საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო და საპატრიარქო მოქალაქეებს მოუწოდობენ, თავი შეიკავონ ბზის ხეების უკანონო მოჭრისაგან. საქართველოს საპატრიარქოში დღეს გარემოსა და ბუნებრივი რუსერსების დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ და პატრიარქის ქორეპისკოპოსმა თეოდორე ჭუაძემ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს, სადაც ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით განცხადება გააკეთეს. კერძოდ, მათ მოსახლეობას მოუწოდეს, თავი შეიკავონ ბზის ხეების უკანონო მოჭრისაგან.
როგორც ბრიფინგზე ხათუნა გოგალაძემ აღნიშნა, კოლხური ბზა წარმოადგენს ენდემურ სახეობას და მნიშვნელოვან მერქნულ რესურსს. ამასთან, ამ მცენარეს ახასიათებს ბოლო წლებში შემცირების ტენდენცია. ხათუნა გოგალაძემ საქართველოს მოსახლეობას მოუწოდა, თავი შეიკავონ ბზის მოჭრისაგან, რადგან კოლხური ბზა შეტანილია წითელ ნუსხაში და მათი უკანონოდ მოპოვება კანონით ისჯება.
მინისტრის განცხადებით, კანონმდებლობის მიხედვით, უკანონოდ მოჭრილი ბზის გამოვლენის შემთხვევაში პირი 200-დან 500 ლარამდე თანხით დაჯარიმდება, თუ ზიანი 1 000 ლარს გადააჭარბებს, პირს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ემუქრება. გოგალაძის განმარტებით, მათ ბზობის დღესასწაულის გამო არ სურთ პირთა დასჯა და სამართლებრივი პასუხისმგებლობა, ამდენად, მოქალაქეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ბზის ხეების მოჭრისაგან.
თავის მხრივ, მეუფე თეოდორემ მოსახლეობას ბზობის დღესასწაული წინასწარ მიულოცა და აღნიშნა, რომ ბზის ტოტებით მაცხოვრის იერუსალიმში შესვლის დღესასწაულს აღვნიშნავთ. ამდენად, ხშირად ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით უმოწყალოდ იჭრება და ნადგურდება უნიკალური კოლხური ბზა. მისივე თქმით, უფლისადმი სიყვარულის გამოვლენა დიდი რაოდენობით ბზების შეძენაში არ გამოიხატება, დღესასწაულზე საკმარისია თუნდაც ერთი ტოტის ყიდვა.
ბრიფინგზე ითქვა, რომ უმჯობესი არის სპეციალურად ამ დღისათვის სანერგეებში გამოყვანილი ბზების შეძენა, რომელსაც აკურთხებენ ეკლესიაში და მთელი წელი მორწმუნეს შესაძლებლობა ექნება მოუაროს და მცენარე გაახაროს. ხათუნა გოგალაძემ და მეუფე თეოდორემ იმედი გამოთქვეს, რომ მოსახლეობა მათ რჩევებს გაითვალისწინებს.