მოქალაქეებისთვის დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნების პროცედურა დაიწყო. 2015 წლის 1 აპრილიდან შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე გააქტიურდა დეკლარირების სპეციალური ფორმა, რომლის შევსებითაც დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნების პროცედურა იწყება.
Ambebi.ge გთავაზობთ ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს, რომელიც მოქალაქეებს ამ პროცედურასთან დაკავშირებით უჩნდებათ. მათ პასუხი შემოსავლების სამსახურმა საკუთარ ვებ-გვერდზე გასცა.
- ვის შუძლია ისარგებლოს "დაუბეგრავი მინიმუმის" გამოქვითვის უფლებით?
-დაუბეგრავი მინიმუმი ვრცელდება იმ ფიზიკურ პირზე, რომლის მიერ 2014 წელს მიღებული დასაბეგრი ხელფასი არ აღემატება 6000 ლარს. მაგალითად, თუ ფიზიკური პირის მიერ 2014 წელს დარიცხული ხელფასი შეადგენს 6000 ლარს და მან საშემოსავლო გადასახადით დაბეგრილი თანხა მიიღო 4800 ლარი (6000-6000*20%) უფლებამოსილია ისარგებლოს დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის უფლებით.
- როგორ იანგარიშება დასაბრუნებელი თანხა?
- ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავლიდან, რომელიც არ აჭარბებს 6000 ლარს, გამოიქვითება დაუბეგრავი მინიმუმი 1800 ლარი.
- როგორ გაარკვიოს პირმა აქვს თუ არა დაუბეგრავი მინიმუმით სარგებლობის უფლება?
- შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე www.rs.ge-ზე განთავსებულ დეკლარაციაში, მხოლოდ პირადი ნომრის მითითებით პირს შეუძლია აღმოაჩინოს, სარგებლობს თუ არა დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის და შესაბამისად თანხის დაბრუნების მოთხოვნის უფლებით.
- როგორ განისაზღვრება დაუბეგრავი მინიმუმით მოსარგებლე ფიზიკურ პირთა კატეგორია?
- დაუბეგრავი მინიმუმით მოსარგებლე ფიზიკურ პირთა (როგორც კერძო ისე საჯარო სექტორში დასაქმებული პირები) განსაზღვრა ხორციელდება აღნიშნულ პირებზე დამქირავებლ(ებ)ის მიერ შესაბამისი პერიოდის მიხედვით, განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე. ამასთან, პირთა განსაზღვრა განხორციელდება მუდმივად განახლებად მონაცემებზე დაყრდნობით.
- დაუბეგრავი მინიმუმის სარგებლობისას რა ვადაში ხდება შესაბამისი გადასახადის თანხის დაბრუნება?
- ელექტრონული დეკლარაციის წარდგენის შემდგომ, თქვენ მიერ დეკლარაციაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე, დაგიბრუნდებათ დაუბეგრავი მინიმუმის შესაბამისი თანხა "დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის შესახებ" დეკლარაციის რეგისტრაციიდან სამი თვის განმავლობაში. ამასთან, თუ თქვენ 2013 კალენდარული წლის მიხედვით ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალზე არ გისარგებლიათ დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის უფლებით, შეგიძლიათ მიმართოთ შემოსავლების სამსახურს, არაუგვიანეს 2015 წლის 30 სექტემბრისა.