გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქსნის მე-5 კოლონიის ყოფილი ხელმძღვანელი და კიდევ ორი თანამშრომელი, რომლებიც რეზინის ხელკეტით პატიმრის წამების (გაუპატიურების) გამო იყვნენ ბრალდებულები, გაამართლეს. მოსამართლის მიერ 2014 წლის 8 იანვარს მიღებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში წერია, რომ დაზარალებული პატიმრის წამების ფაქტი სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას უნდა დაედგინა, რაც არ არსებობს. აღნიშნული დანაშაულის ფაქტი 2012 წლის 24 თებერვალს მოხდა, ხოლო ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენლები 2013 წლის ზაფხულში დააკავეს.
"არაადამიანური მოპყრობის და გაუპატიურების ფაქტის დასადგენად და დაზარალებულის ჩვენების სარწმუნოობის განსაზღვრისათვის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება არის მეცნიერულად დასაბუთებული და სრულყოფილად ჩატარებული სამედიცინო მტკიცებულება - სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა. მხოლოდ ზედაპირული და გარეგნული დათვალიერების საფუძველზე ჩატარებული ექსპერტიზა და გაცემული დასკვნა ეჭვქვეშ აყენებს მის სანდოობას და არ იძლევა დამაჯერებელ ახსნას. ბრალდების მხარეს უნდა დაენიშნა ასევე სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, რომელიც გამოიკვლევდა ჰქონდა თუ არა [დაზარალებულ] ო.-ს უკანა ტანის შიდა დაზიანებები"- აღნიშნულია განაჩენში.