11 საშიში ინფექციური დაავადება, რომლისგანაც უნდა დაიცვათ თქვენი ბავშვი - საქართველოში იმუნიზაციის კვირეული ჩატარდება

11 საშიში ინფექციური დაავადება, რომლისგანაც უნდა დაიცვათ თქვენი ბავშვი - საქართველოში იმუნიზაციის კვირეული ჩატარდება

საქართველოში ერთი კვირის განმავლობაში ჩატარდება ევროპის იმუნიზაციის კვირეული სახელწოდებით - "აცერი და დაიცავი".

კვირეულთან დაკავშირებით დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში შეხვედრა გაიმართა. როგორც შეხვედრაზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მარინა ჯაშმა განაცხადა, დღეს საქართველო უერთდება ევროპის 53 ქვეყანას, სადაც ტარდება ევროპის იმუნიზაციის კვირეული. კვირეულის მიზანია, საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენოს იმუნიზაციის მნიშვნელობა და შეიცავს მოწოდებას მშობლებისა და სამედიცინო პერსონალისათვის, დროულად და სრულყოფილად მოახდინონ იმუნიზაციის კალენდრით გათვალისწინებული აცრები 14 წლამდე ასაკის ბავშვებში.

მარინა ჯაშმა აღნიშნა, რომ გასულ წელთან შედარებით ქვეყანაში 6%-ით გაუმჯობესდა იმ პირთა რაოდენობა, ვისაც იმუნიზაცია ჩაუტარდა. დღეისთვის სახელმწიფო იმუნიზაციას 11 ინფექციური დაავადების წინააღმდეგ ახორციელებს. ჯაშის თქმით, სასურველია, რომ ამ 11 საშიშ ინფექციურ დაავადებაზე 95%-იანი მოცვა იყოს.

თავის მხრივ, შეხვედრაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ამისთვის პირველ რიგში მშობლებმა უნდა გადახედონ ბავშვის კალენდარს და შეამოწმონ, აქვს თუ არა ბავშვს 11 საშიშ ინფექციაზე გაკეთებული 17 აცრა. ამით ბავშვი სრულად იქნება დაცული ამ საშიში დაავადებებისაგან.

ამირან გამყრელიძის თქმით, სახელმწიფო ვაქცინაციის პროცესზე წლიურად 6-7 მლნ ლარს ხარჯავს. ამდენად, 11 საშიშ დაავადებაზე იმუნიზაცია უფასოა და ვაქცინაციაც საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ რეკომენდირებული ხარისხიანი ვაქცინებით ხდება.

მისივე განმარტებით, კერძო კომპანიების მიერ შემოტანილი ვაქცინებიც იგივე მწარმოებლების მიერ არის წარმოებული, როგორც სახელმწიფოს მიერ შეძენილი ვაქცინებია.

გამყრელიძემ ხაზი გაუსვა, რომ წელს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ორ ინფექციას, კერძოდ, წითელასა და პოლიომიელიტს, რათა ამ დაავადებების გავრცელების რისკი საბოლოოდ შემცირდეს.

შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ აცრების ეროვნულ კალენდარს წელს მე-12 აცრა დაემატა. კერძოდ, პნევმოკოკური ინფექციის გამოწვევის საწინააღმდეგო, რაც ბავშვებს ფილტვების ანთების დაავადებისაგან დაიცავს. გასულ წელს კი დაინერგა რიტავირუსული ინფექციის წინააღმდეგ მიმართული ვაქცინა, რომელიც ბავშვებში დიარეული დაავადებების შემთხვევებს ამცირებს.

ღონისძიების დასასრულს, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა იმუნიზაციის თემის გაშუქებით დაინტერესებული მედიასაშუალებები, ასევე მხარდამჭერი საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები დააჯილდოვა და მათ სიმბოლური საჩუქრები გადასცა. ასევე, ნაჩვენები იყო საინფორმაციო კლიპები, "აცერი და დაიცავი", რომელშიც მონაწილეობენ: ქეთა ლორთქიფანიძე, ანატოლი ბოისა, კოტე ტუღუში და სხვები. ისინი საკუთარი შვილების ვაქცინაციის მაგალითზე სხვებსაც ანალოგიური ქმედებისკენ მოუწოდებენ.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია