მასალა "კვირის პალიტრის" არქივიდან:
ბატონი თენგიზის სამუშაო მაგიდაზე ისევ ისე დევს რვეული, როგორც მაშინ, წლების წინ. რვეულზე კი ლურჯი ფლომასტერით წერია - "გემუდარებით!!! ხელი არაფერს ახლოთ!!! თენგიზი". არაფერი იცვლება - წიგნები, ფოტოები, პრიზები... პრიზები... ახლა სწორედ ამ ოთახში ზის ქეთი და იხსენებს მამას - უდიდეს რეჟისორს, თენგიზ აბულაძეს...
- ამბობენ, რომ "მონანიების" გადაღება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც სცენარი ედუარდ შევარდნაძემ წაიკითხაო...
- მართალია. მის მიერ გამოტანილმა ვერდიქტმა, გადაწყვიტა "მონანიებაზე" თავისუფლად მუშაობის ბედი. მამას თითქმის არ ეძინა. დღე და ღამე მუშაობდა... "მონანიების" ნახვის შემდეგ გვეფერებოდნენ, გვირეკავდნენ, გვილოცავდნენ. არქივში უამრავი მადლობის წერილი ინახება.
- ჩემთვის ცნობილია, რომ ფილმში რამდენიმე ეპიზოდი არ შევიდა. მაინც შეეხო ცენზურა "მონანიებას"?
- არა, ცენზურას არც ერთი კადრი არ ამოუღია ფილმიდან. თვითონ მამამ ამოჭრა ისინი. მახსენდება ასეთი ეპიზოდი - სასამართლოს სცენაზე უცებ ჩნდება ადამი და ევა - დედიშობილები, ფოთლებაფარებულები. იქვე ბატონ ავთოს "სეიკოს" საათი უკეთია. არეული ხანაა. ადამის და ევას გამოჩენა ნიშნავდა იმას, რომ სიკეთეს და ბოროტებას შორის ბრძოლა დასაბამიდან მოდის... მეორე ამოჭრილ ეპიზოდში უკვე შეშლილ ნინო ბარათელს ტყეში პოულობენ... მამა რატომღაც თვითონვე შეელია ამ ეპიზოდებს...
- ფილმმა უდიდესი შემოსავალი მოიტანა, მაგრამ ეს თანხა თქვენამდე არ მოსულა... რატომ მოხდა ასე?
- ახლაც მოაქვს მოგება, მაგრამ ახლაც არ მოდის ჩვენამდე. კოლოსალურ თანხებზეა ლაპარაკი. დოკუმენტებში წერია, რომელი ფილმი სად რა ფასად გაიყიდა. ჯერ კიდევ მაშინ "ვედრებამ" სან-რემოში რომ აიღო გრან-პრი, მამას უთხრეს - შენი კუთვნილი ჰონორარი შენ და შენს შვილებს კი არა, შენს შვილიშვილებსაც ეყოფათო. რაც შეეხება "მონანიებას", 113 ქვეყანაშია გაყიდული, ჩვენამდე კი 113 თეთრიც არ მოსულა. ახლაც გრძელდება ეს პროცესი... რუსებმა ამერიკას ეს ფილმი 2007 წლამდე მიჰყიდეს. (ანუ თვრამეტი წლით) 1997 წლიდან ამ კონტრაქტისათვის ქართულ მხარეს უნდა მიეხედა. უამრავ წერილს ვაგზავნი ამერიკაში, მაგრამ პასუხსაც კი არ მცემენ. არადა, ვიცი, რომ უკვე ამერიკიდან იყიდება. ეს არის ადამიანის უფლებების დარღვევა - ანუ ილახება ავტორის მემკვიდრის უფლებები, გამკითხავი კი არავინაა.
იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე