"მობილიზებული ვარ, ცოტას ვღელავ, მაგრამ შემოქმედებითი ჯგუფი "შინ" მეხმარება, რომ ამ ემოციებმა საქმე არ გამიფუჭოს. 27 აპრილს დანიაში მივემგზავრებით, ამიტომ ყველანაირად მომართულები ვართ, რომ ნამუშევარი უმაღლესი ხარისხით წარვადგინოთ", - ამბობს მომღერალი მარიკო ებრალიძე, რომელიც ცოტა ხანში "ევროვიზია 2014"-ზე საქართველოს წარმოადგენს.
"ამბები.გე" მარიკოს დანიაში გამგზავრებამდე ესაუბრა.
- როგორ მოგწონს კომპოზიცია, რომელსაც ერთად ასრულებთ? და რას იტყვი, მოგწონს ჯგუფთან "შინ" თანამშრომლობა?
- თავიდან ვღელავდი, მამის ტოლი ადამიანები არიან და მეგონა, მათთან ურთიერთობის აწყობა გამიჭირდებოდა, მაგრამ უდიდესი სიამოვნებაა, როდესაც საქმე გაქვს და თანამშრომლობ პროფესიონალებთან. ეს ყველანაირ ასაკობრივ სხვაობას, დაძაბულობას, სირთულეს ხსნის. დამერწმუნეთ, ჩემზე უკეთ იციან ხუმრობა, გართობა, ახალგაზრდობას აფასებენ და მათთან კონტაქტი ყველანაირად მიადვილდება. რაც შეეხება სიმღერას, მიმაჩნია და "ევროვიზიის" პრესსამსახურიც აღიარებს, რომ ამ კონკურსის ისტორიაში ერთ-ერთი განსხვავებული ჟანრის, ფორმის, რითმიკის კომპოზიციაა... მიხარია, რომ წელს "შინთან" ერთად, "ევროვიზიაზე" საქართველოს წარვადგენ. თან, ისეთი სიმღერით, რომელსაც აღიარებენ, რომ არის განსხვავებული და ღირებული მუსიკა....
- როდესაც შეიტყვე, რომ ამ კონკურსზე "შინთან" ერთად უნდა გემღერა, როგორი რეაქცია გქონდა?
- ყოველთვის მათი შემოქმედების თაყვანისმცემელი ვიყავი. ისინი ხარისხიან მუსიკას ქმნიან. იღვწიან იმისთვის, რომ აკეთონ მუსიკა და აკეთებენ საქართველოსთვის. დიახ, 20 წლის მანძილზე ევროპასა და მსოფლიოს ქართულ მელოდიას, რიტმს აცნობენ. ასე რომ, ეს არის დასაფასებილი რამ და მათ სახელს ყოველთვის მოწიწიებით, რიდით ვეხებოდი. როდესაც გავიგე, რომ "ევროვიზიაზე" მათთან ერთად მივდიოდი (ყველაფერი მოულოდნელად "დამატყდა" თავს), რა თქმა უნდა, გამიხარდა. ამასთან, დიდი პასუხისმგებლობაა. უნდა ვიმღერო და საქართველო წარვადგინო იმ ჯგუფთან ერთად, რომელსაც ევროპაში იცნობენ. მოკლედ, ამ განცდებმა უკვე გადამიარა და მივხვდი, რომ ძლიერი მუსიკოსების ხელში აღმოვჩნდი...
- უბრალოდ გაგიმართლა...
- ნამდვილად. მიმაჩნია, რომ ეს შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვა... ამასთან, მუსიკალურად მათგან დიდ ინფორმაციას მივიღებ და შემოქმედებითად ძალიან გავიზრდები, რაც კიდევ ერთხელ დამეხმარება ჩემი შემოქმედების წინ წაწევაში...
- ამ კონკურსზე მოხვედრას ბევრი მომღერალი ცდილობს, ოდესმე თუ გქონდა ამის მცდელობა?
- სამწუხაროდ, ამის ამბიცია და სურვილი არ მქონია, თუმცა როდესაც ეს კონკურსი ტელევიზიით მინახავს, მიფიქრია, რომ კარგი იქნება, ოდესმე თუ ამ სცენაზე მოვხდები-მეთქი. ამ დროს ისე მოხდა, რომ ისეთმა ადამიანებმა ამირჩიეს, რომელთა აზრიც მნიშვნელოვანია. ეს ჩემთვის მეტად სასიხარულოა.
- როგორც ვიცი, სიმღერას ინტერნეტის საშუალებით ამუშავებდით, რადგანაც ჯგუფი ევროპაში მოღვაწეობს და მხოლოდ ახლა ჩამოვიდნენ თბილისში, მაგრამ ამას ხარისხისთვის ხელი არ შეუშლია...
- კი, ასე მოხდა, ეს იძულება იყო, თუმცა "შინ" ახლა აქ არის, მისი წევრები ჩამოვიდნენ და საინტერესო ეტაპს, რეპეტიციას გავდივართ, რომელსაც ამდენი ხანი ველოდი...
- როგორც ბატონმა ზაზა მიმინოშვილმა ჩემთან ინტერვიუში თქვა, შემდეგ წელს "ევროვიზიის" კონკურსი საქართველოში ჩატარდებაო. შენ რას იტყვი?
- ჩვენი აზრები ემთხვევა... ეს არის ჩვენი კეთილი ნება და დიდი სურვილი, რომ მომავალ წელს, საიუბილეო, მესამოცე "ევროვიზია" საქართველოში გაიმართოს. რატომაც არა. ერთხელ ხომ შეიძლება ასეთი რამ მოხდეს? თან, ყველას მოსწონს ჩვენი სიმღერა, რაც სურვილსა და სტიმულს გვმატებს... 7 წლის მანძილზე, ამ კონკურსზე, ქართველებმა ყველანაირი ფორმატის მუსიკა წარვადგინეთ. ახლა კი იმის ჯერი დადგა, ქართული მუსიკა გავაჟღეროთ, თუმცა სოფო ხალვაშს თავის ნომერში ქართული ელემენტები ჰქონდა. მოკლედ, ვეცდებით, "ევროვიზია" ჩვენსკენ გადმოვიბიროთ... ემიგრაციამაც უნდა იაქტიუროს... თუ უნდათ, რომ ქართველებმა გაიმარჯვონ, უნდა დაგვიმესიჯონ.
ლალი ფაცია
სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის