მოგეხსენებათ, ქართველმა ფეხბურთელმა, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ, რომელიც საზღვარგარეთ "დნიპროს" შემადგენლობაში თამაშობს, ერთ-ერთ თამაშზე თავისი საქციელით ყველა გააკვირვა. მან მოწინააღმდეგე გუნდის დაშავებულ წევრს მყისიერი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა. ეს ვიდეო ელვის სისწრაფით მოედო ინტერნეტს და ქართველებს სიამაყის კარგი მიზეზი მოგვეცა. "ჩვენი გმირი კაპიტანი", ასე ეხმაურებოდნენ სოციალურ ქსელში ფეხბურთელის მართლაც საამაყო ნაბიჯს.
დნეპროპეტროვსკის საავადმყოფოს ექიმი გრიგოლ პოლიპენკო წერს: "პირველადი დახმარებით, რომელიც ოლეგ გუსევს მინდორზე "დნიპროს" ნახევარმცველმა ჯაბა კანკავამ აღმოუჩინა, იგი სიკვდილისგან იხსნა". თავად ჯაბა თავს გმირად არ მიიჩნევს. იმავე აზრს იზიარებს ფეხბურთელის მამა, გია კანკავა. მას შვილის შესახებ ვესაუბრეთ.
- ბატონო გია, ალბათ, თქვენი შვილის საქციელით ამაყობთ.
- საქციელი თავისთავად კარგია, მაგრამ მას გმირად არანაირად არ შევრაცხავ. ადამიანს რომ დაეხმარები, თქვენ ამას გმირობად მიიჩნევთ?!. ასი ადამიანიდან დაახლოებით ოთხმოცდაათი მისნაირად მოიქცეოდა. მით უფრო, როცა იცი, როგორ უნდა მოიქცე. თავად ჯაბაც არ მიიჩნევს თავს გმირად.
- კიევის "დინამოს" მოთამაშე რომ გადაარჩინა, ჩანდა, რომ თითები ეტკინა. ახლა როგორ გრძნობს თავს?
- ნორმალურად არის.
- ალბათ ნახეთ კიევის "დინამოს" გუნდის ექიმის განცხადება. ამბობს, ჯაბას პირველი დახმარება რომ არ გაეწია, გუსევის დახმარებას ჩვენ მაინც მოვახერხებდითო. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს გამონათქვამი უმადურობის ნიშანია?
- არავითარ შემთხვევაში. ექიმები უფრო კომპეტენტურები არიან და იციან, რას ამბობენ. მე მედიცინისგან ძალიან შორს ვარ. რასაც თქვენ ამბობთ, მსგავსი რამ არ წამიკითხავს. პირიქით, ამბობენ, რომ გუსევი მდგომარეობიდან ჯაბას გუნდელების დახმარებით გამოიყვანეს. ჯაბამ მოსაწონი საქციელი ჩაიდინა. შეეცადა, დახმარებოდა კაცს. ეს უზომოდ მსიამოვნებს და მოხარული ვარ, ასე რომ მოიქცა.
- აღინიშნა, რომ მსგავს სიტუაციაში ჯაბა უკვე ყოფილა და იცოდა, როგორ უნდა მოქცეულიყო. მას სამედიცინო განათლება აქვს?
- არანაირი სამედიცინო განათლება არ აქვს. ერთხელ ნაკრებში თამაშისას ხიზანიშვილი ლორიას დაეჯახა და მჭედლიძემ, როგორც ამბობენ, ლორია გადაარჩინა. ჯაბა უყურებდა იმ ყველაფერს. მეორე შემთხვევა დნეპროპეტროვსკში მოხდა, შეკრებაზე იყვნენ და მათ ბრაზილიელ მოთამაშეს, ჯულიანოს დაემართა მსგავსი რამ. მაშინაც ჯაბა პირველი არ მისულა, მაგრამ ახლოს იყო და მიხვდა, მსგავს სიტუაციაში როგორ უნდა მოქცეულიყო. ფეხბურთში ხშირია ტრავმა. ჯაბაც ტრავმის გამო ორი წელი ვერ თამაშობდა და მაშინ არც ერთ ჟურნალისტს არ გახსენებია. ამის გამო ჯაბა ძალიან გაბრაზებული და ნაწყენია.
იხილეთ სრულად