პირველი "დარდუბალას" მთავარი გმირი ედუარდ შევარდნაძე იყო. მეორე "დარდუბალას" მთავარი პერსონაჟი – მიხეილ სააკაშვილი. ცოტა ხნის წინ კი, ცნობილი გახდა, რომ "რუსთავი 2"-ის ეთერში ახალი ანიმაციური სერიალი გავა, რომელიც "დარდუბალას" ანალოგიური იქნება. სერიალზე "კომედი გრუპი" მუშაობს. Ambebi.ge "კომედი გრუპის" წევრებს, ბიძინა ივანიშვილის და მიხეილ სააკაშვილის პაროდისტებს, ნიკა კაკაბაძესა და ქართლოს ნატროშვილს დაუკავშირდა:
ნიკა კაკაბაძე:
– სამი თვის წინ გავახმოვანეთ ეს სერიალი. ანონსებს შემთხვევევით გადავაწყდი ინტერნეტში. ეს იქნება ანიმაციური სერიალი, სადაც პოლიტიკური ფიგურები არიან გაშარჟებული, თუმცა სხვა დეტალები ნამდვილად არ ვიცი.
– შენ ვის ახმოვანებ?
– მე ვახმოვანებ ირაკლი ღარიბაშვილს, სოსო ჯაჭვლიანს და რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილს. ივანიშვილი სერიალში ჩვეულებრივი მოქალაქეა, სააკაშვილის პერსონაჟიც გვყავს. დანარჩენი დეტალები არ ვიცი, ისიც კი არ ვიცი როდის გავა სერიალი ეთერში.
ქართლოს ნატროშვილი:
– რამდენიმე თვის წინ დამიძახეს და სააკაშვილი გავახმოვანე. მე და ნიკა კაკაბაძე ერთად ვიყავით ჩაწერაზე, როგორც მახსოვს სიუჟეტი ეზოში ვითარდება. მიშა ბიძინა ივანიშვილს ელაპარაკებოდა. თუმცა ტექსტი საერთოდ არ მახსოვს. გავაკეთე ჩემი საქმე და წამოვედი. ერთხელ დასჭირდებათ თუ 1700–ჯერ, მზად ვარ, სულ ვიყო მიშა.
Ambebi.ge მიშა ანდღულაძესაც დაუკავშირდა, მაგრამ მან სერიალზე საუბარი არ ისურვა, "კომედი გრუპის" ხელმძღვანელთან ალეკო მალხაზიშვილთან დაკავშირება კი შეუძლებელი აღმოჩნდა.
თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge