ყველაზე მასშტაბური საზღვაო კატასტროფები

ყველაზე მასშტაბური საზღვაო კატასტროფები

"გოია"

მეორე მსოფლიო ომის დროს, ნორვეგიულ სატვირთო გემ "გოიას" გერმანელები ტვირთის და პირადი შემადგენლობის გადატანისთვის იყენებდნენ. 1945 წლის 16 აპრილს გემი ლტოლვილთა და დაჭრილთა ევაკუაციისთვის მორიგ რეისს ასრულებდა. ბორტზე მყოფ მგზავრთა ზუსტი რაოდენობა დღემდე უცნობია. მათი სავარაუდო რაოდენობა 6,000-დან 7,000-მდე მერყეობს.

ესკორტის ხომალდების მიუხედავად, "გოია" საბჭოთა წყალქვეშა ნავიდან გამოშვებული ტორპედოების მსხვერპლი გახდა. გემი 20 წთ-ში ჩაიძირა. გადარჩენა მხოლოდ 178-მა ადამიანმა შეძლო.

"ვილგელმ გუსტლოვი"

ხუთგემბანიანი საკრუიზო ლაინერი გერმანიის სიამაყედ ითვლებოდა. 1937 წელს მისი წყალში ჩაშვების ცერემონიას ადოლფ ჰიტლერი ესწრებოდა. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, გემს ჰოსპიტალის, მცურავი ყაზარმის, ბოლოს კი ხალხის ევაკუაციისთვის იყენებდნენ. 1945 წლის 30 იანვარს, ესკორტის ხომალდების თანხლებით, პოლონეთის ქალაქ გდინიდან გამოსულმა "ვილგელმ გუსტლოვმა" გეზი გერმანიისკენ აიღო.

საბჭოთა წყალქვეშა ნავმა С-13, გერმანული ფლოტის სიამაყე 3 ტორპედოთი ჩაძირა. სხვადასხვა მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი 5,300-დან 9,300-მდე ადამიანს ითვლის.

JUNYO MARU

ამ სავაჭრო გემებს იაპონელები ტყვე ჯარისკაცების და მუშების გადაყვანისთვის იყენებდნენ. აუტანელი პირობების გამო, მათ "ჯოჯოხეთის გემებს" ეძახდნენ. ომის პერიოდში ამერიკულმა და ბრიტანულმა წყალქვეშა ნავებმა 9 ასეთი გემი ჩაძირეს. ყველაზე მასშტაბური შემთხვევა 1944 წლის 18 სექტემბერს მოხდა. Junyo Maru-ს ბორტზე 4,2 ათასი მუშა და 2,3 ათასი ამერიკელი, ავსტრალიელი და ბრიტანელი სამხედრო ტყვე იმყოფებოდა. გემი ბრიტანულმა წყალქვეშა ნავმა Tradewind-მა ჩაძირა. გადარჩენა მხოლოდ 880-მა ადამიანმა შესძლო.

"არმენია"

ლენინგრადში აგებული სამგზავრო გემი ოდესა-ბათუმის ხაზზე კურსირებდა. მეორე მსოფლიო ომის დროს, მას დანიშნულება შეუცვალეს და "არმენია" სანიტარული გემი გახდა. ოდესის თავდაცვისას, გემით ქალაქიდან 16 ათასი ადამიანი გამოიყვანეს. 1941 წლის 6 ნოემბერს ბორტზე 4,5-დან 7 ათასამდე (სხვადასხვა მონაცემებით) ადამიანის აყვანის შემდეგ, "არმენია" სევასტოპოლიდან გამოვიდა და იალტის გავლით გეზი ტუაპსესკენ აიღო.

ღია ზღვაში გემი გერმანული ავიაციის მსხვერპლი გახდა და 5 წუთში ჩაიძირა. გადარჩენა მხოლოდ 8 ადამიანმა შესძლო. აღსანიშნავია, რომ შავ ზღვაში ჩაძირული "არმენიის" ზუსტი კოორდინატები დღემდე უცნობია.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ Russian7.ru-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა