გამოვაო. ამ დროს გამოვიდნენ ეს ბიჭები, სახის არეში დარტყმა ვიგრძენი და გავითიშე. გონებაზე რომ მოვედი, უკვე "სამებას" მაღაზიასთან ვიყავი და ვგრძნობდი, რომ მირტყამდნენ. მერე გაგვაშველეს თუ დაგვაშორეს, გზის პირზე ბორდიურზე დავჯექი და პოლიციელ გაბინაშვილს დავურეკე (გაბინაშვილი - პოლიციის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელია). ერთ წუთში მოვიდნენ პიკაპებით და წამიყვანეს. დავინახე, რომ ის ბიჭები გზის მეორე მხარეს გადავიდნენ და იგინებოდნენ. როგორ მოხდა მათი დაკავება, მე არ ვიცი", - განაცხადა ჩერქეზიშვილმა.
სასამართლო პროცესზე გიორგი ჩერქეზიშვილს კიდევ ერთ, სხვა რესტორანში მომხდარი ჩხუბიც გაუხსენეს, თუმცა თავად აცხადებს, რომ ის არ არის კონფლიქტური პიროვნება.