გადაცემაში "მძიმე კაცთან" მომღერალ თეონა კონტრიძის გაკეთებულ განცხადებებს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ექს-პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ვაჟი, კოკო გამსახურდია ეხმაურება.
"თეონა კონტრიძე: ან "უპერსპექტივოდ სულელი ქალები" ან ისეთნი, რომელთაც ფალოსი აქვთ: (გერმანულად ასეთებზე იტყვიან Sie hat die Hosen an, ანუ შარვალი მას აცვიაო ოჯახში)
დიდი ხანია, ქვეყანაში დგას საკითხი, რომ კაცმა მოახდინოს ნამდვილი გარღვევა. ემანსიპაცია ქალზე მეტად კაცს ჭირდება ალბათ.... მან უნდა დაიბრუნოს თავისი მისია და ფუნქცია ჩვენს დუხჭირ და საზარელ რეალობაში. ამით ეს რეალობაც უკეთესობისკენ შეიცვლება. მაგრამ ამ შეფასებაშიც არის სიყალბე: კერძოდ ამას თუ იტყვი, ისიც თქვი, რომ ამ ყველაფერს მძლავრად ხელი შეუწყვეს. ბოროტება ის არის, რომ სიმახინჯეს დაისახავ მიზნად და მეთოდურად, ნაბიჯ-ნაბიჯ, კარგად გააზრებულად და ყველა რესურსის ჩართვით ახორციელებ, თან წლებში გაწერილად. 1992 წლიდან მოყოლებული ქართველმა ქალმა ამ წნეხს უფრო გაუძლო, კაცმა ნაკლებად. ანუ ეს რეალობა რაღაცის შედეგია.
ქალი, თუკი ის ნამდვილად ქალია, არ შეეგუება ასეთ მდგომარეობას. ასევე კაციც.
საბჭოთა კავშირი ასეთი განსაცდელისგან მოსახლეობას თითქოს რაღაცნაირად იცავდა კიდეც, მეორეს მხრივ ინიციატივას და დამოუკიდებლობის განცდას ადამბლავებდა. შედეგმაც არ დააყოვნა. ჩვენ ხომ რეალურად ორი კატასტროფა გამოვიარეთ: ერთი - უზარმაზარი ქვეყნის, რომლის ნაწილიც, ავად თუ კარგად ვიყავით და მეორე უშუალოდ ჩვენი ქვეყნისა, 90-იანებში", - წერს გამსახურდია.
გადაცემაში "მძიმე კაცთან" რუსეთში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა თეონა კონტრიძემ, რომელიც გამორჩეულია ეპატაჟური იმიჯით, ქართველ კაცებზე, ქალებზე, ტრადიციებზე, ნაკლოვანებებზე და დადებით მხარეებზე ისაუბრა.
იხილეთ: "ქართლის დედას კარგა ხანია აქვს ფალოსი" - თეონა კონტრიძე