ერთი საუკუნე თითქოს არაფერია უსასრულო სამყაროსთვის, მაგრამ ადამიანისთვის გასავლელად ძალზე გრძელი გზაა. თამარ ხუციშვილი სადაცაა, 102 წლის გახდება. ჭაღარა, ნაოჭებისგან სახედაღარული ქალბატონი მხნედ გამოიყურება. ფრჩხილებზე - მანიკიური, სახეზე კი ფერ-უმარილი უსვია და სარკეში პრანჭვაც უყვარს. როგორც მისმა შვილმა, ქალბატონმა ციცინომ მითხრა, ორიოდე თვის წინ, სწორედ სარკეში ყურების დროს წაიქცა და ფეხი მოიტეხა. ქალბატონმა თამარმა საკმაოდ რთული ოპერაცია გადაიტანა, მაგრამ ახლა უკვე დადის. მართალია, დამოუკიდებლად სიარულს ჯერ ვერ ახერხებს, მაგრამ იმედი აქვს, რომ მალე დახმარება აღარ დასჭირდება. ამ შემთხვევამ იძულებული გახადა, თავის ბოლოდროინდელ გატაცებაზე უარი ეთქვა. კერძოდ, 75 წლის ასაკში ქარგვას მიჰყო ხელი და საკმაოდ კარგი ნამუშევრებიც შექმნა, რამდენჯერმე გამოფენაც მოაწყო... ახლა კი გული სწყდება, რომ ნემსს ვერ იმორჩილებს და საყვარელ საქმეს ვეღარ აკეთებს.
წარსულის შესახებ სვენებ-სვენებით მიყვება, რადგან ლაპარაკი ღლის... შიგადაშიგ, ყავას წრუპავს და დიდი ხნის წინ გარდაცვლილი მშობლებისა და ძმის გახსენებაზე თვალზე ცრემლი ადგება. თბილ, ტკბილ ქალბატონს არც ისე იოლი გზა აქვს გავლილი.
- მრცხვენია, რომ 101 წლის ვარ. 100 წლამდე ადამიანი როგორღაც მიაღწევს და მერე უკვე უკან-უკან მიდის; ოჯახის წევრებს აწუხებს თავისი არსებობით და ზედმეტ ტვირთად იქცევა. ყველაფერი მაინტერესებს, რაც ჩემ გარშემო ხდება. ოჯახში მეუბნებიან, - რა შენი საქმეა პოლიტიკაო, მაგრამ აბა, რა ვქნა? ამ ქვეყანაში მომხდარ ამბებზე ვარ დამოკიდებული და არ უნდა მაინტერესებდეს? რამდენი მთავრობა გამოვიცვალე, დრო, ომი, ასაკი... ახლა სულ ბოლოში ვარ გასული... რთული ცხოვრება გავიარე... ყვარლის რაიონში, ახალსოფელში დავიბადე. 7 წლის ვიყავი, დედა რომ გარდამეცვალა. მაშინ ჩემი და 3 წლის იყო, ძმა - უფრო პატარა. მაშინ, როცა სისტემა შეიცვალა და კომუნისტები მოვიდნენ, სოფელში პანიკა ატყდა, - კომუნისტები მოდიან, სიკვდილი მოაქვთო... ახალგაზრდა ქალებმა, ვინც ფეხმძიმედ იყვნენ, თქვეს, - შვილები რაღაზე გავაჩინოთ, მაინც თუ უნდა მოგვიკლანო და მუცლები მოიშალეს. მაშინ გინეკოლოგთან ვინ დადიოდა? სახლებში, თავისით იკეთებდნენ აბორტს ან ექიმბაშთან მიდიოდნენ. დედა სწორედ ამ მუცელს გადაჰყვა. ბავშვები კიბეზე ვისხედით. დედაც იქ იყო, როცა ზარბაზანმა იგრიალა. ძალიან შემეშინდა და თავი დედის კალთაში ჩავრგე... თქვეს, - კომუნისტები მოსულანო. მართლაც, მეორე დღეს სოფელში ჯარისკაცებმა გამოიარეს, "პოვოზკებით" მოდიოდნენ, უკან კი სურსათით სავსე, "ბუხანკა" პურებით დატვირთული ურმები მოჰყვებოდათ... ახლაც მახსოვს იმ პურის გემო. დავრჩით ობლები, მამის იმედად. მე უფროსი ვიყავი და ვცდილობდი, პატარების მოვლაში დავხმარებოდი, მაგრამ თავად მოსავლელი ვიყავი და განა, რა უნდა მომეხერხებინა? მამას ურჩიეს, ცოლი მოეყვანა, - ობლებს მიგიხედავსო. შეცდა მამაჩემი და დაქორწინდა მეორედ. ზღაპრებში რომ ბოროტი დედინაცვლები არიან, სწორედ ისეთი აღმოჩნდა მისი მეორე ცოლი. გვამწარებდა, სისხლს გვიშრობდა... მის ხელში სიცოცხლე გვქონდა მობეზრებული.
- მაშინ ყველას უჭირდა და ალბათ თქვენც არ იქნებოდით გამონაკლისი.
- მამაჩემი ცნობილი მეფუტკრე გახლდათ და ასე თუ ისე, თავი გაგვქონდა. მახსოვს, III-IV კლასში ვიქნებოდი, როცა სკოლაში მოიტანეს ერთი წყვილი "ბოტი". მასწავლებლებმა არ იცოდნენ, ვისთვის მიეცათ. ყველა ბავშვი ფეხშიშველი იყო. ძალიან მინდოდა, ისეთი "ბოტები" მქონოდა, მაგრამ მე ხომ ვერ გამომარჩევდნენ? შემდეგ მასწავლებელმა მოიფიქრა, - კენჭი ვყაროთო. ყველას სახელები ქაღალდებზე დაწერა და ქუდში ჩაყარა. მერე ერთი ბავშვი გამოიძახა და უთხრა, ქაღალდი ამოეღო. "ბოტები" მე შემხვდა. თამარ ხუციშვილიო, - რომ წაიკითხა, სიხარულით ლამის მუხლები მომეკვეთა, მაგრამ დიდმა ბიჭებმა გააპროტესტეს: - ჩაწყობილიაო და ატყდა ერთი ამბავი, - ხელახლა უნდა ჩავატაროთ კენჭისყრაო. ცოტა კი შევეწინააღმდეგე, რადგან არ მეთმობოდა, მაგრამ არაფერი გამომივიდა. ისევ ხელახლა ჩაყარეს ქაღალდები ქუდში და სწორედ იმ ბიჭს დაავალეს ამოღება, რომელიც ყველაზე მეტს ყვიროდა... მეორედაც მე აღმოვჩნდი ის იღბლიანი, ვისაც პრიალა "ბოტები" ერგო.
- წეღან ახსენეთ, ქალაქში ვსწავლობდიო...
- მე და პაატა ბურჭულაძის დედა ბიძაშვილ-მამიდაშვილები ვართ. სწორედ მისმა ბებიამ ანუ მამიდაჩემმა, VII კლასიდან თბილისში წამომიყვანა, რადგან დედინაცვალმა სახლიდან გამომაგდო. ერთი წელი მამიდასთან ვიცხოვრე, მერე მათ ზესტაფონიდან ბევრი ნათესავი ჩამოუვიდათ და ადგილი აღარ ჰქონდათ. იქიდან წამოვედი და ხან ერთ ნათესავთან ვაფარებდი თავს, ხან - მეორესთან. ძალიან კარგი მოსწავლე ვიყავი. სოფლიდან რომ ჩამოვედი, წესიერად წერა-კითხვაც არ ვიცოდი, მაგრამ აქ მოვიწადინე და პროგრამა მთლიანად დავძლიე. ისეთი ძლიერი ბავშვი ვიყავი, ყველა ჩემზე ლაპარაკობდა... ქალაქის დეპუტატიც კი გავხდი, მოსწავლეობის დროს. მანდატიც მქონდა და ახლანდელი გამგეობის შენობაში ჩატარებულ ყრილობასაც ვესწრებოდი. ამ მანდატით ქალაქის ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობის უფლებაც მქონდა. მაშინ უცხოეთში გაპარვა იყო "მოდაში". ახალგაზრდების ჯგუფი შეიქმნა, რომლებიც წასვლას აპირებდნენ. მათ შორის იყო დათა ყიფიანი - ახალგაზრდა ბიჭი, ჩემი მასწავლებლის ძმა, რომელსაც ძალიან ვუყვარდი და სწორედ მან შემომთავაზა, - წამოდიო. თავიდან დავთანხმდი, მაგრამ მერე დავფიქრდი, - ენა არ ვიცოდი და გზა-კვალი, არც ფული მქონდა და რა უნდა გამეკეთებინა საზღვარგარეთ? ბოლო მომენტში გადავიფიქრე. ისინი წავიდნენ. ზოგი ახალციხიდან გადავიდა საზღვარზე, ზოგი - ტაშკენტში ჩავიდა და იქიდან წავიდა. მას მერე მათზე არაფერი მსმენია.
- ოჯახი ძალიან ახალგაზრდამ შექმენით, ხომ?
- ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავი, როცა ჩემს დედინაცვალსა და მამას მოულაპარაკიათ, რომ გათხოვების დრო მქონდა. ჩამომაკითხეს თბილისში და სოფელში წამიყვანეს. არც უთქვამთ ჩემთვის, რომ ჩემს სანახავად და სათხოვნელად ვინმე უნდა მოსულიყო. თურმე, ჩვენს ერთ ნათესავს თბილისელი ოჯახისთვის უთქვამს, - კახეთში ერთი ობოლი გოგო ცხოვრობს, ძალიან ჭკვიანი და მშრომელია. ობლობით თუ არ დაიწუნებთ, სხვა დასაწუნი არაფერი აქვსო. იმ ოჯახს სამი ბიჭი ჰყავდა. შუათანა წამოიყვანეს ჩემთვის გასარიგებლად. საღამოს მოვიდნენ ქალი და ახალგაზრდა, ძალიან ლამაზი ბიჭი, შავი, გრუზა ქოჩრით. დასხდნენ, ისაუბრეს... მე ამ დროს გაკვეთილებს ვამზადებდი. ძალიან მოვეწონე სადედამთილოსაც და საქმროსაც. თქვეს, - დღესვე წავიყვანთო, მაგრამ მერე რატომღაც გადაიფიქრეს და ჩემი წაყვანა გადადეს. თბილისში რომ დაბრუნებულან, უფროს ძმას უთქვამს, - ყველაზე დიდი მე ვარ, ჯერ ჩემი რიგია, რომ დავოჯახდე. ეგ გოგო ჩემი ბედია, მე უნდა მოვიყვანოო. ჰოდა, ადგნენ და უფროს შვილს მიმგვარეს ცოლად. ასე შევქმენი ოჯახი. მაშინ ისიც კი არ ვიცოდი, რომ ქალი თუ გათხოვდებოდა, შვილი უჩნდებოდა. ქმარი არ მიყვარდა და ვერც შევიყვარე... ბოლოს შემიყვარდა, სიბერეში. ძალიან კარგი ადამიანი იყო, საუკეთესო მეუღლე და მამა. ოჯახს თან ჰყვებოდა. მისგან წყენა არ მახსოვს. ერთადერთი შემთხვევა მახსენდება, როცა ნაწყენი დავრჩი: თურმე, საყვარელი ჰყოლია და ამ ქალმა სახლში მომაკითხა, - ან შენ იქნები ამ სახლში, ან - მეო. გადავირიე, ჩემს ოჯახში შენ რა გინდა-მეთქი? შელაპარაკება მოგვივიდა და ერთმანეთი "დავქოჩრეთ" კიდეც. მერე ჩემმა ქმარმა უთხრა, - ხომ მიგატოვე და თავს რატომ არ მანებებ, რა გინდაო? სახლიდან გააგდო და იმის მერე აღარ მოსულა.
- 1937 წლის რეპრესიები თქვენს ოჯახსაც შეეხო?
- მაშინ ისეთი ამბები დატრიალდა, დღემდე კოშმარივით მახსენდება. უამრავი ადამიანი დაიჭირეს, ზოგი გადაასახლეს, ზოგი - დახვრიტეს. ერთი მეზობლის ბიჭი იყო, რომელსაც მამა და ძმები დაუხვრიტეს. ერთ საღამოს ჩემთან მოვიდა და ქაღალდზე დამაწერინა: - "ძირს კომუნისტები!" მერე ღობეზე გააკრა. იმავე ღამეს მიაკითხეს და დედის კალთაში, წამებით ამოხადეს სული. მამაჩემიც "შავ სიაში" ყოფილა და ამის გამო მე და ჩემი და სკოლიდან გამოგვყარეს, მაგრამ მამა როგორღაც გადარჩა... მერე ცოტა ჩაწყნარდა სიტუაცია. რამდენიმე წელში კი მეორე მსოფლიო ომი დაიწყო. ჩემმა ძმამ სწორედ იმ წელს დაამთავრა სწავლა და ომში მოხალისედ წავიდა. სატანკო ნაწილში მოხვდა. რამდენიმე ხნის მერე სტალინის მიმართვა გავრცელდა, - ვისაც რით შეგიძლიათ, ფრონტს შეეწიეთო. რაიკომის მდივანმა მამას უთხრა, - შენ არაფერს გაიღებ სამშობლოსთვისო? მამამ რაღაცები გაყიდა, ფული მოაგროვა, ტანკი იყიდა და შვილს ფრონტზე გაუგზავნა. რაიკომის მდივანმა უთხრა, - რადგან ამდენი გაიღე, რაც გინდა, მთხოვეო. მამამ უთხრა, - შვილი მაჩვენეთ, 2 კვირით, სხვა არაფერი მინდა თქვენგანო. მამა საავადმყოფოში დააწვინეს, ვითომ მძიმედ იყო ავად და ფრონტზე დეპეშა აფრინეს. ჩემი ძმა წამოსვლას აპირებდა მამის სანახავად. იმ ღამით მათი ნაწილი დაბომბეს და ჩემი ძმა მამის ნაყიდ ტანკში დაიღუპა. ჩემი დაც ადრე გარდაიცვალა და 3 შვილიდან მხოლოდ მე დავრჩი.
- თქვენი მეუღლეც იყო ომში?
- არა, ჩემი ქმარი შემთხვევით გადარჩა. ის ვეტერინარი გახლდათ. კომისარიატში რომ გამოიძახეს, მაშინ ხელი ჰქონდა დაზიანებული - რაღაცაზე გაიჭრა. უკან დააბრუნეს ამის გამო, - ხელი მოგირჩეს და მერე წაგიყვანთო. მისი ორივე ძმა ფრონტზე იყო, შვილები კი აქ ჰყავდათ და იმათაც მოვლა-პატრონობა სჭირდებოდათ. კარის მეზობელი გვყავდა მრეწველობის მინისტრი. იმან უთხრა, ჩემთან დაგაწყებინებ მუშაობას და ჯარიდანაც დაგტოვებო. მართლაც, თავის მძღოლად დააწყებინა მუშაობა და ომში წასვლას გადაარჩინა. ჩემი ორივე მაზლი ცოცხალი დაბრუნდა, შვილებიც მოვლილი დახვდათ და ოჯახებიც.
- ქარგვა როდის დაიწყეთ?
- უკვე 75 წლის ვიქნებოდი ალბათ. შვილები დაბინავებული მყავდა, საზრუნავი არაფერი მქონდა და მომინდა, რაღაც გამეკეთებინა. სიზმარში ეკლესია და თამარ მეფე ვნახე, ნანახის ქსოვილზე გადატანა მომინდა. არანაირი ხელსაწყო არ მქონდა საქარგავად. გავიკითხე, სად რა შეიძლებოდა შემეძინა და იოლად მივაგენი. აღმოვაჩინე, რომ თურმე ოქროსფერი ძაფიც კი იშოვება... პირველი ნამუშევარი ისე სწრაფად დავასრულე, როგორც მოშივებული ადამიანი გადასანსლავს საჭმელს. იმის შემდეგ ვქარგავდი, უამრავი ნამუშევარი დამიგროვდა, ყვარელში გამოფენაც კი მომიწყვეს. ცოტა ხნის წინ ფეხი მოვიტეხე და ამან შემიშალა ხელი, რომ ისევ ვქარგო, თუმცა უკვე ხელებიც არ მემორჩილება...
- თქვენი ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო რა არის?
- 2 შვილი მყავს, ქალ-ვაჟი. ესენი არიან ჩემი ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლო. მივლიან, ცივ ნიავს არ მაკარებენ. ოღონდ რამე წამომცდეს, ოღონდ რამე მოვითხოვო და ყველაფერს უმალ გააჩენენ. ჩემი შვილი საკმაოდ ჭარმაგია, 75 წლისაა უკვე და ლამის თვითონ არის მოსავლელი. ამიტომ შვილიშვილი მივლის. ყოველ დილით მაბანავებს, "მაპრიალებს", ფრჩხილებს "მიკეთებს"... მისი ქმარი კი მეუბნება, - შენი სიცოცხლის გასაღები მე მაქვს და სიკვდილს ვუმალავ, არ ვაძლევო... იმას ვდარდობ, რომ ამათ ვაწუხებ, თორემ მე სიცოცხლე კიდევ მინდა...
მარი ჯაფარიძე
(გამოდის ხუთშაბათობით)