კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია კაზრეთში კომპანია RMG-ს ტერიტორიაზე იმყოფება და საპროტესტო აქციის ოთხ მონაწილესთან ჟურნალისტების გარეშე შეხვედრას ითხოვს. აღნიშნული თხოვნა მინისტრმა აქციის მონაწილეებს პოლიციის უფროსის მეშვეობით გადასცა.
საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრებს შორის აღნიშნულმა შეთავაზებამ დაპირისპირება გამოიწვია. ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი და კიდევ სამი პირი აღნიშნულ შეთავაზებაზე თანხმდებოდა, თუმცა, დანაჩენმა წევრებმა აღნიშნეს, რომ ჟურნალისტების გარეშე მინისტრთან შეხვედრას არ აპირებენ. ისინი ითხოვენ, გურამ ოდიშარია იმ ადგილას მივიდეს, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს და კომიტეტის წევრებს ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად კარვები აქვთ გაშლილი.
საბოლოოდ, საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრებმა გადაწყვიტეს, რომ მოითათბირონ და საერთო გადაწყვეტილება მიიღონ, შეხვდება თუ არა კომიტეტის ოთხი წევრი მინისტრს. ამ წუთებში კომიტეტის წევრები სათათბიროდ არიან შეკრებილი.