ის-ის იყო, რეპერმა ლექს-სენმა შემოქმედებითი ცხოვრების გასააქტიურებლად "სტარტი" აიღო, რომ ინტერნეტში პოლიტრეპრესირებული რამაზ გაგნიძის ინტერვიუ გავრცელდა, რომელშიც ის ლექს-სენს კუდ-ის აგენტობასა და ბინის წართმევაში ბრალს სდებს. როგორც რეპერმა გვითხრა, იაფფასიანი ინტრიგები არ უყვარს, ჟურნალისტებს კი ინფორმაციის გადამოწმებისა და ობიექტურად გაშუქებისკენ მოუწოდებს... ლექს-სენს შემოქმედებაზე, ფინანსურ შემოსავალზე, პირად ცხოვრებასა და მისი სიმღერების კრიტიკოსებზე ვესაუბრეთ.
- სიმღერებზე ადრეც ვმუშაობდი, მაგრამ ჟურნალისტებთან არ ვურთიერთობდი: ზოგადად, ჟურნალისტიკასა და ჟურნალისტებზე ჩემი შეხედულება მაქვს. ამიტომ "გაფილტრული" ურთიერთობები მირჩევნია... ახალი სიმღერის "რემიქსი" "გავაკეთეთ", ახალი კლიპიც მალე გამოვა. კიდევ, 3 ახალი, განსხვავებული თემატიკის სოლო სიმღერა ჩავწერე. მათგან ერთ-ერთი იდეაში, ზაფხულის ჰიტი გახდება: ენერგიული, რიტმული სიმღერაა და სახელიც ასეთი აქვს - "არ დაიძინო (თბილისო)". რადგან უკვე დიდი ხანია, თბილისს სძინავს, მინდა, ახლა რაღაცებით ცოტათი გამოვაცოცხლო.
- სიმღერების ჩაწერის გარდა, სხვა კონკრეტული გეგმები თუ გაქვთ, რომ ისევ ყველაზე მოთხოვნადი, პოპულარული გახდეთ?
- იმ დიდების გამეორება შეუძლებელია! უბრალოდ, რაღაც-რაღაცების კარგი ფორმით გაკეთება შეიძლება, მაგრამ ამას სპონსორი, ჭკვიანი ხალხი და ერთობლივი პროექტის შექმნა სჭირდება. მე და ჩემმა ჯგუფმა კარგი საკონცერტო პროგრამა შევადგინეთ. არ არის გამორიცხული, რომ შემოთავაზებას არ დაველოდოთ და ეს პროექტი ჩვენივე ძალებით განვახორციელოთ. ცხადია, ეს რთულია, შესაბამისად - დროშიც გაიწელება... მაშინ სხვა ეპოქა იყო, ახლა კი სხვა რეალობაში ვცხოვრობთ და მის დინებას მივყვებით...
- პროდიუსერი გყავთ?
- საქართველოში "პროდიუსერის ინსტიტუტი" საწყის ეტაპზე მუშაობდა, მაგრამ სამწუხაროდ, ახლა ესეც დანგრეულია, რადგან მარტივად რომ ვთქვათ, ფინანსები იმდენად მცირეა, რომ მისი გაყოფა შეუძლებელია: როცა 500 ლარი სამმა კაცმა უნდა გაიყოს, ეს ხომ მარაზმია?
- თქვენს ჯგუფზე რას გვეტყვით?
- 3-საათიანი საკონცერტო პროგრამა მე, მინდოზამ, პეპემ და ბიგ თიკომ შევადგინეთ. იმედი მაქვს, საზოგადოებისათვის საინტერესო ნაბიჯებს გადავდგამთ...
- თქვენი სიმღერები რა ასაკობრივი კატეგორიისთვისაა გათვლილი?
- ამ პერიოდში რა სიმღერებსაც ვქმნი, მეტ-ნაკლებად, ყველასთვისაა, მაგრამ 50% თინეიჯერებზეა "მორგებული" (ამას ჩვენი რეალობის გათვალისწინებით ვამბობ, თორემ ევროპაში ყველასთვის ყველაფერი მისაღებია); შემდეგ - ის თაობა "მოდის", რომელიც ჩემს სიმღერებზე გაიზარდა, დღემდე მოსწონს, უსმენს... უფროსი თაობის წარმომადგენლებს ვერ მოსთხოვ, რომ ჩემი სიმღერები მოეწონოთ, რადგან "რესტორნის მუსიკაზე" გაზრდილები არიან. როგორც მაიმუნის დანახვისას გაეცინებათ, დაახლოებით ასეთივე რეაქცია აქვთ - რეპი არა, ისაო... საწყენია, მაგრამ ეს მათ სისუსტეზე მიუთითებს. მოკლედ, ვინც გემოვნებიანია, ის მომისმენს.
- ქართველი რეპერები რატომ გაკრიტიკებენ?
- ეს ყველაფერი დაბოღმილი ადამიანების პოზიციას ჰგავს. რა თქმა უნდა, ამას სერიოზულად არასოდეს აღვიქვამდი. როცა ვინმეზე რაღაცით მეტი ხარ, ყოველთვის უნდა გაგაქილიკონ, - ეს მათი "ვალია". საუკეთესო მტკიცებულება საქმეა: ხომ გაგიგონიათ, - საქმემან შენმან გამოგაჩინოსო?.. მოკლედ, არწივი ბუზებზე არ ნადირობს (იღიმის).
- დაახლოებით 1 კვირაა, რაც ინტერნეტში რამაზ გაგნიძის ინტერვიუ გავრცელდა, რომელიც ბრალს გდებთ, თითქოს კუდ-ის აგენტი იყავით და მისი ბინა "ნაციონალების" ფულით იყიდეთ...
- ის თაღლითია, კრიმინალია. მან მოგვატყუა, "გადაგვაგდო". ერთ-ერთი მათგანი გახლავართ, ვინც მის მიერ აშენებულ კორპუსში ბინა შეიძინა. ვითომ მშენებელი იყო, სინამდვილეში კი მატყუარა ყოფილა. ჩვენი ფული "შეჭამა", ბინის მშენებლობა კი ისე არ დაგვიმთავრა, როგორც უნდა დაესრულებინა: წყლის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის, ლიფტის გარეშე დაგვტოვა. შემდეგ მოსახლეობამ ვუჩივლეთ, მის წინააღმდეგ საქმე აღვძარით. სამწუხაროდ, ყურადღება არავინ მოგვაქცია. შველას დღემდე ვითხოვთ. იქნებ ახალმა მთავრობამ მაინც მოგვხედოს და ზარალი აგვინაზღაუროს. ამ ადამიანს ჩვენი დაახლოებით, 30.000 დოლარამდე ვალი აქვს. შეგიძლიათ, ამის შესახებ კორპუსის სხვა მცხოვრებლებს ჰკითხოთ. ხალხი გაღიზიანებულია. ჩემს ტელეფონზე ზარები არ წყდება. მთხოვენ, - ინტერვიუ ჩვენგანაც აიღონო, რადგან ეს ინფორმაცია ქართულ პრესაში ცოტა "ისე" გამოჩნდა. მესმის, დაბალფასიანი ინტრიგა კარგად "იყიდება" და ამის გამო ობიექტურობაზე აღარ ფიქრობენ. რაღაცას რომ წერ, ფაქტი ხომ უნდა გადაამოწმო?! საზოგადოება ჭრელია და უმეცრებიც ბევრნი არიან. ვიღაცას თუ ლექს-სენი არ "ევასება" და იმ ცალმხრივად გაშუქებულ ინფორმაციას წაიკითხავს, "ტალახს" ისე მესვრის, არ დაინტერესდება, მართალი ვარ თუ მტყუანი. ჩემი წარსულით ვამაყობ, ისეთი "სუფთა" ვარ. ხუმრობა იქით იყოს და, ღმერთის წყალობით, მართლა დიადი სახელი - ლექს-სენი - შევქმენი. მადლობას ვუხდი ზოგიერთ "ვაიჟურნალისტსაც": მათი წყალობით, მომავალში აღარც სიმღერის ჩაწერა დამჭირდება, აღარც კლიპის გადაღება. უბრალოდ, დიდ ბანერზე "ლექს-სენი" დაიწერება და ხალხი ამას უყურებს...
- მსოფლიო მასშტაბით, ცნობილი ადამიანები საკუთარ სახელს სხვადასხვა ბიზნესის ასაწყობად იყენებენ. თქვენ არ გიფიქრიათ, რომ მაგალითად, "ლექს-სენის" სამოსის "ხაზი" შეგექმნათ?
- ბევრი იდეა მქონდა, მაგრამ იმდენი ფინანსები არ მაქვს, რომ განვახორციელო. მაგალითად, თინეიჯერებისთვის გამაგრილებელი სასმლის წარმოება მინდოდა; ქართული რეპ-სტუდიის გახსნის სურვილი დღემდე მაქვს, სადაც ცეკვა და მუსიკა გაერთიანებული იქნება. ალბათ, ღვთის წყალობით, მომავალში ამ იდეას განვახორციელებ. მთავარია, სულ ვმოძრაობდე, რაღაცას ვაკეთებდე და მარაზმატული ინტრიგებით ნაკლებად მაწუხებდნენ. ჩემთვის სამარცხვინოა, რომ ვიღაც კრიმინალს რეკლამას ვუკეთებ.
- რითი არსებობთ, თქვენი შემოსავლის წყარო რა არის?
- ბოლო პერიოდში, მანქანების მცირე ბიზნესი მქონდა, მაგრამ წამგებიანი გამოდგა. ამჟამად, პატარა სამსახური მაქვს და იმით ვსულდგმულობ. გარდა ამისა, ყურადღებიანი მეგობრები მყავს, რომლებიც მეხმარებიან. ათასში ერთხელ, "გარღვევები" თუ მექნება და კონცერტს ჩავატარებ, მცირე შემოსავალი აქედანაც მიჩნდება... მოკლედ, თავი გაგვაქვს.
- დაახლოებით 5 წელია, დაოჯახებული ხართ. თქვენი უკრაინელი მეუღლე ქართული ცხოვრების სტილს როგორ მოერგო?
- დღემდე ვერ მოერგო. უკრაინაში წასვლა გვინდოდა, მაგრამ სიტუაცია იქაც აირია და იძულებულები ვართ, აქ ვიყოთ. მეუღლე ქართულ რეალობას ნელ-ნელა ეგუება, მაგრამ ეს მარაზმატული მენტალიტეტი ტანჯავს.
- რას გულისხმობთ?
- ქართველი ხალხი ხომ "ენით ზურგს იფხანს"? დავუშვათ, ქუჩაში ლამაზი გოგო მიდის. მის მიმართ გამოთქმული უხამსი შეძახილებისთვის ყური მოგიკრავთ? საქართველოში ძალზე მარტივად შეუძლიათ, უცნობი ადამიანი გალანძღონ, გააქილიკონ...
- ასე ხომ ძირითადად, უსაქმური ადამიანები იქცევიან?
- მერე საქართველოში უსაქმური ადამიანების მეტი რა არის? უსაქმურობა უკვე მენტალიტეტშია. ვიდრე ხალხი საკუთარი ცხოვრებით ცხოვრებას არ ისწავლის და სხვისაში - ცხვირის ჩაყოფას არ გადაეჩვევა, მანამდე ამ ქვეყანას არაფერი ეშველება. მომბაძეთ: თქვენთვის იცხოვრეთ, ნურავის გააქილიკებთ, თქვენი საქმე აკეთეთ; თუ ვინმესთან პრეტენზია გაქვთ, მასზე მეტი გააკეთეთ და პასუხი მერე მოსთხოვეთ. ცხადია, თუკი ვინმე უმიზეზოდ შეურაცხგყოფთ, თავიც უნდა დაიცვათ...
- მეუღლეს უკრაინაში მიმდინარე დაძაბულ მოვლენებზე როგორი რეაქცია ჰქონდა?
- უკრაინაში, აქციებზე ჩემი ცოლის ძმები იყვნენ. წასვლა მეც მინდოდა, მაგრამ მეუღლე არ მიშვებდა, - ის არ მეყოფა, ჩემი ძმები იქ რომ არიანო?! ბუნებრივია, უკრაინის ამბები ძალზე განვიცადე, რადგან ეს ქვეყანა ჩემი მეორე სამშობლოა, ძალიან მიყვარს. გული მწყდება, რომ ასე დაანგრიეს, "შეჭამეს" და გაანადგურეს. უკრაინელები მაინც ჭკვიანები აღმოჩნდნენ; იმხელა ტვინი და უნარი აქვთ, რომ ქვეყანაში სიტუაცია გამოსწორდეს.
- თქვენი ბიჭუნას შესახებაც გვიამბეთ: მამის სიმღერები მოსწონს? რეპის მიმართ ინტერესს ამჟღავნებს?
- კი, სიმღერების ტექსტიდან სიტყვებსაც იმახსოვრებს. 4 წლის მერე "მოვსინჯავ" - იქნებ ექსპერიმენტის სახით, რაღაცები ჩავაწერინო კიდეც, რადგან მაინტერესებს, რა გამოვა. ზოგადად, ენერგიული ბავშვია. ჯერჯერობით, განსაკუთრებულს ვერაფერს ვამჩნევ. რისი ნიჭიც ექნება, იმ საქმეში შევუწყობ ხელს.
ეთო ყორღანაშვილი
(გამოდის ხუთშაბათობით)