აფთიაქებმა ნარკოტიკულ საშუალებებს მიკუთვნებული 5 396 228 ერთეული ფარმაცევტული პროდუქტი რეცეპტის გარეშე გასცეს. 2014 წლის განმავლობაში სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შესახებ, დღეს, ჯანდაცვის სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა.
2014 წლის 1 იანვრიდან 15 აპრილამდე პერიოდში ფარმაცევტული ბაზრის ზედამხედველობისა და კონტროლის ღონისძიებების მიმართულებით გამოვლენილი სამართალდარღვევების შედეგად შედგენილია 63 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი (მათ შორის 2 დარღვევა გამოვლინდა ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟება-ექსპლუატაციის წესების დარღვევისთვის). "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4412 მუხლის შესაბამისად, სახდელის ოდენობამ შეადგინა 325 600 ლარი.
22 სააფთიაქო დაწესებულებიდან რეცეპტის გარეშე სულ გაცემულია 5 396 228 ერთეული პირველი ჯგუფისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტი (მათ შორის 1 იანვრიდან 15 მარტამდე პერიოდში - 1 973 378 ერთეული კოდეინის შემცველი კომბინირებული პრეპარატი, რომლებიც 2014 წლის 15 მარტიდან "ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ" საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების თანახმად, ნარკოტიკული საშუალებების ნუსხაში შევიდა. რეჟიმის გამკაცრების შემდეგ (2014 წლის 15 მარტიდან), აფთიაქებში "კოდეინის" შემცველი კომბინირებული პრეპარატების მიმოქცევის ფაქტები არ დაფიქსირებულა). სამართალდამცავი ორგანოებიდან მოწოდებული ინფორმაციით, მინიმუმამდე შემცირდა კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკული საშუალება დეზომორფინის - "კროკოდილის" გამოყენების ფაქტები.
2014 წლის 14 იანვარს, მინისტრის ბრძანების შესაბამისად, კონტროლს დაექვემდებარა 6 გენერიული დასახელების ფარმაცევტული პროდუქტი (ბაკლოფენი, გაბაპენტინი, ზოპიკლონი, ზალეპლონი, ტროპიკამიდი, დექსტრომეტორფანის შემცველი კომბინირებული პრეპარატები). კონტროლის ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ 2014 წლის 14 იანვრიდან 15 აპრილამდე პერიოდში, სპეციალური რეცეპტის (ფორმა #2) გარეშე აფთიაქებიდან გაცემულია 723 815 ერთეული ზემოთ მითითებული 6 ნივთიერების შემცველი სამკურნალო საშუალება.
კონტროლის ღონისძიებების შედეგად ჩამორთმეული იქნა 28 895 ერთეული (ტაბლეტი, კაფსულა, ამპულა) აღრიცხვის დადგენილი წესის დარღვევით არსებული, 495 ერთეული ვადაგასული, 94 ერთეული საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე I ჯგუფისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტი; ასევე 323 ერთეული ვადაგასული, 2887 ერთეული საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე, 2384 ერთეული შენახვის პირობების დარღვევით არსებული II და III ჯგუფისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტი.
ერთი კალენდარული წლის განმავლობაში, გამოვლენილი სამართალდარღვევების საფუძველზე (დარღვევა დაფიქსირდა 3-ჯერ) რეგულირების სააგენტოს უფროსის 2014 წლის 1 აპრილის #02-413/ო ბრძანების საფუძველზე, ავტორიზებული აფთიაქის ნებართვა გაუუქმდა 1 დაწესებულებას.