მოგეხსენებათ, სასამართლო პრაქტიკაში პროკურატურის მიერ მძიმე დანაშაულებში (განსაკუთრებით კი, განზრახ მკვლელობის მუხლით) ბრალდებულების გამართლება დიდ იშვიათობას წარმოადგენს. თუმცა, მაშინ, როცა საქმის მასალები ბრალის დამადასტურებელ მტკიცებულებებს არ შეიცავს და უფრო მეტიც, მოწმეთა ჩვენებები და სხვა გარემოებები ბრალდებულის უდანაშაულობაზე მეტყველებს (და თუ ამ უკანასკნელს პროცესზე კვალიფიციური დამცველიც ჰყავს), მოსამართლე იძულებული ხდება, განსასჯელი გაამართლოს. ასეთ მსჯავრდებულთა მცირერიცხოვან ჯგუფს შარშან, ერთი პატიმარიც შეემატა. პროკურატურის მიერ წარდგენილი მძიმე ბრალდების - ახალგაზრდა ქალბატონის განზრახ, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობის - მიუხედავად, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ის გაამართლა...
გამამართლებელი განაჩენის გამოცხადების შემდგე, პროცესის დამსწრე ნეიტრალური პირები აღნიშნავდნენ: სასამართლო, უკიდურესად გაღიზიანებული და აგრესიული დაზარალებული მხარის ზეგავლენის ქვეშ არ მოექცა, პროკურატურის უსაფუძვლო არგუმენტებს მხარი არ დაუჭირა და ობიექტური და კეთილსინდისიერი გადაწყვეტილება მიიღოო. სხვათა შორის, ისიცაა აღსანიშნავი, რომ განსასჯელს დაქირავებული დამცველი არ ჰყოლია - პროცესზე მას სახაზინო წესით მოწვეული ადვოკატი იცავდა.
საქმე კი, მარნეულის რაიონის სოფელ აღმამედლოში მცხოვრებ ახალგაზრდა წყვილს შორის მომხდარ უთანხმოებას, კერძოდ - სასიძოსა და მისი ოჯახის წევრების მიერ, დანიშნული საპატარძლოს შეურაცხყოფას ეხებოდა. ამას შედეგად, ქორწილის ჩაშლა მოჰყვა. სასოწარკვეთილმა საპატარძლომ თავის მოკვლაც კი სცადა და 54 აბი რაღაც წამალი დალია. ოჯახის წევრებმა მას დროულად მიუსწრეს და სიკვდილს გადაარჩინეს. მაგრამ ამ ამბავს სისხლის ღვრის გარეშე მაინც არ ჩაუვლია. განაჩენის თანახმად, გასათხოვარი ქალიშვილის მძიმე შეურაცხყოფამ მამამისი აფექტში ჩააგდო და მომავალ მოყვარეს - სასიძოს დას, დანით 16 ჭრილობა მიაყენა. საავადმყოფოში დაუყოვნებლივ წაყვანილ დაჭრილს, ექიმებმა სიცოცხლე შეუნარჩუნეს. პოლიციამ დამნაშავე შ. აივაზოვი დააკავა, რაიონულმა პროკურატურამ კი მის ქმედებას, განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის მცდელობის კვალიფიკაცია მიანიჭა და საქმე სწორედ ამ მუხლით გადაუგზავნა განსახილველად საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
სასამართლო პროცესი მართლაც, ძალზე მძიმე და რთული აღმოჩნდა. დაზარალებულის მხარე განსასჯელის სისასტიკესა და ვერაგულ განზრახვაზე ლაპარაკობდა. მათი თქმით, აივაზოვმა არა მარტო ნ. ტაგიევა დაჭრა თითქმის სასიკვდილოდ, არამედ მისი 6 წლის შვილსაც დაედევნა დანით, მოსაკლავად. "თავად მოგვივარდა ოჯახში, აგვაწიოკა. კიდევ კარგი, დანა ხელიდან გააგდებინეს და დროულად შეაჩერეს, თორემ, უთუოდ, ბავშვსაც გამოსჭრიდა ყელს, ისე იყო გააფთრებული", - ამბობდნენ დაზარალებულის ოჯახის წევრები, რომლებიც გამოძიების მასალების მიხედვით, მომხდარი ფაქტის თვითმხილველები იყვნენ.
მეორე მხარე ამის საწინააღმდეგოს ირწმუნებოდა და აცხადებდა, რომ განსასჯელს არც ქალბატონის, არც რომელიმე მისი ნათესავის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია. მხარის მტკიცებით, განსასჯელის საქციელი, მისი ქალიშვილისათვის უწესო ყოფაქცევის დაბრალებამ და დაგეგმილი ქორწინების ჩაშლამ გამოიწვია.
საქმის მასალების მიხედვით, ფ. აივაზოვა და შ. ნაბიევი ძალზე ახალგაზრდები იყვნენ, როცა დაქორწინება გადაწყვიტეს. ამის შესახებ მათ ოჯახის წევრებსაც აცნობეს. გოგონას მშობლებს შინ ეწვია ბიჭის დედ-მამა და ქალიშვილის ხელი სთხოვა მათ. მშობლები შეთანხმდნენ და ქორწილის სავარაუდო დროც დათქვეს. გოგონა იმავე დღეს დანიშნეს და ამის დასტურად, ოქროს სამკაულები გადასცეს. ამის შემდეგ ნაბიევის მშობლები დროებით, სამუშაოდ რუსეთში გაემგზავრნენ, თავად შ. ნაბიევი კი სოფელში, თავის გათხოვილ დასთან, სიძესა და დისშვილთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად. იმ პერიოდში, ის უმაღლეს სასწავლებელშიც ჩაირიცხა. ინსტიტუტში დადიოდა და დროდადრო საცოლესაც ხვდებოდა. ერთ დღესაც, გოგონას შინ მიაკითხა.
ფ. აივაზოვას დედის ჩვენებიდან.
"ჩემი სასიძოს ოჯახთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა. ერთმანეთთან სტუმრად დავდიოდით. ისინიც თავაზიანად გვექცეოდნენ. იმ დღეს სასიძო ჩვენთან მოვიდა, მივესალმეთ, კარგად მივიღეთ. როგორც დანიშნულები - ქალ-ვაჟი ერთად დავტოვე. ვიფიქრე - ახალგაზრდებმა თავი უხერხულად არ იგრძნონ-მეთქი, და ეზოში გავედით სამუშაოდ. დაახლოებით 20 წუთი იქნებოდა გასული, როცა შევნინე, რომ ჩემი ქალიშვილი და სასიძო სახლის მეორე სართულზე ადიოდნენ. გულმა რეჩხი მიყო, გავიფიქრე – ზევით რა უნდათ-მეთქი? 15-20 წუთი გავიდა, ისინი კი გარეთ არ გამოდიოდნენ. მაშინ თვითონ დავუძახე ქალიშვილს.. ხმა რომ არავინ გამცა, მთელი ხმით დავიყვირე. ორივენი ერთად ჩამოვიდნენ პირველ სართულზე, ჩემს შვილს აღელვება აშკარად ეტყობოდა. სასიძოს კი არაფერი უთქვამს ისე წავიდა შინ. მთელი საღამო ნერვიულობაში გავატარე. ვგრძნობდი, რომ რაღაც ვერ იყო რიგზე. ქალიშვილი საძინებელში ჩაიკეტა და გარეთ არ გამოდიოდა, არც არაფერს ჭამდა. ბოლოს გადავწყვიტე, რადაც არ უნდა დამჯდომოდა, გამომეტეხა და მეიძულებინა, გაემხილა, თუ რა სჭირდა. არ მოვეშვი და გამომიტყდა კიდეც. ატირებულმა მითხრა, საქმრომ მაღლა ასვლა მთხოვა და მეც ავყევი, მეგონა, რაღაცის თქმა უნდოდა, მან კი ოთახში შესვლისთანავე სხვანაირად დამიწყო მოქცევა, ხოლო როცა შევეწინააღმდეგე, ყურის ძირში მუშტი ჩამარტყა და გრძნობა დავკარგე. როცა გონს მოვედი, კაბა თითქმის შემოფლეთილი მქონდა და სისხლი მდიოდა, არ ვიცი, ჩვენ შორის რა მოხდაო. თავზარი დამეცა, ძალიან ვინერვიულე, რადგან ჩვენი ადათ-წესი, თუნდაც დანიშუნლებს შორის ქორწინებამდე კავშირს სასტიკად გმობს. მაშინვე წარმოვიდგინე, თუ რა უბედურება შეიძლებოდა, მოჰყოლოდა ყოველივე ამას. ამიტომაც, ქალიშვილს ვუთხარი - მირჩევნია, ახლავე ექიმთან მიგიყვანო და ზუსტად გავიგოთ, მოხდა თუ არა რამე, შემდეგ კი, შენს საქმროს დაველაპარაკები-მეთქი. ყველაზე მეტად მინდოდა, ეს ამბავი ისე მომეგვარებინა, რომ უცხო პირს არაფერი გაეგო. რადგან გვიანი იყო, ექიმთან წასვლა მეორე დღისთვის გადავდეთ. თუმცა, ჩემმა ქალიშვილმა ვერ მოითმინა და საქმროს მანამდე დაუწყო კამათი და ჩხუბი, პასუხს სთხოვდა ასეთი საქციელის გამო. სასიძო მანქანით იყო მოსული. უცებ გავარდა გარეთ და დაიბარა, 5 წუთში დავბრუნდებიო. მართლაც, ცოტა ხანში, თავისი და მოიყვანა. გადმოვიდნენ თუ არა მანქანიდან, უშვერი სიტყვებით ხმამაღლა დაგვიწყეს ლანძღვა-გინება. ჩემს ქალიშვილს, ხალხის გასაგონად, უწესო ცხოვრებაში სდებდნენ ბრალს, იძახდნენ - სხვებთან ჰქონია ინტიმური კავშირი და ახლა, თავის დასაძვრენად, ტყუილებს იგონებსო. ჩემი ძმა გოიმი ხომ არ არის, ეს ამბავი დააბრალოთო! - გაჰყვიროდა ნ. ტაგიევა. განადგურებულები ვიყავით. ვეუბნებოდი - სირცხვილია, გარშემო ხალხი ისმენს და ასეთი რამის გამოაშკარავება არ შეიძლება-მეთქი. ის კი მეუბნებოდა - მთელმა სოფელმა უნდა გაიგოს, როგორი ყოფაქცევის ქალიშვილი გყავსო... სახალხოდ მოითხოვდა, ჩემი შვილის ექსპერტთან წაყვანასა და შემოწმებას. ვინაიდან ექსპერტს იმის გასაზღვრაც შეეძლო, თუ რამდენი ხნის დარღვეული იყო საქალწულე აპკი, ქალიშვილის პატიოსნებაში დარწმუნებული, მაშინვე დავთანხმდი. მათ მიერ შერჩეულ ექიმ-გინეკოლოგთან ოჯახში მივედით. ექიმს ჯერ არ უნდოდა, ამ საშარო საქმეში გარეულიყო, მაგრამ ორივე მხარის დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ, დაგვთანხმდა. შემოწმებას რომ მორჩა, კაბინეტიდან გამოვიდა და გამოგვიცხადა - ბავშვი უზომოდ შეშინებულია, დიდი ნერვული სტრესის ქვეშ იმყოფება, თუმცა ქალიშვილია და კონტაქტის არანაირი კვალი არ ეტყობა; ხოლო რაც შეეხება სისხლდენას, ასეთი რამ ნერვიულობისა და დაძაბულობის ნიადაგზე ხშირად ხდებაო. ექიმის სიტყვები სასიძომ და მისმა დამაც გარკვევით მოისმინეს, მაგრამ უკან მაინც არ დაიხიეს. იმას ამბობდნენ, ექიმმა მოგვიანებით დაგვირეკა და გვითხრა – სინამდვილეში, გოგონა სამი თვის ფეხმძიმე არისო... ვერ წარმომედგინა, თუ ადამიანებს ასეთი რამის კადრება შეეძლოთ. ჩემი შვილი ძალიან განიცდიდა ამ ამბავს, დღის მანძილზე რამდენჯერმე კარგავდა გონებას, ერთხელ, ჩხუბის დროს, უცებ მივარდა საქმროს დას, ხელები და ფეხები დაუკოცნა და ტირილით ეხვეწა - ნუ გვამწარებ ახალგაზრდებს, ოჯახის შექმნა გვინდა და ხელს ნუ გვიშლიო. მაგრამ მათთან აღარც მუდარამ გაჭრა"...
ორ დღეში, აივაზოვების ოჯახის უფროსიც დაბრუნდა შინ. იმ პერიოდში, შ. აივაზოვი ავადმყოფობდა და ამის გამო, რამდენიმე კვირით სამკურნალოდ გახლდათ გამგზავრებული. ოჯახში მომხდარი უსიამოვნებების შესახებ მან არაფერი იცოდა. მაგრამ ცხადი იყო, რომ სოფელში დაბრუნებისთანავე შეიტყობდა ყველაფერს და ამიტომაც, ცოლმა გადაწყვიტა, პირველს მას ეამბნა მომხდარის თაობაზე.
შ. აივაზოვის ჩვენებიდან:
"მარნეულიდან რომ დავბრუნდი, დაახლოებით დღის 4-5 საათი იქნებოდა. დავწექი და დავისვენე. ჩემი ქალიშვილი ავად რომ იყო, იმ საღამოსვე ვნახე, მაგრამ არაფერი ვკითხე. ჩვენში არ არის მიღებული, რომ ქალს შეეკითხო, თუ რატომ არის ავად. მეორე დღეს, ცოლმა მიამბო - სასიძოს დებმა ჩვენი შვილი გალანძღეს და ნიშნობის ბეჭდები მოსთხოვესო. ისიც გავიგე, რომ ბავშვს ტაბლეტები დაულევია... ჩემი ცოლის სიტყვები დავიჯერე და ყველაფერში ვენდე მას. მისი ნდობა რომ არ მქონოდა, ვერც ვიცხოვრებდი მასთან...
მაშინვე წავედი ტაგიევას სახლისკენ. ჩვენს ოჯახში მუქარა და გინება მიღებული არ არის და გამორიცხულია, მე ან შემეგინა, ან დავმუქრებოდი ვინმეს. ამ განზრახვით არც წავსულვარ იქ, მინდოდა, დავლაპარაკებოდი ოჯახის წევრებს და გამერკვია, რა მოხდა. ჩემი სახლიდან ტაგიევას სახლამდე 250-300 მეტრი იქნება. ფეხით გავიარე ეს მანძილი. იქ რომ მივედი, ყველას მივესალმე. სასიძოზე მითხრეს, შინ არ არისო. ტაგიევამ გინება დამიწყო, ისეთი სიტყვები მაკადრა, ახლა ვერ გავიმეორებ...
ამ ხნის კაცი ვარ და აქამდე, არავისთვის შემიგინებია, არც ჩემთვის მოუყენებიათ შეურაცხყოფა. ადამიანს პირდაპირ ვუყურებ თვალებში, უსინდისო საქციელი არასოდეს ჩამიდენია და არავისი არ შემრცხვება. ნ.ტაგივამ კი მთელი სოფლის თვალში ლაქა მომცხო და ისეთი შეურაცხყოფა მომაყენა, რომ ამის ატანა ვერ შევძელი. მისი სიტყვები - შენი ქალიშვილი ქალწული არ არის, სხვა მამაკაცებთან აქვს ინტიმური ურთიერთობა და ფეხმძიმედ არისო, - მახსოვს, მაგრამ ამის შემდეგ რა მოვიმოქმედე, ვერ ვიხსენებ. დანა, რომელიც ჯიბიდან ამომიღია, ყველა მაღაზიაში იყიდება. დასაკეცი იყო, ყოველთვის თან დავატარებდი და ყოველდღიური საჭიროებისთვის ვიყენებდი. არ მახსოვს, როგორ ან რამდენჯერ დავარტყი დანა. ამის შესახებ მერე სახლში ოჯახის წევრებმა მითხრეს...
დანის დასარტყმელად იქ არ მივსულვარ. სასიძოს მამის ტელეფონის გაგება მინდოდა. მსურდა, მასთან გამერკვია ყველაფერი, ქალთან რა უნდა მელაპარაკა?.. როგორც მამას, მინდოდა, გამეგო, ჩვენი ურთიერთობა როგორ გაგრძელდებოდა და რა შედეგები შეიძლებოდა მოჰყოლოდა ყოველივე ამას..."
დაზარალებულის ჩვენებიდან:
" 22 ივლისს, დაახლოებით ორის ოცი წუთი იქნებოდა, მე, ბებიაჩემი, ჩემი 6 წლის ქალიშვილი, ჩვენი მეზობელი და ახლო ნათესავი ერთად ვსადილობდით. ამ დროს მოვიდა აივაზოვი. სახლში შევიპატიჟე. ჩემი დაც იქვე იყო და ვუთხარი, ჩაი მოემზადებინა სტუმრისთვის. აივაზოვს ამ დროს, ხელები უკან ჰდქონდა შემოწყობილი და აქეთ-იქით იყურებოდა. ჩემი ძმა იკითხა. ვუპასუხე – გამოცდაზეა-მექთი. მაგიდასთან ახლოს ვიყავი, მაგიდას ვასუფთავებდი, რათა მისთვის ჩაი მიმერთმია. მან კი უშვერი სიტყვით მომმართა, რაზედაც ვუთხარი, მე მეტს გეტყვი-მეთქი. სწორედ მაშინ დამარტყა პირველად დანა მკერდზე. მესამე დარტყმაზე სისხლმა "ფანტანივით" ამოხეთქა. გავიქეცი, ის კი მომდევდა და თან იძახდა – სად არის შენი შვილიო?! ხმაურზე ოთახში ჩემი შვილი და და შემოვიდნენ. აივაზოვი ბავშვისკენ გაქანდა. ჩემმა დამ ეს რომ დაინახა, ბავშვი ხელში აიყვანა, შემდეგ კი ისროლა, რათა დანა არ მოხვედროდა. აივაზოვი შეუჩერებლივ იქნევდა დანას. შემდეგ თმით დამიჭირა და დანა სხეულში ჩამარტყა. ასე, დანის ჩარტყმა-ჩარტყმით კედლამდე მიმიყვანა. ჭრილობები კისერზეც მომაყენა, თან მეუბნებოდა - შენს მოკვლას ვაპირებ, თავი უნდა მოგჭრაო. ამ დროს, შემთხვევით, ჩემი ძმა და სიძე მოვიდნენ მანქანით. ამ ამბავს რომ შეესწრნენ, გაშეშდნენ. ჩემი ძმა გაოგნებული იდგა. ჩემმა სიძემ დაიძახა – რას ელოდებით, დაგვეხმარეთო!.. დაიჭირეს აივაზოვი, მაგრამ იგი მალე გათავისუფლდა, მივარდა მაგიდას, რომელზეც დიდი დანა იდო და ჩემს ძმას მოუღერა. ამჯერადაც გაადებინეს ხელიდან იარაღი... ნათესავებმა გადამარჩინეს, მაშინვე ექიმთან მიმიყვანეს. მარნეულის საავადმყოფოში მითხრეს, რომ ხელის ამპუტაცია იყო აუცილებელი, მაგრამ ერთი ქირურგის მეშვეობით მიხსნეს ამისგან და ხელი შემინარჩუნეს..."
დაზარალებულმა ტაგიევამ სასამართლოში სამოქალაქო სარჩელიც წარადგინა. მატერიალური ზარალის ასანაზღაურებლად, მოწინააღმდეგე მხარისგან ის 10.810 დოლარის გადახდას მოთხოვდა და აღნიშნავდა, რომ ამ თანხაში, მკურნალობის ხარჯიც - 9 000 დოლარი და იმ ნივთების ღირებულებაც შედიოდა, რომელიც მისმა ოჯახმა ნიშნობის დროს მიუტანა აივაზოვებს. რაც შეეხება მორალურ ზიანს, ამისთვის ტაგიევა აივაზოვისგან 50 000 დოლარს მოითხოვდა.
წინასწარი გამოძიების პროცესში, აივაზოვმა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ, არც სასამართლოში დაადასტურა პროკურატურის ბრალდება. მასზე სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზაც ჩატარდა, იმის გასარკვევად, იმყოფებოდა თუ არა ის დანაშაულის ჩადენის მომენტში, აფექტურ მდგომარეობაში. ესქპერტ-ფსიქოლოგმა ჩიგოგიძემ განსასჯელის ქმედებას ასეთი კომენტარი გაუკეთა:
"აივაზოვი რომ ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში იმყოფებოდა, ამაში, როგორც საქმის მასალების შესწავლისას, ასევე განსასჯელის პიროვნების გამოკვლევისას დავრწმუნდით. ის, რომ შვილისადმი, განსაკუთრებით ქალიშვილისადმი შეურაცხყოფის მიყენება ძალიან მძიმეა, მით უმეტეს, იმ ეთნიკურ, ვიწრო ჯგუფში, რომელსაც განსასჯელი მიეკუთვნება, ყველასათვის ნათელი უნდა იყოს. ასეთი მოტივი აფექტური მდგომარეობის წარმოსაქმნელად აბსოლუტურად საკმარისია. ჩვენ გამოვიკვლიეთ ასევე, ამ ადამიანის სოციალური განწყობა - ანუ მისი დამოკიდებულება გარემოსადმი და იმ ნორმებისადმი, რომელსაც მას გარემო უყენებს. ამ პიროვნებას ჰქონდა მოთხოვნილება, ცივილიზებული გზით მოეგვარებინა პრობლემა და ეს ლოგიკურიცაა. სახელის აღდგენა ისევ მშვიდობიანად სჯობია, ვიდრე აყალმაყალით. ის, რომ ქალბატონმა განმეორებით, ამჯერად უკვე თავის ოჯახში მიაყენა აივაზოვს შეურაცხყოფა და შვილის უწესო ცხოვრების შესახებ ბრალდებები გამოუცხადა, მოწმეების ჩვენებებითაც დადასტურებულია. განმეორებითი შეურაცხყოფა კი, ნამდვილად იწვევს აფექტურ რეაქციას. მართალია, აივაზოვმა დანით ქალბატონს 16 ჭრილობა მიაყენა, მაგრამ, როგორც ფსიქოლოგი, ვაცხადებ, რომ ამ ქმედებისთვის პროკურატურას განსაკუთრებული სისასტიკის კვალიფიკაცია არ უნდა მიენიჭებინა. ადამიანის ფსიქიკა რამდენიმე შრისგან შედგება - სამი ან, ზოგ შემთხვევაში, ოთხისგან. ერთი შრე გახლავთ არაცნობიერი, მეორე – ქვეცნობიერი, მესამე კი - ცნობიერი ან ზეცნობიერი. როცა ბალანსი ირღვევა ამ სამი შრის მოქმედებაში, მაშინ ყველაზე მეტად ზარალდება ქვეცნობიერი სფერო და ხდება ემოციის უკონტროლო ამოფრქვევა. 16 ჭრილობა სწორედ ემოციის უკონტროლობის და არა განსაკუთრებული სისასტიკის მაჩვენებელია. განზრახული რომ ჰქონოდა ტაგიევას მკვლელობა, იგი მას აცუილებლად შემოაკვდებოდა. ჭრილობები არ არის მაინცდამაინც ძლიერი. 16 კი არა, ერთი ჭრილობაც საკმარისია ადამიანის მოსაკლავდა. მით უმეტეს, გამწარებულ კაცს ქალის დაჭრა არ გაუჭირდებოდა ისე ძლიერად, რომ შემოჰკვდომოდა. თანაც, ადამიანი, რომელიც მიზანდასახულ დანაშაულს სჩადის, ცდილობს, გაეცალოს შემთხვევის ადგილს, აივაზოვს კი ასეთი მცდელობა არ ჰქონია, ის იქ იყო მანამ, სანამ არ წაიყვანეს სახლში. ამასთანავე, მეხსიერების ნაწილობრივი, ფრაგმენტული ამოვარდნა, ფიზიოლოგიური აფექტისთვის მართლაც არის დამახასიათებელი. თითოეულ ჩვენგანს ასე დაგვემართბეოდა. ქ-ნ ტაგიევასაც, მისი ქალიშვილისთვის რომ მსგავსი შეურაცხყოფა მიეყენებინათ, შესაძლოა, უარესიც ჩაედინა..."
მასალების გამოკვლევები, განსაკუთრებით კი ექსპერტ-ფსიქოლოგის ასეთი განმარტების შემდეგ, სასამართლო კოლეგიამ გამამართლებელი განაჩენის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, მაშინ, როცა პროკურატურა და დაზარალებული მხარე განსასჯელის უმკაცრესად დასჯას მოითხოვდნენ. განსასჯელი წარსულში ნასამართლევი არ გახლდათ, არც რაიმე მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში ყოფილა შემჩნეული. ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, კოლეგიამ გაითვალისწინა, თუმცა მას თავისუფლების აღკვეთა მაინც შეუფარდა. პროკურატურის მიერ მიყენებული მუხლი - 19, 109-ის "ვ" პუნქტი - კოლეგიამ 111-ე მუხლით (მკვლელობის მცდელობა ძლიერი უეცარი სულიერი აღელვების მდგომარეობაში) გადააკვალიფიცირა და კანონის შესაბამისად, სასჯელის ზომად, განსასჯელს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით. დაკმაყოფილდა აგრეთვე დაზარალებულის მოთხოვნა მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში. პროცესზე განსასჯელმა განაცხადა, რომ მზადაა, აანაზღაუროს მკურნალობისა და წამლების ხარჯები - 9 000 დოლარი და ასევე საქორწინო ბეჭდის ღირებულება – 150 დოლარი. სხვა ნაწილში სარჩელი ღიად დარჩა...
მეგი ცანავა
ჟურნალი "გზა"
#10, 10.03.2005