ვინ არიან, ეგრეთწოდებული "სტაიანშიკები?" გამომძალველები? სად მიდის მათ მიერ მოსახლეობიდან არკეფილი თანხა? რა შუაშია ამ ამბავში "სითი პარკი" და მერია?
"ალიას" ესაუბრება "ანტიკორუფციული კავშირის" ხელმძღვანელი გიორგი ბურჯანაძე:
- ორი კვირაა, ამ საქმეს ვიკვლევ და აღმოვაჩინე შემდეგი: თბილისში ყველამ იცის, რომ პარკირების ზედამხედველები, ანუ "სტაიანშიკები", ვიღაცას ფულს უხდიან. ამიტომ გამოვყავი ორი ჯგუფი ქალაქის მასშტაბით, რომლებიც ფარული ვიდეოგადაღებებით აწარმოებდნენ მონიტორინგს და ვხედავთ, რომ ამ სიტუაციაში სამი სუბიექტი მონაწილეობს: "სითი პარკი", რომელიც "პატრონობს" ამ სიტუაციას და ხალხისგან ამოქაჩული ამ თანხის დიდი ნაწილი მიდის მის ჯიბეში, მეორე ჯგუფი არის მერიის ხალხი (ეს ხალხი ამბობს, მე მერიის თანამშრომელმა დამაყენა და შენ ვინ ხარო) და მესამე, ესენი არიან გაურკვეველი სუბიექტები, ნარკომანები და ლოთები, რომლებიც თავის წილს სთხოვენ ამ "სტაიანშიკებს".
- გაარკვიეთ, დღეში დაახლოებით რა თანხა უგროვდებათ ე.წ. "სტაიანშიკებს"?
- 30-დან 40 ლარამდე. ადგილებიც მინდა გითხრათ, რომელიც უფრო სარფიანია, ეს არის მარჯანიშვილი და მისი მიმდებარე ტერიტორია, ძალიან კარგად მუშაობს წერეთელი და პეკინი. დღის განმავლობაში აქ "სტაიანშიკები" აკეთებენ 30-40 ლარს. აქედან დახალოებით 30-40% არის გასავალი, ე.წ. მაყურებლების. აქვე უნდა ვთქვა, რომ ღმერთი არავის გაუწყრეს, და ვინმე არ შეეცილოს ამ ხალხს იქ დგომაში, იმ დუბინკებით თავს გაუტეხავენ. საკმაოდ სერიოზულად დგას საქმე, უამრავი ზარი შემოდის ჩვენთან და ხანდახან სისხლის სამართლის საქმეც იკვეთება სწორედ აი, ამ "სტაიანშიკებთან" დაკავშირებით. კონკრეტულად, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში გვქონდა ასეთი შემთხვევა, როცა ქალმა მძღოლმა ცუდად გააჩერა ავტომანქანა დაუტოვა გასაღები "სტაიანშიკს"...
- გასაღები დაუტოვა? რა, ასეთი რამე მოსულა?
- როგორ არ მოსულა, ის ენდობა "სტაიანშიკს" და მანქანის გადაყენებას ანდობს. როგორც კი ეს ქალბატონი მანქანაში ჩაჯდა და ადგილს დაშორდა, ხედავს, რომ "ნოკია-8800", რომლის ღირებულება არის 2500 ლარი, მას სხვაგვარად "გოლდს" ეძახიან, მანქანიდან გაქრა. ეს ტელეფონი, სხვათა შორის, ამ რაიონის პოლიციამ მოგვიანებით აღმოაჩინა ავლაბარში და, რომ წავიდა ძიება, თუ ვინ ჩააბარა, გაარკვიეს, რომ სწორედ "სტაიანშიკმა". ქალმა იმწამსვე მიიტანა ამ კაცზე ეჭვი და მობრუნდა, მაგრამ ეს ზედამხედველი იქ აღარ იყო. ის იმ წუთში იქიდან წავიდა, ტელეფონი გაყიდა სულ რაღაც 1000 ლარად, ზაფხული იყო და წავიდა დასასვენებლად და რომ ჩამოვიდა, იმ ადგილს აღარ მიკარებია და დადგა ვარკეთილში, ისევ "სტაიანშიკად".
- ეს ხალხი ოფიციალურად არსად ფიქსირდება?
- საქმეც მაგაშია, რომ არსად! მეტსაც გეტყვით, ჩვენმა მონიტორებმა დაადგინეს, რომ ამ "სტაიანშიკების" 90%-ს პირადობის მოწმობა არა აქვს, ესეც გამიზნულია იმისთვის, რომ როდესაც სამართლებრივი მოკვლევა იწყება, წესით, უნდა მოხდეს იდენტიფიცირება და მათ ეს არანაირად არ აწყობთ. მახსოვს, რომ გიგი უგულავამ თავის დროზე გააკეთა განცხადება, რომ მერიის პოზიცია ასეთია, ესენი არიან მათხოვრები, თუ გინდათ მიეცით ფული და თუ გინდათ, არაო, მაგრამ ეს ასე იოლი ამბავი სულაც არ არის. გვირეკავს ქალბატონი, რომელიც გვეუბნება მსგავს ფაქტს, რომ ზოოპარკთან ჩამოვედი მანქანიდან და უკან რომ დავბრუნდი, იქ "სტაიანშიკად" ასაკოვანი მამაკაცია, რომელმაც მაგინა, დუბინკა დაარტყა ჩემი მანქანის სახურავს, რადგანაც კედელზე მიწერია 2 ლარი და როგორ თუ შენ 1 ლარს მაძლევ ადგილის საფასურადო. ანუ ისეთი განაგლებულები არიან, რომ დუბინკას გირტყამენ, რაღა მანქანას და რაღა თავში. უკეთესსაც გეტყვით, საჯარო რეესტრის თანაშრომელი ოთხმა "სტაიანშიკმა" იუსტიციის სამინისტროს პარკირების ტერიტორიაზე სცემეს, მოვიდა პატრული, მაგრამ მათ რეაგირება ვერ მოახდინეს, რადგანაც კაცს უთხრეს, თქვენი ცემა არ დასტურდებაო. ანუ, თუ "სტაიანშიკი" რეზინის დუბინკით მოკლავს კაცს, პასუხს მერე აგებინებენ.
- რატომ არიან ასე გაბლატავებულები?
- მათხოვრობიდან ეს ხალხი გახდა მოძალადე, ითხოვენ, ფული მომეციო და თან დააყოლებენ, გეგმა მაქვს შესასრულებელიო.
- და რა გეგმა აქვთ ასეთი?
- ზუსტად მაგაზე ვსაუბრობ, ზოგი მეუბნება, რომ 5 ლარი აქვს გადასახდელი, ზოგიც - 10 ლარიო, მაგრამ ვისთვის აქვთ ეს ფული მისაცემი, ამაზე არაფერს ამბობენ. ორთაჭალის ტერიტორიაზე დადის "ბმვ", რომელიც ამ ხალხისგან კრეფს ფულს. სხვათა შორის, შარშან დიდუბის პოლიციამ დაიჭირა ამ ამბის ორგანიზატორები, რომელსაც პირდაპირი ბრალდება წაუყენეს, ესენი ეწეოდნენ უკანონო მოსარკებლებს, აუნ ეს არის გარკვეული დანაშაულებრივი ჯგუფები.
- ამაში "სითი პარკია" ჩართულიო და რის საფუძველზე ამბობთ ამას?
- მინდა ეს ღიად დავაფიქსირო, ჩვენ ვმუშაობთ შესაბამის სამსახურებთან ერთად და ფილმს ვაყურებინებ ამ კომპანიის წარმომადგენლებს ამის შესახებ, თუ დაინტერესდებიან. საბურთალოზე მივედით "სატაიანშიკებთან" და შევთავაზეთ ასეთი რამ, რომ იყავით ჩვენი თანამშრომლები და ჩვენთან ერთად აწარმოებთ მონიტორინგი გარკვეული თანხის საფასურად. ეს "სტაიანშიკები" წამოვიდნენ თანამშრომლობაზე და ის მასალები ჩვენ გვაქვს. დააღო ამ ხალხმა პირი და ჩუმად მეუბნებიან, "სითი პარკიდან" იყვნენ მოსულები და მითხრეს, რომ შენ თუ შენს ანტიმონოპოლიურ ბირკას გაიკეთებ, აქედან გაგაგდებთო. ვამბობ, ასეთი ხალხი არის დაახლოებით 1000 კაცი მთელი ქალაქის მასშტაბით და მათ აქვთ უზარმაზარი შემოსავალი, ვერც კი წარმოიდგენთ ისეთი, მაგრამ ამით მარტო "სითი პარკი" არ ხეირობს, როგორც გითხარით. მაინტერესებს, საით იყურება ფინანსური პოლიცია, მე, არასამთავრობო, ვახერხებ იმას, რომ ეს ინფორმაცია ამოვიღო და ისინი რას აპირებენ, იმათ ხომ ამის გაკეთების მეტი საშუალება აქვთ? ვდებ კორუფციულ სქემას, ამ "სითი პარკმა" რომ შემოხაზა ეს კუნძულები, ეს ადამიანები სპეციალურად მიუმაგრა ამ კუნძულებს, რომ თავისი ფული აკეთოს, იმიტომ, რომ ამ ადგილებიდან თვის მანძილზე შემოსული 600 ათასი, სწორედ "სითი პარკის" ჯიბეშია.
- როგორ ფიქრობთ, აი, ამ წერილის შემდეგ რა მოხდება?
- რა და, "სითი პარკი" ყოველ ამ "სტაიანშიკს" გაუფორმებს ხელშეკრულებას და მოხდება ამ ბიზნესის ლეგალიზაცია. ებრაული კომპანიის შემოსვლამდე აქ იყო სეგმენტი, რომელიც მშვენიერ ფულს აკეთებდა, ამ "სითი პარკმა" ესენი ვითომ გადააგდო, ესენი არ გვჭირდებაო, ამ დროს სჭირდება კი არა, ცალკე თანხას მახდევინებს მერია და ცალკე "სითი პარკი", ამ "სტაიანშიკებს" ისევ იყენებს.
დეტალების გასარკვევად ვუკავშირდებით ლევან ტაბიძეს, "სითი პარკის" წარმომადგენელს:
- ეს ამბავი სიმართლეს არა თუ არ შეესაბამება, მსგავსი რამ არ არსებობს. ჩვენ არაერთხელ გაგვიცხადებია და კიდევ ვამბობთ: თბილისში არ არსებობს სხვა გადასახადი, გარდა "სითი პარკისა" და მძღოლი არ არის ვალდებული, ფული გადაუხადოს ამ ხალხს.
თამარ ოქრუაშვილი
გაზეთი "ალია"