დავით ნარმანიამ მინისტრის პოსტი დღეს დატოვა. უკვე ყოფილმა მინისტრმა კაბინეტიდან საკუთარი ნივთებიც დღესვე წაიღო.
პირველი ნივთი, რომელიც დავით ნარმანიამ კაბინეტიდან წასაღებად შეარჩია, ჩაფხუტი იყო . "რამდენიმე ნივთი რაც ამ სამინისტროს ეკუთვნის, უნდა დავუტოვო ჩემს შემცვლელს, ელგუჯა ხოკრიშვილს. რამდენიმე კი, რაც ჩემია და აუცილებლად დამჭირდება დედაქალაქის მერიაში, უნდა წავიღო. მთავარი ატრიბუტი ეს არის ჩაფხუტი, რაც თქვენ ბევრჯერ გინახავთ ჩემს თავზე, იმიტომ რომ ძალიან ბევრ პროექტს ვახორციერელებდით. გამომდინარე იქიდან, რომ ელგუჯა ხოკრიშვილი მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელი იყო და თავისიც აქვს, მე კი ეს დედაქალაშიც დამჭირდება, ამიტომ ამ ნივთს ვერ დავტოვებ და მიმაქვს მერიაში", -აღნიშნა ნარმანიამ.
ნარმანია დარწმუნებულია, რომ მერის არჩევნებში გაიმარჯვებს, და დედაქალაქის მოსაწესრიგებლად სამშენებლო ტექნიკაც დასჭირდება. სწორედ მინიატურული ტრაქტორი იყო ერთ-ერთი იმ ნივთებიდან, რომლის წაღებაც ნარმანიამ გადაწყვიტა. "სამშენებლო ტექნიკა, რომელიც ჩვენი საქმიანობის სიმბოლოა, სამინისტროსაც დასჭირდება და დედაქალაქსაც. ამიტომ ორს, ამ სამინისტროში დავტოვებ, ერთს კი წავიღებ. ეს არის ტრაქტორი, რომელიც ყველაზე მეტად დაგვჭირდება" - განაცხადა ნარმანიამ.
თანამდებობიდან წასული ნარმანია დღეიდან "მოხეტიალე წიგნების" პროექტშიც ჩაერთო და თბილისის უბნებში "სახეტიალოდ გასაშვებად" საკუთარი ნივთებიდან სამი წიგნი - თომას მანის "ჯადოსნური მთა", ვაჟა ფშაველას ნაწარმოებები და "საზოგადოებრივი ადმინისტრირება" შეარჩია. "დღეს დედაენის დღეა. ძალიან სიმბოლური და მნიშვნელოვანია რომ სწორედ დედაენის დღეს მე დავტოვებ ამ წიგნებს დედაქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე",-აღნიშნა ნარმანიამ და მისი თანაავტორობით გამოცემულ წიგნს "საზოგადოებრივი ადმინისტრირება" წარწერაც თავად გაუკეთა.
რაც შეეხება ნივთებს, რომელისაც ნარმანიამ მომავალ მინისტრს დაუტოვა -დოკუმენტაციასთან ერთად ელგუჯა ხოკრიშვილს კაბინეტში მეგზევეთა საზოგადოებისგან მიღებული მედალიონი, როგორც წარმატების სიმბოლო, დახვდება. "ეს არის ძალიან საინტერესო ატრიბუტი, მეგზევეთა საზოგადოებისგან მიღებული მედალიონი, რომელიც მე, როგორც ახალ მინისტრს თავის დროზე გადმომეცა ავანსად. მაშინ მე ვთქვი, რომ ავანსი არ მიყვარს, ამიტომ შედეგზე ვიქნები ორიენტირებული და მართლაც ძალიან ბევრი პროექტი განვახორციელე. ამ მედალიონს, როგორც წარმატების სიმბოლოს ვუტოვებ ჩემს შემცვლელს ასევე ავანსად"- განაცხადა ნარმანიამ.
დავით ნარმანიამ კაბინეტში ის სიმბოლური სუვენირებიც დატოვა, რომელიც მან, როგორც მინისტრმა, საჩუქრად მიიღო.
ნათია ლეშკაშელი,
Ambebi.ge