საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს არაერთხელ უთქვამს, რომ ადამიანმა თავის სიცოცხლეში რამდენიმე ხე მაინც უნდა ახაროს. ცნობილია, რომ ჩვენს პატრიარქს მცენარეებს შორის გამორჩეულად უყვარს კედარი.... "დარგე შენი ხე! - მოდი, ერთად გავაშენოთ ტყე!" - ასე ჰქვია "კვირის პალიტრის" საშვილიშვილო პროექტს, რომელსაც თავისი ჩანართის "მამულ-დედულის" საშუალებით, მკითხველს სთავაზობს (ჩანართი პატრიარქის კურთხევით გამოდის). 14 აპრილს მკითხველი ნომერთან ერთად, სპეციალურ პაკეტში ჩადებულ მარადმწვანე ხის, ჰიმალაის კედრის თესლს მიიღებს, რომელსაც ქოთანში, ან რაიმე სხვა ჭურჭელში გაახარებს.
ერთი წლის შემდეგ კი, 2015 წლის 18 აპრილს, "კვირის პალიტრის" 20 წლის იუბილეზე, სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე, გაზეთი მკითხველს თავიანთი კედრის ჩითილით მოუხმობს, რათა ყველამ ერთად, ღია გრუნტში გადავიტანოთ პატარა ნერგები და საფუძველი ჩავუყაროთ ტყის გაშენებას.
"კეთილი საქმე" - ასე მონათლეს ჩვენმა რესპონდენტებმა პროექტი, რომელზეც საკმაოდ ემოციურად საუბრობენ:
ნინო ჩხობაძე - "საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრები" თანათავმჯდომარე:
- საქართველოში ტყის პრობლემა ერთ-ერთი უპირველესია. ურბანული ქალაქების გარშემო ჩვენ უკვე აღარა გვაქვს ბუფერული ზონები, არა გვაქვს გამწვანებული სივრცეები. ქართულ ქალაქებს დააკლდა რეკრეაციული ზონები. ამიტომ "კვირის პალიტრის" ეს წამოწყება განსაკუთრებით ყურადსაღებია: ის არ გულისხმობს მხოლოდ პარკებისა და სკვერების გაშენებას, ეს ნიშნავს ტყის მასივების გაშენებას. ჩემი აზრით, ამაზე უკეთესს ვერაფერს გავაკეთებთ. პატრიარქის მოწოდება ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის - გარემოს დამცველებისათვის, ეს არის ყველაზე კარგი გამოსავალი, რითაც შეგვიძლია საქართველო და მისი ბუნება ვიხსნათ, გადავარჩინოთ. ყველამ იცის, როგორ არის მოწამლული გარემო, ამიტომ რეკრეაციული ზონების აღდგენა და სწორი დაგეგმარება ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა. ამ მოწოდებას ალბათ, ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები ნებისმიერი ადამიანი გამოეხმაურება. მგონი, ყველას გვინდა, რომ ჩვენი დედაქალაქის გარშემოც შეიქმნას ის ბუფერი, რომელიც მოსახლეობას სუნთქვის საშუალებას მისცემს. თუ გვინდა, რომ ჩვენმა შვილებმა ისუნთქონ, ამ წამოწყებას ხელი უნდა შევუწყოთ. ვფიქრობ, ამ გონივრულ წამოწყებას ყველამ უნდა მიბაძოს, ადამიანი არ უნდა დარჩეს, რომელიც ერთ ხეს მაინც არ დარგავს.
ლევან უჯმაჯურიძე - სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი:
- ეს არის უაღრესად კეთილი წამოწყება, კეთილი საქმე! სამწუხაროა, რომ ტყეს ჩვენ წლების განმავლობაში არ ვუვლიდით, რამაც გამოიწვია ის კატაკლიზმები, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს: ღვარცოფები, ნიადაგის ეროზია, მეწყრული მოვლენები და ა.შ... დაახლოებით მილიონი ჰექტარი ნიადაგი არის ეროზირებული, რაც იმითაა გამოწვეული, რომ ჩვენ არასწორად მოვეპყარით ტყეს. ამას ბუნებაში არსებული კანონზომიერებების დარღვევა მოჰყვა. ახალი ტყის მასივების გაშენება დადებითი წამოწყებაა თუნდაც იმიტომ, რომ მწვანე საფარი ჟანგბადის მთავარი წყაროა. ამიტომ, ალბათ ყველა მიესალმება ამ დიდ წამოწყებას და მეც, როგორც ერთი რიგითი მოქალაქე, აუცილებლად შევუერთდები. რაც დავაშავეთ, ახლა მაინც უნდა გამოვასწოროთ! სხვათა შორის, ეს ორმაგად საინტერესო პროექტია. ახლავე აგიხსნით რატომ: ადამიანმა პატარა ბავშვივით უნდა მოუაროს კედარს და მერე თავისი აღზრდილი ნერგი დარგოს. როგორც ვიცი, ე.წ. ჰიმალაის კედარი ათას წელიწადს ცოცხლობს, მაგრამ თქვენი ხელით დარგული და გახარებული ნერგები კიდევ უფრო დიდხანს იცოცხლებს, იმიტომ რომ ეს კეთილი საქმეა, კეთილი ჩანაფიქრია.
გიორგი ბარისაშვილი - კონსულტანტი სოფლის მეურნეობის საკითხებში, მევენახეობა-მეღვინეობის მკვლევარი:
- დავიწყებ იმით, რომ ხის დარგვა თითქოს რაღაცით ტაძრის საძირკველის ჩაყრას ჰგავს... ადამიანმა სხვა სიკეთე რომ ვერ გააკეთოს თავისი ქვეყნისათვის, სიცოცხლეში რამდენიმე ხე მაინც უნდა დარგოს და ახაროს. ქართველი კაცისათვის ხე პირველ რიგში, აკვანია, დედაბოძია, მარნის მოჭრიალე კარია, გუთანია, უღელია, ყავარია და თუ საჭირო გახდა შუბის ტარიცაა, ამის მერე - სხვა დანარჩენი...
როდესაც ჩვენი წინაპრები საცხოვრებლად ახალ ადგილს ირჩევდნენ, საძირკვლის ჩაყრასთან ერთად ნერგებსაც რგავდნენ - ეს ორი საქმე ერთმანეთის პარალელურად კეთდებოდა. ხის დასარგავად ადგილის შერჩევას ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორც სახლის, ან თუნდაც ტაძრის ასაშენებელი ადგილის შერჩევას. თითოეულმა ჩვენგანმა კარგად უნდა გააცნობიეროს, რატომ გვიჩეხავდა აქ შემოსული მტერი ბაღ-ვენახს, რა იმალებოდა ამ მზაკვრობის უკან... თუმცა, უკანასკნელ პერიოდში საკუთარი ხელებით გავაკეთეთ ის, რასაც ადრე მტერი აკეთებდა: უმოწყალოდ გავჩეხეთ ჩვენი უნიკალური ტყის საფარი, რაც თავის მწარე ნაყოფს აუცილებლად გამოიღებს.ჩვენი უწმინდესის კურთხევა, მისი ინიციატივა ხეების გაშენების თაობაზე, მეტად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის, ჩვენი შვილებისა და მათი მომავლისათვის, ამიტომ ამ საქმეში შეძლებისდაგვარად ყველა ქართველი უნდა ჩაებას. უკეთესია, თუ ამ პროცესს რეგულარული ხასიათი მიეცემა. თანაც, კედარი ძვირფასმერქნიანი ხეა და მისი მოჭრა იკრძალება. ამიტომ ის ადგილები, სადაც ეს ხეები გაიხარებს, გასხვისებასაც გადაურჩება. ბოლოს ვიტყოდი, რომ ეს წამოწყება ჩვენი დიდი წინაპრების დაწყებული საქმის გაგრძელებაა. დაე, იხაროს მადლიან ქართულ მიწაზე დარგულმა ნერგებმა!
ხათუნა ჩიგოგიძე
ასევე დაგაინტერესებთ: