"კვირის პალიტრის" არქივიდან, 2002 წელი:
"- რუსეთის უკანასკნელი იმპერატორის, ნიკოლოზ II-ის ქალიშვილი ტატიანა აფხაზეთის ომამდე სოხუმში ცხოვრობდა, იმპერატორის ოჯახის დანარჩენი წევრები კი კარგა ხნის წინათ მიიბარა საქართველოს მიწამ. უფლისწული ალექსი დაახლოებით 20 წლის ასაკში მოწამლეს გუდაუთაში, სადაც მოგვიანებით ვიღაც გამვლელმა ცემით მოკლა მეფის ასული ანასტასია. მოწამებრივი სიკვდილით აღესრულა დიდებული ოჯახის თითოეული წევრი, - მიამბობს თამარ მეფის ორდენის მაგისტრი ვახტანგ ჯორჯიკია და რუსეთის უკანასკნელი იმპერატორის ოჯახის შესახებ დღემდე გაგონილი, წაკითხული თუ ფილმად ნანახი ყველაფერი თავდაყირა დგება და კითხვა - ნუთუ მართალია? - გონებას ბურღავს. აკვიატებულ კითხვას ნაამბობთან ერთად, ვახტანგ ჯორჯიკიას დიდი წინაპრის (ბაბუა დედის მხრიდან), ალექსანდრე გრიგოლიას მიერ სასწაულებრივად გადარჩენილი დოკუმენტები, ფოტო ემატება, სადაც 1918 წლის 17 ივლისს სკანდალურად გახმაურებული დახვრეტის შემდეგ, "მკვდრეთით აღმდგარი" ნიკოლოზ II და უფლისწული ალექსი არიან აღბეჭდილნი.
- ოფიციალური ცნობებით, ნიკოლოზ II და მისი ოჯახის ყველა წევრი ბარბაროსულად დახვრიტეს ეკატერინბურგში, მაგრამ ეს ასე არ იყო. 1918 წელს გერმანელებმა კატეგორიულად გააფრთხილეს ბოლშევიკები, რომ თუ იმპერატორის ოჯახს გაანადგურებდნენ რუსეთში, გერმანია ლენინის საქმეებს, მის ორმაგ აგენტობას გამოამზეურებდა. დანაშაული მაინც მოხდა, მაგრამ ეკატერინბურგში ბოლშევიკებმა რომანოვების ორეულები დახოცეს და ვითომ სამეფო სამარხში სწორედ მათი დანაწევრებული და მჟავითა და ბენზინით დამწვარი ცხედრები ჩაყარეს.
- ე.ი. ლენინის ცოდვებმა ნიკოლოზ II-ის ოჯახი საშინელი სიკვდილისგან იხსნა?
- განა შეიძლება ასე ითქვას? მათ მაინც მოწამებრივი ცხოვრება ხვდათ წილად. დაპატიმრებული იმპერატორის ოჯახს ყველა ცივილიზებულმა სახელმწიფომ ზურგი აქცია. მხოლოდ საქართველომ მიხედა განსაცდელში მყოფთ. ძნელად დასაჯერებელი ამბავია, მაგრამ მეფის ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა და რუსეთის უკანასკნელი იმპერატორი საქართველოში კოდორის ხეობით, სოხუმის სამხედრო გზით შემოვიდა.
- ვინ განახორციელა ეს ურთულესი ოპერაცია?
- ნიკოლოზ II-ის ოჯახის წინაშე ამ დამსახურებისათვის ერთადერთი ბაბუაჩემი გადაურჩა ბოლშევიკების რისხვას. ამ პროცესში მონაწილე მისი ძმებიდან ერთი დახვრიტეს და ერთმაც თავი მოიკლა. ქაქუცა ჩოლოყაშვილი, უჩა დადიანი - ბებიაჩემ მენიკის ძმა და ერთი შარვაშიძეთაგანი, რომლის სახელიც აღარ მახსოვს, ამ ურთულესი ოპერაციის მონაწილეები იყვნენ, მისი უდიდებულესობის ე.წ. "ველური დივიზიის" ქართველ ოფიცრებთან, თეთრგვარდიელებთან და რუს ბოლშევიკებთან ერთად.