ირაკლი ღარიბაშვილი ერთ-ერთი პრაგმატული და ბრძენი ლიდერია, ვისაც კი შევხვედრივარ, - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"მე ვიყავი ორი პრემიერ-მინისტრის, შარონისა და ნეთანიაჰუს კაბინეტის მდივანი. ასევე, ვიყავი ორი მთავრობის წევრი. მინდა, გითხრათ, რომ ბატონი ღარიბაშვილი არის ერთ-ერთი ყველაზე ბრძენი და პრაგმატული ლიდერი, რომელსაც ოდესმე შევხვედრივარ. ეროვნული უსაფრთხოების შენარჩუნება და დაცვა საკუთარ ქვეყანაში არის ძალიან რთული რამ, მოითხოვს დიდ სიბრძნესა და პასუხისმგებლობას, რაც არაერთხელ შემიმჩნევია ბატონი ღარიბაშვილისთვის. ჩვენი ქვეყნების ლიდერობა ისრაელისა და საქართველოსთვის დიდი ტვირთია, უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს უძველეს, თუმცა არა უდიდეს ერებს და ეს არის დიდი პასუხისმგებლობა", - განაცხადა გიდეონ საარმა.
მისივე თქმით, ღარიბაშვილს ახასიათებს ყველა ის თვისება, რაც საჭიროა ლიდერისთვის. ამასთან, ისრაელი მასში ხედავს მეგობარს.
"ყოველ ჩვენ შეხვედრაზე მე ვხედავდი მასში მეგობარს ჩვენი ქვეყნისა, ისევე როგორც პრაგმატულ ლიდერს", - აღნიშნა გიდეონ საარმა.
ამასთან, საქართველოს მთავრობის მიერ რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების შეფასებისას, საარმა აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, საქართველოს მთავრობის მიერ ნაბიჯები ქვეყნის ინტერესების დაცვით გადაიდგმება.
"ჩემი პრეროგატივა არ არის, შეფასებები მივცე ამა თუ იმ ქვეყნების ურთიერთობას. მე მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ახლანდელი მთავრობა საკმაოდ პრაგმატულად, ბრძნულად, პასუხისმგებლობით ეკიდებიან ყველა საკითხს, რომელზეც ისინი მუშაობენ. დარწმუნებული ვარ, სახელმწიფოებრივი ინტერესები დაცული იქნება, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პრინციპების ერთგულების კუთხით", - განაცხადა საარმა.
აღსანიშნავია, რომ გიდეონ საარი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, სამჯერ შეხვდა.