ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, ტელეკომპანია "საქართველოს ხმაში" დაიწყო სამსახური. მერე შრომითი გამოცდილება საინფორმაციო სააგენტოებში დააგროვა, სადაც ბევრი მეგობარი შეიძინა. მუშაობდა რამდენიმე გაზეთშიც, მაგრამ მერე ჟურნალისტიკას ჯანმრთელობის პრობლემების გამო ჩამოსცილდა. განსაცდელმა ეკლესიური გახადა და გალობაც ისწავლა...
დღესდღეობით ეკა ბახუტაშვილი "პალიტრამედიის" ინტეგრირებული ნიუსრუმის ("ინტერპრესნიუსი", "რადიო პალიტრა", პალიტრატვ.გე) აქტიური ჟურნალისტია და პარალელურად, თბილისის ერთ-ერთი ტაძრის მგალობელიც.
- "ინტერპრესნიუსში" 2006 წლიდან ვმუშაობ. 2008 წელს ჩვენს კომპანიაში რადიო გაიხსნა, იქაც ჩავერთე. მერე ტელევიზია "პალიტრატვ" შემოგვემატა. ტელესპეციფიკასაც დავეუფლე... ახლა თვითონ ვიღებ კადრებს და თვითონვე ვაწყობ იქიდან სიუჟეტს. ეს პროცესი ძალიან მომწონს და მაინტერესებს. პირველი სიუჟეტისთვის კადრები სომხეთში, მედიატურზე ყოფნისას გადავიღე, სადაც ძველი ქართული ისტორიული ძეგლების დასათვალიერებლად გავემგზავრეთ. ახტალის ტაძარი ძველი ისტორიული ქართული ძეგლია, რომელიც ტყეშია აგებული. იქ სომეხი სასულიერო პირი დაგვხვდა, რომელიც ლოცვას თავიანთი წესის მიხედვით ატარებდა. სამაგიეროდ, დასახლებაში არსებული სომხური მონასტერი მოუვლელი, გაპარტახებული და დაკეტილი დაგვხვდა...
- და ქართულ ტაძარში მსახურებენ?
- კი, ასეა... ქართველთა საფლავებზე გვითხრეს, სომხების არისო. ბარათაშვილს ბარათოვი ეწერა... არადა, ქართველთა წინაპრები იყვნენ იქ დაკრძალული. ძალიან მტკივნეული იყო ამის მოსმენა. ისე, ამ თემაზე სიუჟეტის გაკეთებაც რთული გახლდათ: სახელმწიფოთა შორის ურთიერთობების თვალსაზრისითაც და რელიგიური კუთხითაც. მოკლედ, სიუჟეტი არც მიკერძოებული ყოფილა და არც - ტენდენციური... იქ კიდევ რამდენიმე ტაძარი ვნახეთ, ერთ-ერთში (ქობერი), სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობდა. ჩვენი ჯგუფის ისტორიკოსი წევრი იქაურებს შეეკამათა, - ამ ყველაფერს რომ აკეთებთ, ვისთან გაქვთ შეთანხმებული, სამუშაოები მხოლოდ შეთანხმების შემდეგ უნდა დაგეწყოთო... იქ არაჩვეულებრივი ქართული ფრესკებია. ჩემი ყურადღება განსაკუთრებით უფლის ფრესკამ მიიქცია, რომელიც გადავიღე კიდეც... ამ საკითხის განხილვა მოგვიანებით ჩვენი კულტურის სამინისტროშიც მოხდა, მაგრამ რა გადაწყვეტილება მიიღეს - შეჩერდა თუ არა იქ სამუშაოები, ამის შესახებ ინფორმაცია ვერ მივიღე ვერც მას მერე, რაც კულტურის სამინისტროს დელეგაცია იქიდან დაბრუნდა. მოკლედ, ძალიან მიყვარს ისტორიული ქართული ტერიტორიების მოლოცვა და სადაც მივდივარ, ყველგან სიუჟეტისთვის კადრებს ვიღებ. ვიყავი ტაო-კლარჯეთში და კარგი მასალა ჩამოვიტანე... ზაფხულში აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ისტორიულ ჰერეთში გახლდით, სადაც ქართულ მართლმადიდებლურ ტაძარში მხოლოდ ერთი სასულიერო პირი მსახურებს. ეს ჩემთვის გამაოგნებელი რამ იყო...
- მრევლი თუ ჰყავს?
- რა თქმა უნდა, ჰყავს. კახში ისეთი ქართველები ცხოვრობენ, რომ მათი ნახვით გაოცებული დავრჩი. ქართულად ჩვეულებრივად ლაპარაკობენ. ვერც კი ვიგრძენი, რომ საქართველოდან გასული ვიყავი. სხვათა შორის, ასეთივე განცდა მქონდა სომხეთშიც. ეს ტერიტორიები საქართველომ საბჭოთა კავშირის დროს დაკარგა. ამ პრეისტორიებს ჩემს სიუჟეტებში ვყვები ხოლმე, თუ როგორ მოხვდა ჩვენი ტერიტორიები უცხო ქვეყნის საკუთრებაში. ჰერეთში ტაძრები მოვილოცეთ... იქ არის ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესია, რომელსაც ბევრი მომლოცველი ჰყავს. უცნაური ის არის, რომ იქ მუსლიმანებიც დადიან. ისინი ტაძრის ტერიტორიაზე არსებულ "ნატვრის ხეზე" ფერად-ფერადი ქსოვილების ნაკუწებს აბამენ და სურვილებს უთქვამენ. ეს წარმართული ტრადიცია იქ ძალიან მიღებულია... გიდმა გვითხრა, რომ იმ ტერიტორიაზე გარშემო სულ მუხებია და ამ ხეს იქ როგორც საკულტოს, ისე განიხილავენ. ტაძარში რომ შევედით, მუსლიმანებიც შემოგვყვნენ და სანთლების ანთებაზე ნებართვა გვთხოვეს. რწმენასთან დაკავშირებით ასეთი გაორებული დამოკიდებულება აქვთ...
- ამ ადგილებში სამსახური გაგზავნის?
- ყოველთვის არა. ეკლესიიდან მეგობრები მივდივართ ხოლმე, მე მამა დავით ქვლივიძის მრევლის წევრი ვარ (ვაშლიჯვრის ნათლისღების ტაძარი) და ასე გვაქვს საქართველოს სხვადასხვა კუთხე მოლოცვილი. ასე დავათვალიერეთ და მოვილოცეთ რაჭა... საოცარი ენერგია მოდის რეგიონში მყოფი მოხუცებისგან, ადგილობრივი მცხოვრებლებისგან. მათგან უდიდეს სითბოსა და სიყვარულს ვგრძნობ. ზოგჯერ ფეხით კილომეტრებს გავდივართ... ახალქალაქში ტურინის სუდარის ასლი აღმოვაჩინეთ. იქ ერთ პატარა ტაძარში, მეუფე წირავდა, იქვე მუზეუმი იყო, სადაც ის სიწმინდე ინახებოდა. რა თქმა უნდა, მის გადასაღებად კურთხევა ავიღე... ეგვიპტეში ვიყავით, სინას მთაზეც, სადაც IX საუკუნის ძველი ქართულით დაწერილი სახარება ინახება. საოცარი სანახავი იყო. იქვეა "შეუწველი მაყვალიც" ანუ ადგილი, სადაც მოსეს უფალი გამოეცხადა (წმინდა ეკატერინეს ტაძრის გვერდით). ლოცვის შემდეგ წმინდა ეკატერინეს გამოსახულებით ბეჭდები და ხატები გვაჩუქეს. კაიროში შევხვდით ალექსანდრიის პატრიარქს - თეოდორე II-ს, რომელიც საქართველოში 2008 წელს იმყოფებოდა. მან რამდენიმე საგალობლის შესრულება გვთხოვა. ბოლოს "მრავალჟამიერი" ვუმღერეთ და ჩვენმა მოძღვარმა, რომელიც გვახლდა, ჩვენსა და პატრიარქს შორის შუამავალ სასულიერო პირს უთხრა, - პატრიარქს მრავალჟამიერ სიცოცხლეს ვუსურვებთო. თეოდორე II-მ ეს რომ მოისმინა, ფეხზე წამოდგა და ჯვარი გადაგვსახა. წამოიშალა მთელი საზოგადოებაც...
- მან იცოდა, რომ მგალობლები იყავით?
- პატრიარქები ხომ ადამიანების გულისხმას კითხულობენ. აქედან გამომდინარე, ალბათ მიხვდა, რომ იმ დროს რეზიდენციაში ჩვენი სახით მგალობლებიც იყვნენ... ადამიანებს არ უნდათ იმის დაჯერება, რომ პატრიარქები ადამიანების ფიქრებს კითხულობენ, მაგრამ ეს ასეა. რომ გაიგეს, ტაძრის მრევლი ვიყავით, ჩაისა და ყავაზე მიგვიწვიეს, ტკბილეულით გაგვიმასპინძლდნენ. ამ ფაქტის ამსახველი ვიდეოც არის და ფოტოც. ბოლო დროს, საქართველოში ასურელი მამების საფლავებზე დავდივართ... ხევსურეთშიც გახლდით, ერთი-ორი კოშკი ჩამოინგრა და მის აღდგენაზე იყო ლაპარაკი. ღამე კარვებსა და "მარშრუტკაში" გავათენეთ. შატილთან ახლოს ვიყავით და არდოტზეც ავედით... ასეთ ადგილებს რომ ნახულობ და მოილოცავ, მერე სხვა თვალით უყურებ საქართველოს.
- აქტიური ჟურნალისტი ხარ და პროფესიულ საქმიანობას სულიერ ღვაწლს უთავსებ. არ გიჭირს?
- ყოველ კვირა დღეს ტაძარში უნდა ვიყო, სხვანაირად არ შემიძლია. ეს მე მჭირდება, სულიერ და ფიზიკურ ძალას მმატებს. ხომ გითხარით, იქ თავიდან იმის გამო მივედი, რომ მუხლზე სერიოზული პრობლემები დამეწყო, სიარული მიჭირდა, გამოკვლევების შედეგად, ექიმები დიაგნოზს ვერ მისვამდნენ. შესაბამისად, არასწორ მკურნალობას მიტარებდნენ, რამაც მდგომარეობა მეტად გაართულა. ტაძარში სკამით მივედი, რადგანაც როგორც ვთქვი, დგომა მიჭირდა.
- როგორ განიკურნე?
- ეკლესიაში სიარულმა და გალობამ განმკურნა; მერე ბოდბეში წმინდა ნინოს წყალში ხშირად ჩავდიოდი და ახლაც ჩავდივარ, რაც გამოჯანმრთელებაში ძალიან დამეხმარა და ფიზიკურად გამაძლიერა. ყოველთვის ვცდილობ, ვიპოვო რაღაც სხვა საშუალება, ძალა, მეთოდი, რომ არ ვიყო უიმედო მდგომარეობაში, რაშიც ღმერთიც მეხმარება.
- რას ნიშნავს შენთვის "პალიტრამედიის" ნიუსრუმში მუშაობა?
- აქ ცოდნაც შევიძინე, მეგობრებიც. მნიშვნელოვანია, რომ ამ კომპანიაში პროფესიულად გავიზარდე. რასაც ტელევიზიისთვის ვაკეთებ, ის რადიოვერსიისგან განსხვავებული უნდა იყოს. მამა გაბრიელის საფლავი რომ უნდა გახსნილიყო, ამის შესახებ 3 კვირით ადრე, პირველებმა ჩვენ ვთქვით. მამა მიქაელ ბოტკოველმა ეს ამბავი ექსკლუზიურად ჩვენ გაგვიმხილა. ეს რომ გავიგე, კინაღამ გავგიჟდი, საუკუნის მოვლენაზე იყო ლაპარაკი. მსგავსი რამ ჩვენში არ მომხდარა... აქვე მინდა ვთქვა, რომ კათოლიკოს-პატრიარქსაც საოცარი ძალა და უნარი აქვს, ადამიანის გულისთქმას მიხვდეს: ახლახან ებრაელი თემის წარმომადგენლები ეწვივნენ. სხვადასხვა სასულიერო კონფესიის ადამიანებს უყვართ მასთან სტუმრობა. ამჯერად რაბინები ესაუბრებოდნენ. იმ შეხვედრის გადაღება გადავწყვიტე, პატრიარქი მის შექმნილ საგალობელს უსმენდა. თავდახრილი იყო და თვალებიც დახუჭული ჰქონდა, შეუძლებელი იყო, დავენახე, მე რას ვაკეთებდი. მან უეცრად ჩემი კამერისკენ მოაბრუნა თავი და მზერა პირდაპირ მასზე შეაჩერა, უხერხულად ვიგრძენი თავი და გადაღება შევწყვიტე. იმ დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მას ფიქრების გაგება შეუძლია. აქვს უნარი ადამიანს მოუსმინოს, ამიტომაც მიდის მასთან ამდენი ხალხი, - მისგან მადლის მიღებას ცდილობენ. ზოგიერთს ეს მის მიმართ ფანატიკური სიყვარულის გამოვლინება ჰგონია, მაგრამ პატრიარქის ძალას მართლა გრძნობენ და მასთან ამიტომ მიდიან...
- ეკა, ამის პარალელურად, საკრებულოშიც გიწევს ხშირად ვიზიტები და იქიდან ნიუსების მომზადებაც...
- იქ სიარულსაც სხვანაირი ინტერესი აქვს. იქაურ სიტუაციასაც კარგად ვფლობ და ყოველთვის ვიცი, რაც ხდება. იმავე საკრებულოდან ხშირად გვქონია ისეთი თემები, რაც სხვა სააგენტოებს ვერ გაუკეთებიათ.
- ამ ყველაფრის მიუხედავად, ვიცი, რომ ცოტა ხნის წინ, გარკვეული გაუგებრობა შეგექმნა ქართველ ფემინისტებთან. რამ გამოიწვია ის დაძაბულობა?
- 8 მარტს ფემინისტებმა აქცია მოაწყვეს, რომლის მთავარი თემა ქალთა შრომითი უფლებების დაცვა იყო. გაიარეს ფილარმონიიდან რუსთაველის გამზირზე; ის ყველაფერი გადავიღე და ვიდეო პალიტრატვ.გე-ზე აიტვირთა (ჩემი კომენტარი იმ კადრებისთვის არ დამირთავს). ვიდეომ საიტის ვიზიტორებში უარყოფითი დამოკიდებულება გამოიწვია და შესაბამისად, ეს კომენტარებშიც აისახა. ფემინისტების ერთ-ერთი ლოზუნგი იყო: "არც - მოძღვარი და არც - ქმარი, თავის ბედს წყვეტს თავად ქალი". ამ ლოზუნგის მიხედვით რედაქტორმა ასეთი სათაური გააკეთა - "არა მოძღვარი და არა ქმარი". მგონი, განსხვავება არ იყო. ეს ვიდეო "ფეისბუკის" ჩემს პირად გვერდზეც ავტვირთე, საიდანაც გავრცელდა და დიდი დისკუსია გაუმართავთ, მე არც ვიცოდი: განიხილავდნენ თურმე ჩემი არაპროფესიონალიზმის საკითხს, რომ ვარ გაუნათლებელი და ა.შ. მერე საქმე იქამდე მივიდა, რომ ჩემს სამსახურიდან გათავისუფლებას მოითხოვდნენ... არადა, უცნაურია, ადამიანები ქალთა შრომით უფლებებს იცავდნენ, ეს იყო მათი მთავარი მოთხოვნა და ჩემი სამსახურიდან გაშვება უნდოდათ... მგონი, მათი ასეთი აზროვნება დიდი შეუსაბამობა იყო. მაგრამ "ინტერპრესნიუსს" ფემინისტებზე გასაცვლელი ჟურნალისტი არ ჰყავს. ისინი ჩემი აზრით, მაინც იმაზე გაღიზიანდნენ, რომ მათ აქციას ცუდი გამოხმაურება მოჰყვა...
- დაბოლოს, რა არის შენთვის მთავარი?
- მთავარი ბევრი რამ არის, მაგრამ პირველი და მნიშვნელოვანი, ალბათ მაინც სწორად ცხოვრებაა. როცა ხარ მართალი და ობიექტური, ეს ჟურნალისტისთვის ყველაზე დიდი დასაყრდენია.
ლალი ფაცია
(გამოდის ხუთშაბათობით)