ქართველი ლესბოსელების ცხოვრება 10 წლის წინ - "ჩვენი ცოდვის გამო ვაგებთ პასუხს და "რიგს" არავის დავუთმობთ..."

ქართველი ლესბოსელების ცხოვრება 10 წლის წინ - "ჩვენი ცოდვის გამო ვაგებთ პასუხს და "რიგს" არავის დავუთმობთ..."

ამას წინათ ასეთი "მესიჯი" მივიღე: "მარი, გთხოვ, "გზავნილების თემად ლესბოსელები "გაუშვი". ვიტანჯები, საშველს ვერსად ვხედავ".

გოგონას ინტერვიუზე შევუთანხმდი. ის თავის მეგობართან, ანასთან ერთად მოვიდა. ნანა 28 წლის გახლავთ, მისი მეგობარი კი 16-ის და ის ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეა...

ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტეთ, მკითხველის სამსჯავროზე გამოგვეტანა ეს ამბავი. პრობლემის მიჩქმალვით მისი გადაჭრა შეუძლებელია და რაკი, სამწუხაროდ, ეს პრობლემა ჩვენშიც არსებობს, ჯობია ვიმსჯელოთ და რამდენადაც შესაძლებელია, მის გადასაჭრელად სათანადო აქტიურობა გამოვიჩინოთ.

- ნანა, პირველად როდის მიხვდი, რომ ქალი გაინტერესებდა?

- საერთოდ, ბავშვობიდან ქალაბიჭა ვიყავი. სულ მანქანებით ვერთობოდი და 16 წლამდე, ფეხბურთს ვთამაშობდი. ათი წლის ვიყავი, როდესაც მივხვდი, რომ ჩემი მეგობარი გოგონა მიყვარდა. რაც თავი მახსოვს, სულ გოგონები მომწონს.

- მამაკაცი არასოდეს გყვარებია?

- არა. მამაკაცის სიყვარული არ შემიძლია, უფრო მეტიც - მეზიზღებიან და მეჯავრებიან...

- გარეგნობით ჩვეულებრივი ქალი ხარ...

- კი, გარეგნობით ნამდვილად ასეა, მაგრამ შინაგანად მამაკაცი ვარ. ერთადერთი ის ვიცი, რომ ქალი მიყვარს.

- რამდენი წლის იყავი, როდესაც ქალთან ფიზიკური კონტაქტი დაამყარე?

- 19-ის. ის გოგონა ჩემი მეზობელი იყო. ვუთხარი - მიყვარხარ-მეთქი, - და უარი არ უთქვამს.

- ანა როგორ გაიცანი?

- ჩვენ საერთო ახლობელი გვყავს. ერთმანეთი ტელეფონით გავიცანით. გარეგნობით არც კი ვიცოდი, როგორი იყო, მაგრამ ერთმანეთი მანამდე შეგვიყვარდა, სანამ შევხვდებოდით...

- ანა, ნანა რომ ასე ხშირად გირეკავდა, არ გიკვირდა?

- მე იმ პერიოდში შეყვარებული მყავდა. კარგი ბიჭი იყო. ნანა როგორ შემიყვარდა, ახლაც არ ვიცი... ტელეფონით სიყვარულზე არ ვლაპარაკობდით. ძირითადად, ისეთ თემებზე ვსაუბრობდით, რომელიც ორივეს გვაინტერესებდა. შემდეგ მითხრა, შეყვარებული მყავსო. ისე ვიეჭვიანე, კინაღამ გავგიჟდი... აღმოჩნდა, რომ გამოსაცდელად მითხრა. როდესაც დავრწმუნდი ჩემს გრძნობებში, თავზარდაცემულმა მეგობარს მივმართე საშველად, მეგონა, დამეხმარებოდა. მან კი ზურგი მაქცია, თანაც - ქვეყანას მოსდო ჩემი ამბავი. დეპრესიაში ჩავვარდი. რამდერჯერმე თავის მოკვლაც ვცადე, ვენები გადავიჭერი, მაგრამ გადამარჩინეს...

- მშობლები არ დაინტერესდნენ, რატომ იქცეოდი ასე?

- დედაჩემი საზღვარგარეთაა სამუშაოდ წასული, მამას არ უკითხავს... შემდეგ ეკლესიაში მოძღვარს ვესაუბრე და ჩემი გასაჭირი ავუხსენი. მითხრა – ეს ეშმაკისეული სიყვარულია და განაგდე სატანა შენგანო. ვცადე, მაგრამ ვერაფერი გავაწყვე. მივედი მეორედ და ვუთხარი - არაფერი გამომდის-მეთქი. იმის შემდეგ აღარ მივსულვარ. ვფიქრობ, რომ ეშმაკს სიყვარული არ შეუძლია. ეს გრძნობა საიდან მოვიდა, ახლაც არ ვიცი...

- შენმა მშობლებმა რომ შეიტყონ შენი და ნანას სიყვარულის შესახებ, რას იტყვიან?

- მე ისეთი მშობლები მყავს, რომ ყველაფერს მიგებენ. შვილი ვარ და ვალდებულნი არიან, ამ საკითხშიც გამიგონ. შესაძლოა, არ მოეწონოთ, მაგრამ ხელს არ მკრავენ...

ნანა:

- მე ვერ გამიგებენ. ეს რომ ჩემი ოჯახის წევრებმა შეიტყონ, ერთ წუთსაც არ მაცოცხლებენ... ჩემმა ოჯახმა რომ იცოდეს, ქალები მომწონს, საზოგადოებას არ დავემალებოდი და ჩვენი ურთიერთობის აფიშირებას არ მოვერიდებოდი... ერთმანეთს ერთ-ერთ კაფეში ვვხდებით. იქ არ ვმალავთ ჩვენს ურთიერთობას, ვეფერები, ვკოცნი ყველას თანდასწრებით. მომსახურე პერსონალი ამას ჩვეულებრივად აღიქვამს.

- ნანა, ფიზიოლოგიურად ქალი ხარ?

- დიახ, სრულყოფილი ქალი გახლავართ და არაფრით განვსხვავდები თითოეული თქვენგანისგან.

- მატერიალური შესაძლებლობა რომ გქონდეს, სქესს შეიცვლიდი?

- არა, არასოდეს გადავიქცევი მამაკაცად. ჩემს ახლანდელ მდგომარეობას ტანჯვა მოაქვს, მაგრამ გარეგნულად არასოდეს შევიცვლები.

- შენმა მეგობრებმა თუ იციან ამის შესახებ?

- დიახ, უმეტესობამ იცის და ანას მეგობრებისგან განსხვავებით, გაგებით ეკიდებიან. თქვენ გგონიათ, მე ეს მინდა? ყველაფერი რაღაცნაირად, შიგნიდან მოდის და მე უძლური ვარ ამის წინაშე.

- ოჯახის წევრები გათხოვებას არ გაძალებენ?

- არა, არავინ მელაპარაკება ამის შესახებ. ვფიქრობ, ისინი ხვდებიან კიდეც, მაგრამ არაფერს მეკითხებიან. შეუძლებელია ვერ შენიშნო, რადგან მე ქალებთან ისე ვიქცევი, როგორც მამაკაცი...

- ანა, შენ თუ აღიქვამ ნანას მამაკაცად?

- არა, ვერ აღვიქვამ.

ნანა:

- თქვი, რომ აღმიქვამ, თქვი!..

ანა:

- არა, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენ, რომ ის მამაკაცია. ერთს კი ვიტყვი - სხვა ქალს ვერასოდეს დავაყენებ მის ადგილზე. შესაძლოა, მამაკაცი მომეწონოს, ქუჩაში თვალიც კი გავაყოლო და მისით აღვფრთოვანდე, მაგრამ ქალს ვერასოდეს შევხედავ ასე...

- შენ მხოლოდ 16 წლის ხარ. იქნებ, მამაკაცთან ურთიერთობა ვერ გარისკე, რადგან, როგორც ამბობ, ქალწული ხარ და სწორედ ამიტომ გადაწყვიტე ქალთან ურთიერთობა?

- არა, გამორიცხულია. მე შეყვარებული მყავდა. ის მომფერებია, უკოცნია კიდეც, მაგრამ... არა, ეგ არაფერ შუაშია.

- ნანა, შენც ისევე ეჭვიანობ, როგორც მამაკაცი?

- რა თქმა უნდა. კიდევ უარესად. სულ 5 ქალი მყავდა. ერთ-ერთმა მიმატოვა და კაცთან წავიდა. ძალზე განვიცადე, თავის მოკვლაც კი ვცადე. დედამ გადამარჩინა – თოკიდან ჩამომხსნა... ერთ-ერთი ჩემი ქალი ჩემივე ნათესავმა მოიყვანა ცოლად. იმ ბიჭმა იცოდა, რომ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდა; მოვიდოდა, მომეხვეოდა და თვალცრემლიანი მეტყოდა ხოლმე – ვიცი, რომ გიყვარს მაგრამ მეც მიყვარს და ცოლად უნდა მოვიყვანოო... რას ვზამდი? ახლა, ანამაც რომ მიმატოვოს, თავს არ ვიცოცხლებ, ამას ვერ გადავიტან...

- როგორ იქცევი ხოლმე მაშინ, როდესაც მამაკაცი ცდილობს შენს "შებმას"?

- არავითარ შემთხვევაში არ მოვუსმენ. მე მამაკაცისადმი ლტოლვა არ გამაჩნია. სწორედ ამიტომ, უხეშად ვიცილებ ხოლმე თავიდან.

- არასოდეს გიფიქრია, რომ შვილი გყავდეს?

- არა. არ მინდა! არავითარ შემთხვევაში! შეიძლება, მე დამემსგავსოს და მთელი ცხოვრება იტანჯოს... არა, ამას არ დავუშვებ და საერთოდ, სურვილიც ცარ მაქვს.

ანა:

- მე კი, შვილი მინდა. ოდესმე, ალბათ გავთხოვდები...

ნანა:

- და... მიმატოვებ? გაგიჟდი? არა, ამას არ დავუშვებ. შვილი გააჩინე და ჩემთან იყავი... არა, ვერც იმას ავიტან, კაცის გვერდით რომ დაგინახო...

- როგორ ხედავთ თქვენს მომავალს?

ანა:

- გაურკვეველია, არ ვიცი...

ნანა:

- ვიცხოვრებთ ასე და გვეყვარება ერთმანეთი... ბოლოს, მინდა საზოგადოებას მივმართო: ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით. ჩვენ ჩვენი ცოდვის გამო ვაგებთ პასუხს და "რიგს" არავის დაუთმობთ...

მარი ჯაფარიძე

ჟურნალი "გზა"

#6 5.02.2004

"ველით, როდის დადებთ ფოტოს, სადაც მოდელები საპირფარეშოთი სარგებლობენ" - ფოტო, რომლის გამოც Mercedes-Benz Fashion Week სკანდალში გაეხვა

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა და საქართველოს რაგბის კავშირმა, საუნივერსიტეტო რაგბის ტრადიციების აღორძინების მიზნით, მემორანდუმი გააფორმეს

15 მაისს ყველაზე მუსიკალური მეგა პროექტის "ვოისის" ფინალი შედგება