"ორი ვარსკვლავი" რა შედეგებით დასრულდება და გამარჯვებას ვინ მოიპოვებს, ამის პროგნოზირება ნადრევი და ძნელია. მაგრამ წყალბურთელი მიშა ბაღათურია, თავის მეწყვილე, მომღერალ სოფო გელოვანთან ერთად, როგორც კონკურსანტი სიმპათიას რომ იმსახურებს, ფაქტია. თუმცა გუშინდელ ტურზე მათი დუეტი აუტსაიდერებში მოხვდა (ასეც ხდება ხოლმე). მათთან ერთად, კიდევ ორი წყვილი აღმოჩნდა აუტსაიდერთა რიგებში: გოგოლა კალანდაძე - ნოდიკო ტატიშვილი და მიშა ხუჯაძე და ანი კეკუა. მაგრამ ჟიურიმ ვეტოს უფლება გამოიყენა, ანუ არ გაეგდო არც ერთი მონაწილე, ყველა გადაერჩინა. ყველაფერი კი ხარების ბრწყინვალე დღესასწაულს დაამთხვიეს, რომ ასეთ დღეს ცუდი ინფორმაცია არავისთვის ეხარებინათ. "ამბები.გე" მიშა ბაღათურიას დაუკავშირდა.
- როგორ ფიქრობ, ამ პროექტში რა შანსი გაქვს? როგორ გგონია, კიდევ რამდენ ტურს გადალახავ?
- რთულია შანსებზე ლაპარაკი, რადგანაც გუშინ ისეთი ორი ადამიანი (მიშკა ხუჯაძე და გოგოლა კალანდაძე) მოხვდა ჩემ გვერდით აუტსაიდერებში, რომ ძალიან გამიკვირდა. 40-40 ქულა ჰქონდათ (მე - 39 ქულა). მოკლედ, ვინც ჟიურის ლიდერი იყო, ყველანი გაგდების ზღვარზე იყვნენ, მაგრამ ძალიან მაგარი რაღაც მოხდა, ჟიურიმ ყველა გადაარჩინა. დიდი მადლობა ამ იდეის ავტორს, რომ ასე გაგვახარა. კიდევ გაგვიხანგრძლივეს ამ შოუში ყოფნის დრო...
- ე.ი. მოგწონს პროექტი...
- კი, ძალიან საინტერესოა "ორი ვარსკვლავი". საშუალება მომეცა, საკუთარი თავი ახალ სფეროში გამომეცადა. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია. სასიხარულოა, რომ კარგ ადამიანებში მოვხვდი. ისინი ყველანი უკვე ჩემი ახლობლები არიან.
- არასდროს გყოლია ვოკალის პედაგოგი?
- ეს ყველაფერი ჩემთვის მთლიანად უცხოა. მუსიკასა და სიმღერაზე არასდროს მივლია და საერთოდ, ასეთი პროექტი ახალი რამ არის ჩემს ცხოვრებაში. ამ შოუმდე არაფერი ვიცოდი მუსიკის შესახებ არც პროფესიონალურ დონეზე და არც - სამოყვარულოზე.
- რა მოგწონს ამ პროცესში?
- ყველაზე მეტად მომწონს კოლექტივი, ჯგუფი, ვისთან ერთადაც ვთანამშრომლობ, ანუ გუნდური მუშაობა. შემდეგ უკვე თვითონ ფორმატი მომწონს.
- წყალბურთი სიმღერას რომ შეადარო?
- განსხვავებული რაღაცებია. ცხადია, წყალბურთი მეადვილება.
- წყალბურთს როდიდან თამაშობ?
- ბავშვობიდან - 8 წლიდან. ვისაც წყალბურთი არ უთამაშია, გაუჭირდება მიხვდეს, რა არის ის. ერთი დიდი ოჯახია, სადაც გაერთიანებულია კარგი, კეთილი, ჯანმრთელი საზოგადოება! ვინც ამ სპორტის არსი იცის, შეუძლებელია, ის გარკვეული პრინციპების გარეშე ითამაშოს.
- შენ რა პოზიციებზე თამაშობ?
- ნახევარმცველი ვარ, გამთამაშებელი.
- როგორ გგონია, სიმღერაში ლაღად როდის გაცურავ?
- ჯერ ვერ გავცურე. თუ დავრჩი პროექტში, პირობას ვდებ, რომ უკეთეს შედეგებს ვაჩვენებ.
- შენი მეწყვილე, უნიჭიერესი სოფო გელოვანი ძალიან გმფარველობს და გპატრონობს.
- კი, ასეა. სოფოს ახლოს არ ვიცნობდი, მაგრამ შორიდან მასზე ბევრი რამ მსმენოდა. როცა ახლოს გავიცანი, აღმოჩნდა, რომ ჩემთვის ახლობელი ოჯახიდან ყოფილა. ბერი საერთო მეგობარი გვყავს. მისი მეუღლე ჩემი ახლობელია. სოფოს ყველა აქებს. მეც ვადასტურებ, რომ უძლიერესი მომღერალია. პროფესიონალია, რაც მეც მიადვილებს მუშაობას.
- საპირისპირო სქესის ადამიანებში დიდ სიმპათიას იმსახურებ. ალბათ, არც მანამდე გაკლდა თაყვანისმცემლები, მაგრამ ამ პროექტის შემდეგ, მეტად შემოიკრიბე. რა ვუთხრათ შენს გულშემატკივრებს (დავაწყნაროთ თუ ავაფორიაქოთ) შეყარებული ხარ?
- არა და თან, ამჯერად პროექტით…ვარ დაკავებული.
- ვის შეუძლია შენი გულის მონადირება?
- იდეალი არ მყავს და კონკრეტულად ვერ ვიტყვი, ეს ვის შეუძლია. ყველაფერი თავისით მოდის ხოლმე. ამიტომ კონკრეტულად ვერაფერს ვიტყვი.
- ყველაზე მეტად ვინ გგულშემატკივრობს?
- ჩემი გუნდი - წყალბურთელები და ჩემი ოჯახი.
- რას ეტყოდი შენს გულშემატკივარს?
- ვისაც მოეწონება ჩემი ნამღერი და ვისაც ვესიმპათიურებით მე და სოფო, ანუ ჩვენი დუეტი, დამიმესიჯეთ ნომერზე - 95 204.
ლალი ფაცია
სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის