ევროკავშირი ამჟამად მზად არ არის თავის გაერთიანებაში უკრაინის მისაღებად. "უკრაინა ამისთვის მზად არ არის არც დღეს, არც უახლოეს მომავალში, ისევე, როგორც არც ევროკავშირია მზად, მიიღოს ისეთი ქვეყანა, როგორიც უკრაინაა", - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ გერმანულ გაზეთ "Kоlner Stadt-Anzeiger"-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომლის თარგმანს "ლიგა.ნეტ" აქვეყნებს.
ამასთან, ბაროზომ დაადასტურა ევროკავშირის სურვილი, დაეხმაროს კიევს დემოკრატიისა და სტაბილურობისკენ მიმავალ გზაზე.
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს ბაროზომ ევროპის უსაფრთხოებისთვის მეტ-ნაკლები გამოწვევა უწოდა. "ჩვენ უკვე ვიყავით საშინელი ომების მხილველები ბალკანეთში, მაგრამ მაშინ, ევროპის უსაფრთხოება, როგორც ასეთი, საფრთხის ქვეშ არ დამდგარა. დღეს კი ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყანა რუსეთის მხრიდან უშუალო საფრთხეს ხედავს", - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
მანვე მნიშვნელოვანი ფაქტი უწოდა იმას, რომ ევროკავშირი მოცემულ კონფლიქტში ერთ ხმაზე საუბრობს. "ჩვენ უნდა გავაგებინოთ პუტინს, რომ მისი საქციელი მიუღებელია", - განაცხადა ბაროზომ.