მამა გაბრიელის წმინდა ნაწილების ადგილსამყოფელი, სავარაუდოდ, მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას საფლავის მოპირდაპირე მხარეს იქნება. ამის შესახებ გუშინ, სამთავროს დედათა მონასტერში საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტმა დანიელმა (დათუაშვილი) განაცხადა.
მისი თქმით, დედათა მონასტერი ის ადგილია, სადაც მამა გაბრიელი მოღვაწეობდა ბოლო წლებში და სადაც აღესრულებოდა მრავალი სასწაული მის საფლავზე, როგორც სიცოცხლეში, ასევე გარდაცვალების შემდეგ.
მიტროპოლიტის თქმით, ერთი კვირა მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები მონასტერში იქნება დასვენებული, შემდეგ კი გადაწყდება, როგორ მოხდება მისი გადასვენება.
"სავარაუდოდ, მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას საფლავების მოპირდაპირე მხარეს, ტაძრის მეორე კუთხეში იქნება მისი წმინდა ნაწილების ადგილსამყოფელი. კიდევ ერთხელ ვულოცავთ ხალხს მამა გაბრიელის ასეთ დიდ ძალას, მის სიყვარულს, რომელიც ყოველ ადამიანს ეხმარება. მე მინდა დავლოცო ქართველი ხალხი. შეიძლება ითქვას, რომ მთელი საქართველო მოვიდა და პატივი მიაგო მამა გაბიელს", - აღნიშნა მიტროპოლიტმა დანიელმა.
მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები მცხეთაში მდებარე სამთავროს დედათა მონასტერში გუშინ დაასვენეს.