მზესუმზირის მარცვლების კნატუნი უამრავი ადამიანისთვის თავშესაქცევი და საყვარელი საქმიანობაა. რაც მეტს მიირთმევ, უფრო მეტი გინდა და გაჩერება გიჭირს. ამ ჯადოსნურ მარცვლებს თავისი დადებითი და უარყოფითი თვისებები აქვთ, თუ გსურთ მეტი გაიგოთ, აუცილებლად განაგრძეთ სტატიის კითხვა.
არცთუ ისე დიდი ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მზესუმზირას თესლები ძალიან დიდი რაოდენობით შეიცავს ფიტოსტერინს, რომელსაც აქვს ქოლესტერინის დონის გაკონტროლების უნიკალური თვისება. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის! მაგნიუმის მაღალი შემცველობის გამო, მზესუმზირა გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის უებარია. ამას გარდა შეიცავს თუთიას, იოდს, სელენს, კალიუმს, ფოსფორს, რკინას...
მთავარი განძის, ცხიმოვანი მჟავების გარდა, ამ პაწაწინა მარცვლებში დიდი რაოდენობით შედის სხვადასხვა ვიტამინიც. მათგან გამოვარჩევდით ა და ე ვიტამინს, რომელიც ლამაზი კანის, თმისა და ფრჩხილებისთვის აუცილებელია.
აღსანიშნავია, რომ ძუძუთი კვების დროს მზესუმზირის მიღება ზრდის როგორც რძის რაოდენობას, ასევე მის ცხიმიანობას. ამასთანავე, მზესუმზირა არაჩვეულებრივი, ბუნებრივი ანტიდეპრესანტია: მისი კნატუნის დროს გადაღლილი დედა ნერვებსაც დაიწყნარებს და გუნებასაც გამოიკეთებს. თუმცა დედებს აუცილებლად მოუწევთ სიფრთხილის გამოჩენა - მზესუმზირამ შესაძლოა ალერგია გამოიწვიოს ჩვილებში. თუ ეს არ მოხდა და პატარა კარგად ეგუება დედის გასტრონომიულ ჩვევებს, მაშინ საშიშიც არაფერია.