საფრანგეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი მოდელი ქრისტინე ძიძიგური დაინიშნა. ქრისტინეს რჩეული პრინცი ხუანია. მათი შეხვედრის და სიყვარულის ისტორიის შესახებ Ambebi.ge-ს წყვილმა ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა.
– ქრისტინე, სად გაიცანით პრინცი ხუანი?
– ხუანი საფრანგეთში გავიცანი, მითხრეს, საქართველო კარგად რომ გაიცნოს, ქართველი მეგობრები სჭირდებაო. ხუანს კი უთხრეს, ქრისტინეს დიდი გეგმები აქვს და სხვა რამე არც იფიქროო, თუმცა, როცა ჩემი სურათები უნახავს, თურმე, თავიდანვე მოვეწონე. რამდენიმე კვირის წინ კი, როცა საქართველოში ვბრუნდებოდი, მომწერა თბილისში ვარო, ვუთხარი, მე ხვალ მოვფრინავ საქართველოში-თქო. როცა ჩამოვედი და ტელეფონი ჩავრთე, პირველი მესიჯი ხუანს ჰქონდა გამოგზავნილი, მერე შეხვედრა მთხოვა. შემთხვევით აღმოვაჩინეთ, რომ მეზობლად ვცხოვრობდით - ჩემი სახლის გვერდით მდებარე სასტუმროში იყო დაბინავებული.
– სიყვარულში საქართველოში გამოგიტყდა ხუანი?
– კი, ფუნიკულიორზე ვიყავით რესტორანში და სწორედ იქ გამომიტყდა სიყვარულში. თავდაპირველად, როცა საქართველოში შევხვდით, მითხრა სამ დღეში მივფრინავო, მაგრამ აღარ წავიდა, აეროპორტიდან მობრუნდა. მეც ათ დღეში ვაპირებდი დაბრუნებას საფრანგეთში, მაგრამ აღარ დავბრუნდი, ერთი თვე დავრჩი საქართველოში და ხუანმა მიიღო ნიშნობის გადაწყვეტილება. როცა ნამდვილი სიყვარული მოდის, ხვდები, რომ ეს ის არის და ასე მოხდა ჩემი და ხუანის შემთხვევაში.
Ambebi.ge-ს პრინცი ხუანი ესაუბრა:
– რით მოგხიბლათ ქრისტინემ?
– მე ვხვდები, რატომ არის საქართველო ქრისტინეთი ამაყი, როცა მას პირველად შევხვდი, მაშინ მივხვდი ამას. ყველაფრით მომხიბლა ქრისტინემ.
– გრანდიოზული ქორწილის გადახდას აპირებთ?
– ჯერჯერობით ქორწილის დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ.
– გააგრძელებს ქრისტინე მოდელობას?
– მე ნებას მივცემ, გააგრძელოს ის საქმე, რასაც აკეთებდა, რადგან აქამდე ყველაფერს შეუცდომლად აკეთებდა.
თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge