საბერძნეთის სასამართლო დათა ახალაიას ექსტრადირებაზე მსჯელობას იწყებს

საბერძნეთის სასამართლო დათა ახალაიას ექსტრადირებაზე მსჯელობას იწყებს

საბერძნეთის სასამართლო დათა ახალაიას ექსტრადირების საკითხზე მომავალი კვირის დასაწყისში იმსჯელებს. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ექსტრადირების საკითხის განხილვას ახალაიას ქართველი ადვოკატიც დაესწრება.

ექსტრადირების საკითხზე პროცესი ორი დღის წინ უნდა გამართულიყო, თუმცა გადაიდო. თუ კი სასამართლო გადაწყვეტს, რომ ახალაიას ექსტრადირება საქართველოში არ უნდა მოხდეს, განიხილება მისი პოლიტიკური თავშესაფრის საკითხიც.

"ინტერპრესნიუსი" დათა ახალაიას ადვოკატს, ირაკლი ზაქარეიშვილს დაუკავშირდა, რომელმაც დაადასტურა, რომ საბერძნეთში გამგზავრებას გეგმავს.

"საბერძნეთში წასვლას ვაპირებ. საორგანიზაციო საკითხებს ვაგვარებ და იმედი მაქვს, შესაძლებლობა მომეცემა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის უფლებების დაცვა განვახორციელო", - განაცხადა ირაკლი ზაქარეიშვილმა.

ახალაიას ბერძენი ადვოკატის, ალექსანდროს პაპასტერიოპულოსის ინფორმაციით, დათა ახალაია საბერძნეთში მაშინ დააკავეს, როდესაც ოთარ ურუშაძის სახელით იტალიაში გადასვლას ცდილობდა.

"ბატონი ახალაია დააკავეს 27 მარტს, ქალაქ პატრასში. იგი ქვეყნის დატოვებას იტალიის მიმართულებით, ყალბი პასპორტის გამოყენებით, ოთარ ურუშაძის სახელის გამოყენებით გეგმავდა. დაკავების შემდეგ სასამართლომ მას 40-დღიანი წინასწარი პატირმობა შეუფარდა. ორი დღის წინ დადგინდა, რომ მისი ნამდვილი სახელი და გვარი დავით ახალაიაა. მასზე ინტერპოლით ძებნაა გამოცხადებული. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მის ექსტრადიციას ითხოვს. ამ საკითხის განხილვა 15 დღის ვადაში უნდა მოხდეს. პარალელურად, ახალაიამ მოითხოვა პოლიტიკური თავშესაფარი, იქიდან გამომდინარე, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელია, მისი ძმა კი ყოფილი თავდაცვის მინისტრია, რომელიც ამჟამად დაპატიმრებულია. ახალაია აცხადებს, რომ უდანაშაულოა. პოლიტიკური თავშესაფრის განხილვის საკითხი მოხდება ექსპტრადიციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ", - განაცხადა ალექსანდროს პაპასტერიოპულოსმა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ