13 აპრილს კოალიცია "ეროვნული პლატფორმა" ევროპის მოედანზე აქცია-კონცერტს - "მე ვირჩევ ევროპას" გამართავს. როგორც კოალიციის ხელმძღვანელი ლაშა ტუღუში ამბობს, აქცია-კონცერტის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ საქართველოში ევროკავშირის ელჩი - ფილიპ დიმიტროვი და საქართველოს "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელი.
ტუღუშის თქმით, საქართველოს ევროპული არჩევანი არის მყარი და ეს ყველას მუდმივად უნდა შევახსენოთ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ. მნიშვნელოვანია, რომ ეს ღონისძიება არაპოლიტიკურია, სადაც საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები სიტყვით გამოვლენ, მუსიკოსები კი თავიანთ პოზიციას სიმღერით გამოხატავენ.
"ამები.გე" რამდენიმე მომღერალს დაუკავშირდა.
სოფო ტოროშელიძე, ჯგუფი "ელდრაინი":
- ეს კონცერტი ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობას ეხება. როგორც კი მასში მონაწილეობა შემოგვთავაზეს, დიდი სიხარულით დავთანხმდით. კარგი იდეაა და მნიშვნელოვანი საქმეა საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრება. ასე რომ, ჩვენი ჯგუფი - "ელდარაინი" გამოვდივართ და ვაპირებთ, რომ ჩვენი ალბომიდან რამდენიმე კომპოზიცია შევასრულოთ. ალბომი შეიძლება ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციას არ ეძღვანება, მაგრამ ავღანეთის თემას უკავშირდება, თუმცა თემატურად ამ ყველაფრისგან არც ისე შორს ვართ.
- როგორც რიგითი მოქალაქე, რას იტყვი, რას მოუტანს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია?
- ძალიან ბევრ სიკეთეს - ნელ-ნელა საერთოდ შეიცვლება საქართველოს ყოფაცხოვრება და ყველაფერი მხოლოდ კარგისკენ წავა, რაც უპირველესად ჩვენს განვითარებას ემსახურება. ამის მჯერა, იმედი მაქვს და სიხარულით მხარს ვუჭერთ ჩვენი ჯგუფი, ხუთივე წევრი.
გიორგი სუხიტაშვილი, მომღერალი:
- დღესავით ნათელია, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია სჭირდება. ჩვენ კი ევროინტეგრაციის მხარდაჭერით, უპირველესად მხარს ვუჭერთ: განათლებას, ადამიანის უფლებებს, შეზრუდული შესაძლებლობების მქონე პირების საზოგადოებაში სრულფასოვან ინტეგრაციას, მათ უფლებებს და ყველაფერ იმას, რაც ევროპული საზოგადოებისთვის კარგია. ადამინები ამბობენ, რომ ეს ყველაფერი ერთსქესიანთა ქორწინების მხარდაჭერას ნიშნავსო. ეს მითი უნდა დაინგრეს, დიდი სისულელეა. ევროპაში ჩვენი ღირებულებებით უნდა შევიდეთ. მოვიშალოთ დოგმები, რაღაც ჩვენ მიერ მოგონილი, უცნაური პრინციპები და უფრო მეტი თავისუფლება მივცეთ საკუთარ თავებს და დიდხანს ვიცოცხლებთ.- განსხვავებული აზრიც არსებობს...
- კი, არსებობს, ყველას არ უნდა ევროპაში ინტეგრაცია. ზოგს უბრალოდ არც არავისთან არ უნდა. ბევრიც სკეპტიკურად არის განწყობილი... თუ ევროპაში შევალთ, იმას არ ნიშნავს, რომ ის, ვინც ამას მხარს არ უჭერს, დისკრიმინირებული იქნება. ჩვენს ქვეყანაში კი სამწუხაროდ ამის პრობლემას ვხედავ. არადა, დემოკრატია გვინდა, განსხვავებულ აზრს კი ვკლავთ...
- რამდენ სიმღერას შეასრულებ?
- კონცერტის ორგანიზატორები რამდენსაც მოითხოვენ...სოფო გელოვანი, მომღერალი:
- კარგია, რომ მომღერლებსაც მოგვეცა საშულაება, მონაწილეობა მივიღოთ პროექტში, რომელიც მხარს უჭერს ევროპასთან დამეგობრება-დაახლოებას. იქიდან ბევრი კარგი რამის სწავლა და გადმოღება შეიძლება. ევროპასთან სიახლოვე არ ნიშნავს, რომ ევროპა ცუდია და რომ იქიდან მხოლოდ ცუდი შემოდის! მათგან ბევრი დადებითი და სასარგებლო რამის გადმოღება და სწავლა შეგვიძლია. ჩვენ შინაგანად ხომ ევროპელებიც ვართ. სიამოვნებით ვიღებ ამ კონცერტში მონაწილეობას. მე და ნოდიკო ვიმღერებთ "ევროვიზიაზე" ჩვენ მიერ წარდგენილ ნამუშევარს.
ლალი ფაცია
სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის