"ორი ვარსკვლავის" კინომუსიკის ტურში ვახტანგ რჩეულიშვილმა და ნინა წკრიალაშვილმა ითამაშეს სცენა ფილმიდან "ცხრა-ნახევარი კვირა". მომღერალმა კიმ ბესინჯერის როლი ბოლომდე ვერ გაითავისა, მისგან ყველა გახდას ითხოვდა. მიკი რურკად ქცეული ვახტანგ რჩეულიშვილი კი ნინას სექსუალურმა მოძრაობებმა ისე დააბნია, ერთი მისამღერი მთლიანად გამოტოვა. მიზეზი თავად გაგვიმხილა, ცეკვა და სიმღერა ერთად მიჭირსო.
- ბავშვობაში ყველა ადამიანი ოცნებობს, განსაკუთრებით ის, ვინც ცუდად მღერის, რომ კარგად მღეროდეს, იდგეს სცენაზე და ხალხს მოსწონდეს მისი შესრულება. ეს ბავშვური ოცნება ერთ დღეს ნოე სულაბერიძემ ამისრულა. რამდენადაც ვიცი, სხვა პოლიტიკოსი ვერ დაითანხმეს და შევრჩი მე. ბევრი არ მიფიქრია, კონსულტაცია მაიასთან გავიარე. თავიდანვე ყველა გავაფრთხილე, რომ სიმღერა არ ვიცი, ვმღერი მხოლოდ ნასვამი, მხოლოდ მეგობრების წრეში და მხოლოდ ჩუმად. მუსიკალური სმენით ოჯახში არავინ გამოვირჩევით.
- შესაბამისად, ალბათ, მთელი ოჯახი კმაყოფილია თქვენი მუსიკალური მონაცემებით.
- (იცინის) იმ დღეს გუკა მეუბნებოდა, სიმღერა კი არ იცი, მაგრამ როგორც შოუმენი, შედექიო. მეც მიმაჩნია, რომ პროექტის მიზანი შოუა. უზარმაზარი სიხალისეა. მერე, რა არის, იცით? "ცენტრ პოინტის" სამწლიანი ისტორიით მთელი ოჯახი ტრავმირებული ვართ. მაიამ შექმნა ფინანსური იმპერია, რომლის ბიუჯეტი აფხაზეთის ბიუჯეტს უდრიდა. უნამუსოდ გაგვძარცვეს, 100 მილიონზე მეტი ქონება წაიღეს უგულავამ და მისმა კომპანიამ. დღეს რომ მშენებლობები დავასრულოთ, 17 მილიონია საჭირო. ეს 17 მილიონი მოსახლეობას აქვს ჩვენი ვალი.
- ამის გამო გაკრიტიკებენ სოციალურ ქსელებში, მოტყუებული მომხმარებლის წინ ცეკვა-სიმღერის როგორ არ რცხვენიაო…...
- არავის არაფერი დაუკარგავს. პირიქით, უკვე წაღებული ქონება გადავარჩინეთ. მომხმარებლის 40% სამართლიანად გვაკრიტიკებს. მათ რა დააშავეს, რომ დანარჩენ მომხმარებელს თანხა სრულად ვერ შემოაქვს? რა ეცეკვება, - რას ნიშნავს? მაგათი მონა ხომ არ ვარ. მათი ფული სახლში მაქვს წაღებული თუ რა? 3 წელი მე და მაიამ ჯოჯოხეთში ვიცხოვრეთ. ისე ვწვალობდით, როგორც ისინი. მე მკურნალობა შევწყვიტე უფულობის გამო. გერმანიაში დავდიოდი ყოველ წელს სამკურნალოდ. პატარა აღარ ვარ, 60 წლის გახლავართ, ჯანმრთელობის პრობლემები მეც მაქვს, და მაინც თაღლითებს გვეძახიან, იცით, ბინა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ბანკის კუთვნილებაა უკვე, ბანკში გვქონდა ჩადებული.
- შოუს დავუბრუნდეთ, ხშირად, სიმღერის გარდა, ჩაცმის სტილის გამოც გაკრიტიკებენ.
- ამაზე ყველაზე მეტად ვხალისობ. ჩემს მაყურებელს კარგ სიმღერას ვერ დავპირდები, იმიტომ რომ არ შემიძლია, მაგრამ შემიძლია ვანახვო კარგი სპექტაკლი. ამაში ნინა მეხმარება. ასეთი კულტურული მუსიკოსი ცოტა შემხვედრია ცხოვრებაში, ნებისმიერ შოუში მიიღებს მონაწილეობას. თუ საჭიროა, გაიხდის კიდეც. სამბას ტურზე ის საკარნავალო კოსტიუმი ჩემი იდეა იყო, ფოტო მოვიტანე და ვანახვე. მოეწონა და შეიკერა.
- ნახევრად შიშველი ქალის პარტნიორობა რომ გიწევთ ყოველ ტურზე, რთული არ არის?
- ისეთ ასაკში ვარ, მაინცდამაინც ტვინს ვერ ამირევს (იცინის). ორი შვილიშვილი მყავს უკვე.
- მაია ხომ არ ეჭვიანობს ნინაზე?
- არა, მაიამაც იცის ჩემი ხასიათი. კარგი გარეგნობის ქალზე ლამაზი არაფერი მიმაჩნია დედამიწის ზურგზე. ამ პროექტის მონაწილე გოგონებსაც თოჯინებივით ვუყურებ.… ჩაცმის სტილის დაწუნებას რაც შეეხება, გემოვნების ამბავია. მაიას მოსწონს და მაიას რომ ჟიურის ოთხივე წევრზე, ერთად აღებულზე, კარგი გემოვნება აქვს, ეჭვი არ შეგეპაროთ. სანქციას ყველაფერს მაია ადებს: ბიზნესი, პოლიტიკა, სიმღერა, ჩაცმა.
იხილეთ სტატიის გაგრძელება