ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეა, ისარგებლა იმ მომენტით, როდესაც ყოფილი ხელისუფლება, რუსეთის მიმართ უპრეცენდენტო წინააღმდეგობის გაწევით იყო დაკავებული, - ამის შესახებ თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ბაჩო ახალიამ სააპელაციო სასამართლოში, საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას განაცხადა, რომელიც მის დაკავებას და მის წინააღმდეგ ბრალდებებს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს.
"ახალი ხელისუფლება კვლავ აგრძელებს საზოგადოების შოკირებას, რაც გამიზნულია იმისთვის, რომ სამოქალაქო დაპირისპირება დაიწყოს. სწორედ სამოქალაქო დაპირისპირება არის გზა, რომელსაც საქართველოს ხელში ჩააგდებინებს რუსეთს. ბიძინა ივანიშვილი 100 წლის შემდეგ მოიქცა ზუსტად ისე, როგორც სერგო ორჯონიკიძე", - განაცხადა ბაჩო ახალაიამ.
მისი თქმით, 2008 წლის ომის შემდეგ ხელისუფლების მთავარი ამოცანა იყო, ერთი მხრივ, რუსული აგრესიისთვის წინააღმეგობა გაეწია, მეორე მხრივ კი, არ მოედუნებინა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება რუსეთის ქმედებების მიმართ. როგორც ახალაიამ აღნიშნა ამაზე გარკვეული ჯგუფები მუშაობდნენ.
"მთავარი ამოცანა 2008 წლის შემდეგ იყო ქვეყნის შიგნით არეულობის მოწყობა, რაც ჩაშალა არჩევნებმა და "ნაციონალური მოძრაობის" არჩევნებში დამარცხებამ. ოპოზიციური პოლიტიკური პირები გამოდიოდნენ და საუბრობდნენ სამხედრო ფორმირებებზე, სწორედ აქედან გამომდინარე დავტოვე ქვეყანა, რათა დამატებითი ბიძგი არ მიმეცა და როდესაც ვითარება განიმუხტა, შემდეგ დავბრუნდი ქვეყანაში. ამ ყველაფრის მიზანი იყო შიდა სამოქალაქო დაპირისპირება, თუმცა ეს მაშინ არ მოხერხდა. ახლა კი ხელისუფლება ცდილობს საზოგადოების შოკირებას; ერთია, რას ლაპარაკობენ და მეორე, რა მოხდა სინამდვილეში. ეს ყველაფერი კი აღმოჩნდა, იმის მიზეზი, რომ საზოგადოება შეცდომაში შევიდა. პროკურატურა აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს", - განაცხადა ბაჩო ახალაიამ მოსამართლისადმი მიმართვაში და მას სთხოვა, რომ განვითარებულ მოვლენებს დაკვირვებით ადევნოს თვალი და გადაწყვეტილება შესაბამისად მიიღოს.
ამასთან, ახალაიამ გაიხსენა თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადება სამეგრელოში ბანდფორმირებების არსებობაზე.
"მოქმედი თავდაცვის მინისტრი ბევრს საუბრობდა და კარგად მახსოვს პრესკონფერენცია, რომელიც მან ჩაატარა უკანონო ბანდფორმირებებზე. სად არის ეს ბანდფორმირებები არავინ იცის, ანუ აღმოჩნდა, რომ ტყუილია. ხელისუფლება ცდილობს, სამოქალაქო დაპირისპირება შექმნა. ამას ემსახურებოდა მიხეილ სააკაშვილის დაბარება პროკურატურაში. ნატო-ს სამიტზე შეიძლება პროგრესი იყოს, მაგრამ ეს ვერაფერს შეცვლის თუკი ძლიერი სახელმწიფო არ ვიქნებით. თუმცა, თუკი ამ სახელმწიფოს უკან დგას სერგო ორჯონიკიძე, ნათელია, როგორც განვითარდება მოვლენები", - განაცხადა ბაჩო ახალაიამ.
მისი თქმით, გარკვეული ადამიანები ბრალდებულები სწორედ მასთან ასოცირების გამო არიან. ახალაია ხელისუფლებას მიმართავს, რომ თუკი დამნაშავეა, მხოლოდ მას აგებინოს პასუხი.
"ჩემთვის მთავარია, ეს ადამიანები არ ჩასვან ციხეში. მე ზუსტად ვიცი, რომ ციხიდან არავინ გამიშვებს. თუკი რამეში დამნაშავე ვარ, პასუხი მაგებინონ მხოლოდ მე", - განაცხადა ბაჩო ახალაიამ საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას ე.წ. შვიდი სპეცრაზმელის საქმეზე.