სამშენებლო მასალების უმეტესობა უხარისხოა. პრობლემას დიდწილად ისიც განაპირობებს, რომ საბაჟოზე შემოსული მასალების ეკოლოგიური უსაფრთხოება არ მოწმდება და არ ხდება კონტროლი. მოქალაქეები, რომლებიც ეკონომიის მიზნით იაფ სარემონტო მასალებს ყიდულობენ, საბოლოოდ ათასობით ლარით ზარალდებიან.
ასოციაცია "მშენებლობა ფალისიფკაციის გარეშე" თავმჯდომარის ანზორ საკანდელიძის თქმით, საქართველოში ფალსიფიცირებული და უხარისხო მასალები თავისუფლად შემოდის და ასევე თავისუფლად, უპრობლემოდ იყიდება, რადგან არავინ ითხოვს მასალის სერტიფიკატს, რომლის ფლობაც საზღვარგარეთ აუცილებელია.
"სამშენებლო მასალები, რაც შემოდის, აბსოლუტურად ფალსიფიცირებულია. ეკოლოგიურად მოწამლული, ერთჯერადი ნაწარმით ვაჭრობენ. რემონტისას მოსახლეობა უხარისხო, გამოუსადეგარ მასალებს იყენებს და შემდეგ ევრორემონტს არქმევს. მსოფლიოში მოსახლეობის 70% სწორედ სამშენებლო ნორმების დარღვევის გამო კვდება.
ჩვენი ასოციაცია ხელისუფლებისგან კატეგორიულად ითხოვს, რომ სამშენებლო მასალებზე კონტროლი დაწესდეს. უწყებიდან უწყებაში დავრბივართ და ვერანაირ შედეგს ვერ მივაღწიეთ. ადგილობრივია თუ იმპორტული, ნებისმიერ სამშენებლო მასალას შემოწმება სჭირდება. განსაკუთრებით რადონის რაოდენობა უნდა შემოწმდეს. სამწუხაროდ, ამ ნივთიერების ნორმაც არ არის დადგენილი, რის გამოც დასაშვებ ზღვარზე საუბარიც არ შეიძლება. ამ დროს კი სიცოცხლისთვის საშიშია, რადგან მასალაში რადონის მაღალი შემცველობა ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანის ტოლფასია.
საქმე იქამდეა მისული, რომ ჩერნობილის რადიაციული არმატურის გაყიდვაც დაიწყეს და ქვეყანაში ასეთი არმატურა დიდი რაოდენობით შემოდის. როდესაც გიგი უგულავას კონტროლის გაწევა მოვთხოვეთ, გვითხრა, რომ სამშენებლო ბიზნესს ვერ დააზარალებენ. ბიზნესს უფრთხილდებიან და საკუთარ მოსახლეობას ღუპავენ", - აცხადებს საკანდელიძე.
მომხმარებელს უნდა ჰქონდეს ელემენტარული ცოდნა, რომ სამშენებლო მასალის შეძენისას სერტიფიკატი მოითხოვოს, რასაც არავინ აკეთებს. რაც შეეხება შენობების ეკოლოგიურ უსაფრთხოებას, როგორც საკანდელიძე ამბობს, არც ის კონტროლდება, რაც საბოლოოდ ბუმერანგივით უბრუნდება მოსახლეობას და ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.
"უხარისხო მასალებს არც სახელმწიფო აკონტროლებს და არც მომხმარებელი იჩენს სიფთხილეს, ამ მხრივ სრული ქაოსია. ამიტომაც შემოდის ჩვენს საზღვრებზე უხარისხო, იაფფასიანი და ფალსიფიცირებული მასალები. ადრე უხარისხო თურქული პროდუქცია იყიდებოდა დიდი რაოდენობით, ახლა ამ ქვეყანას ჩინეთმა გადაასწრო.
თურქებმა თავიანთი ნაწარმი კარგად შეფუთეს: ერთობლივი ფირმები გააკეთეს სხვადასხვა მოწინავე სახელმწიფოებთან. ამიტომ შეიძლება შეგხვდეთ თურქულ-გერმანული, თურქულ-ამერიკული სამშენებლო ნაწარმი, რომელიც უხარისხო და ფალსიფიცირებულია.
ჩემმა ერთმა ნაცნობმა, რომელსაც მოსაპირკეთებელი მასალები შემოაქვს, მითხრა, რომ საბერძნეთში ცალკე აქვთ გადადებული უხარისხო მასალები, რომლებსაც სხვა ქვეყნის საბაჟო არ გაატარებს და ამიტომაც საქართველოსთვის არის განკუთვნილი", - ამბობს ანზორ საკანდელიძე.
ნატო მაისურაძე, რომელსაც 2 წლის წინ ბინის რემონტი 12 000 ლარი დაუჯდა, ამბობს, რომ ძლიერ დაზარალდა. ის ამ თანხას "წყალში გადაყრილად" თვლის და ამბობს, რომ ბინას რემონტი თავიდან სჭირდება.
"მიზერული შემოსავალი მაქვს და რემონტისთვის იაფი მასალის ყიდვა გადავწყვიტეთ. მთელი ძვირფასეულობა, რაც გამაჩნდა გავყიდე, რომ ნორმალურ პირობებში გვეცხოვრა. არ მეგონა, რომ რემონტი ასე მალე სანანებელი გამიხდებოდა. თითქმის არაფერმა არ გაამართლა: შემოსასვლელსა და აბაზანა-ტუალეტში დაგებული კაფელი აყრას იწყებს, ონკანები და ჩამრთველები მოიშალა და არც კედლები გამოიყურება სახარბიელოდ. ის, რომ რემონტი ახალი გაკეთებულია, სახლს არ ეტყობა.
შეწუხებულმა ხელოსნები დავიბარე, რომ მათი გაკეთებული ენახათ და პასუხი ეგოთ, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი უხარისხო მასალას დაბრალდა. ძალით არავის მოუცია, არჩევანი მე გავაკეთე და სათავცემო გამიხდა. რემონტისთვის მთელი ოქროულობა გავყიდე და მაინც ათასობით ლარი ვიზარალე", - ამბობს ნატო მაისურაძე.
ანალოგიურ სიტუაციაში აღმოჩნდა ვახო გულიაშვილი, რომლის თქმითაც, ფული კოსმეტიკურ რემონტში უშედეგოდ დახარჯა.
"რემონტისთვის 7 000 ლარი დამჭირდა, ბევრი არ დამიხარჯავს, მაგრამ ეს შეღავათი ნამდვილად არ არის. ისეთივე რემონტი, ძვირიანი მასალით რომ გავაკეთო, ორმაგი დამიჯდება. ის კი, რაშიც ფული დავხარჯე, 2-3 წელიწადში თავიდან მექნება გასაკეთებელი. გამოდის, რომ ეკონომია ფუჭად გავწიე, თანხას კი რამდენიმე წელი ვაგროვებდი.
ხელმეორედ რემონტს ნამდვილად ვერ გავაკეთებ. იქამდე მაინც, სანამ ოჯახში შემოსავალი არ მოიმატებს. ახლა მეტი გამოცდილება მაქვს და დანამდვილებით ვიცი, რომ უხარისხო მასალით ბინა არ უნდა გარემონტდეს. ერთდროულად ეკონომია გასწიო და რემონტი გააკეთო, თურმე წარმოუდგენელია", - ამბობს დაზარალებული მობინადრე.
რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მომხმარებელთა უფლებების დაცვის ორგანიზაციებში, სადაც ყოველდღიურად ათობით საჩივარი ფიქსირდება, სამშენებლო დარგს არც ერთი არ შეეხება. მიუხედავად იმისა, ამ პრობლემას ადამიანები ხშირად აწყდებიან, საკუთარი უფლებების დაცვას არ ცდილობენ.
დღეს მოსახლეობაში მეტ-ნაკლებად არის ინფორმაცია მომხმარებელთა უფლებების შესახებ, თუმცა როგორც უფლებადამცველები ამბობენ, ადამიანები მას, საკვების გარდა, სხვა შემთხვევაში ნაკლებად მიმართავენ. სამშენებლო მასალების მიმართულებით ასეთი ტიპის საჩივარი საერთოდ არ მოიძებნება.
მარი ჩიტაია
გაზეთი "რეზონანსი"