"ქართული ოცნების" ცენტრალური ოფისიდან რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ტაქსების მძღოლებმა საპატრიარქოსთან გადაინაცვლეს.
ისინი პატრიარქს შეხვედრის თხოვნით მიმართავენ. როგორც მძღოლები აცხადებენ, ერთადერთი ვინც ნათ უშველის, ეს პატრიარქია.
"მოვედით საპატრიარქოსთან. ჩვენ არავინ არ მოგვისმინა, ყური არავინ არ გვათხოვა, არ შეგხვდა ოცნების წარმომადგენელი", - აცხადებენ მძღოლები.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ გაუქმდეს მგზავრთა გადაყვანაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები, რადგან კონკურსის შედეგად გამარჯვებული კომპანია მგზავრებს საკუთარი სამარშრუტო ტაქსებით უნდა მოემსახუროს. მძღოლები გამარჯვებულ კომპანია "ინტერტრანსს" კახა კალაძეს სახელს უკავშირებენ.
"ქალაქის ხელმძღვანელობამ შეგვიყვანა შეცდომაში, მანქანები გამოგვაცვლევინეს, გვაყიდინეს 2000 წლის შემდეგ გამოშვებული მანქანები ე.წ. სპრინტერები, რომლის საბაზრო ფასი 25 000 დოლარიდან იწყება და ახლა გვეუბნებიან, რომ ეს მანქანები კომფორტულები არ არისო", -აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
იმ შემთხვევაში თუ აქციის მონაწილეების მოთხოვნებს არ გაითვალისწინებენ, მძღოლები შიმშილობის დაწყებას აპირებენ.