შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრა ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში გაიმართა. მინისტრმა სტუდენტებს ე.წ. ბიონარკოტიკების მოხმარების წინააღმდეგ მიმართული კამპანია გააცნო და ასევე ახალგაზრდების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ანტინარკოტიკული კამპანია სამინისტრომ 24 მარტს დაიწყო. მისი მიზანი ე.წ. ბიონარკოტიკის გამოყენების პრევენცია და საზოგადოების ინფორმირებაა. კამპანიის სლოგანია "ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება", რომლის ფარგლებში გადაღებულ საინფორმაციო ვიდეორგოლებში მონაწილე ექიმები მოქალაქეებს ინფორმაციას მიაწოდებენ: რა შედეგებს იწვევს ე.წ. ბიონარკოტიკის მოხმარება. საინფორმაციო რგოლები ტელე და რადიოეთერებში, კინოთეატრებსა და სოციალურ ქსელებში განთავსდა.
"შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრმა "112"-მა ასევე მოამზადა საინფორმაციო რგოლი, რომლის მეშვეობით საზოგადოება იმ პირველადი სიმპტომების შესახებ შეიტყობს, რაც ე.წ. "ბიოს" მოხმარებას ახასიათებს და აღნიშნული სიმპტომების შემთხვევაში, სასწრაფო დახმარების გამოძახების აუცილებლობაზე ინფორმაციას მიიღებს", _ აცხადებენ სამინისტროში.
ამასთან, კამპანიის ფარგლებში სამინისტრომ ასევე გამოაცხადა კონკურსი ჟურნალისტებისთვის საუკეთესო ნამუშევარზე _ "არა – ბიონარკოტიკს". სპეციალური ჟიური გამარჯვებულებს რამდენიმე ნომინაციაში გამოავლენს. კერძოდ, საუკეთესო ტელესიუჟეტს, ტელეგადაცემას, რადიოსიუჟეტს, რადიოგადაცემას და სტატიის ავტორს.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა თავიანთი ნამუშევრები კამპანიის "ფეისბუქის" გვერდზე ერთი თვის განმავლობაში უნდა ატვირთონ.