როგორ უნდა შეხვდეს მორწმუნე ადამიანი აღდგომას, საიდან იღებს სათავეს აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში დამკვიდრებული მისალმება - "ქრისტე აღსდგა!", - ამ კითხვებზე პასუხს დეკანოზ ზურაბ მჭედლიშვილისგან მიიღებთ.
- ხშირად, თუ მარხვისას ადამიანი ცდილობს ცოდვათაგან თავის შეკავებას, გახსნილების მერე ერთბაშად ცოდვას მიეცემა. რეალურად როგორ უნდა შევხვდეთ აღდგომას?
- მარხვის დამთავრება არ ნიშნავს ცოდვის დასაწყისს. ქრისტიანობა რელიგიური ცხოვრებაა, მარადჟამს სრულყოფა თავისა და უკუგდება იმ მანკიერებისა, რაც ხელს შეგვიშლის ცხოვრებაში. ის, რაც უფალთან გვაშორებს, მარხვის გარეშეც უნდა უკუვაგდოთ. მხოლოდ მაშინ შეიწირავს უფალი ჩვენს მარხვას.
- ამ სიტყვებს - "ქრისტე აღსდგა", ქრისტიანები გამარჯობის ნაცვლად 40 დღის განმავლობაში, აღდგომიდან ამაღლებამდე ვამბობთ. საიდან იღებს სათავეს ეს ტრადიცია და რისი მიმანიშნებელია? უნდა მივესალმოთ თუ არა ამგვარად ყველა ადამიანს, განურჩევლად იმისა, ეკლესიურია ის თუ არა?
- ეს ტრადიცია სათავეს ქრისტეს აღდგომის დღიდანვე იღებს. ანგელოზმა, რომელიც ქრისტეს საფლავზე გამოეცხადა მოციქულებსა და მენელსაცხებლე დედებს, უთხრა მათ, ეს ამბავი მოწაფეებისთვის ეხარებინათ. ისინიც ჯერ ანგელოზის უწყებას ავრცელებდნენ, ხოლო როდესაც თავადაც იხილეს მაცხოვარი ემაუსის გზაზე, ამ დიდ სიხარულს ყველას უზიარებდნენ, მაცხოვრის ამაღლების შემდეგ კი მთელ მსოფლიოს ამცნობდნენ, ახარებდნენ ქრისტეს აღდგომას, ჯოჯოხეთის ტყვეობისგან გამოხსნას, ცხოვრების განახლებას.
ადამიანი, რომელიც არ არის ეკლესიური, მაგრამ თავს ქრისტიანად მიიჩნევს, რამენაირად მაინც აღნიშნავს ამ დღესასწაულს. ის სულსაც უხარია, რადგანაც, მამების თქმით, სული ყველა ადამიანისა, დაბადებით ქრისტიანია, თუ, რასაკვირველია, მას უკვე წინასწარ არ აქვს მტრული განწყობა ეკლესიის, ქრისტიანობის მიმართ. მაგრამ თუ ვხედავთ, რომ დაბნელებულია მისი სული და ამ მოვლენას ეწინააღმდეგება, თავი უნდა დავანებოთ - ის ჯერ არ დაბადებულა აღდგომის სიხარულისთვის.
ჟურნალი "კარიბჭე"
ასევე დაგაინტერესებთ: