საქართველოს 12 იუსტიციის სახლის მშენებლობაზე გაწეულმა ხარჯებმა 214 365 260 ლარი შეადგინა. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) შესაბამისი დოკუმენტაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან გამოითხოვა.
სამინისტროდან მიღებული დოკუმენტების მიხედვით ირკვევა, რომ აღნიშნული თანხიდან უდიდესი ნაწილის, 67,3 %-ის (144 291 594 ლარი) დაფინანსება უზრუნველყვეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა სსიპ-ებმა (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, აღსრულების ეროვნული ბიურო, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო) საკუთარი შემოსავლებით. იუსტიციის სახლების მშენებლობაზე გაწეული ხარჯების 13% (27 819 813 ლარი) დაფინანსებულია სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 15,4% (33 163 926 ლარი) - სხვა საჯარო დაწესებულებების ბიუჯეტებიდან, ხოლო დანარჩენი 9 089 927 ლარის (4,2%) სამუშაოები სხვადასხვა სამშენებლო კომპანიებმა შეასრულეს უსასყიდლოდ.
საქართველოს იუსტიციის სახლებიდან ყველაზე დიდი ხარჯი მშენებლობაზე გაწეულია თბილისის იუსტიციის სახლის შემთხვევაში - 135 834 918 ლარი. რიგით მეორეს, მშენებლობაზე გაწეული ხარჯების სიდიდით, წარმოადგენს ბათუმის იუსტიციის სახლი - 21 315 106 ლარი.
ყველაზე მცირე დანახარჯებით აშენებულ იუსტიციის სახლებს შორის გამოირჩევა მესტიის იუსტიციის სახლი - 1 716 860 ლარი.
საქართველოს იუსტიციის სახლების მშენებლობაზე, 33 163 926 ლარის დაფინანსება განახორციელეს სხვა საჯარო დაწესებულებებმა. მათ შორის საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თბილისის იუსტიციის სახლის მშენებლობა საკუთარი ბიუჯეტიდან დააფინანსა 16 400 000 აშშ დოლარის ოდენობით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საკუთარი ბიუჯეტიდან ბათუმის იუსტიციის სახლის მშენებლობა - 705 000 ევროს ოდენობით, საავტომობილო გზების დეპარტამენტს მესტიის იუსტიციის სახლის მშენებლობის დასაფინანსებლად რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოეყო 1 500 000 ლარი, ხოლო სახელმწიფო 100% წილობრივი მონაწილეობით შექმნილი შპს "სახელმწიფო მომსახურების ბიურომ" ქუთაისის იუსტიციის სახლის მშენებლობა საკუთარი შემოსავლებიდან დააფინანსა 2 660 000 ლარის ოდენობით.
"2005 წელს დაბადებული იდეა, "ერთი სარკმლის პრინციპი", რაც გულისხმობს ერთი რომელიმე უწყების მიერ გაცემული ცნობის მიღებას ერთ ადგილას, 2011 წელს პირველად სისრულეში მოვიდა და წელიწად ნახევრის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაიხსნა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი თორმეტი იუსტიციის სახლი.
ჩვენთვის ყველაზე საინტერესო და უცნაური აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ საქართველოს იუსტიციის სახლების მშენებლობებზე გაურკვეველი მოტივაციით 9 089 927 ლარის სამუშაოები სხვადასხვა სამშენებლო კომპანიების მიერ შესრულებულია უსასყიდლოდ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან მიღებული მონაცემების მიხედვით აღნიშნული ღირებულების სამუშაოები უსასყიდლოდ შეასრულა ცამეტმა კომპანიამ, რომელთაგან ყველაზე დიდი ღირებულების სამუშაო უსასყიდლოდ გასწია შპს "ზიმომ" - 2 479 207 ლარი, შპს "ვესტ ინვესტმა" - 2 000 000 ლარი, შპს "ენსისმა" - 1 504 270 ლარი.
IDFI-იმ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2013 წლის 15 ნოემბერს მიმართა ხსენებულ კომპანიებთან უსასყიდლოდ შესრულებულ სამუშაოებზე გაფორმებული ხელშეკრულებების ასლების მოთხოვნით. სამწუხაროდ ინსტიტუტის მოთხოვნა აღნიშნული ხელშეკრულებების არ არსებობის თუ სხვა გაურკვეველი მიზეზების გამო დღემდე პასუხგაუცემელია.
მოგებაზე ორიენტირებული შპს-ების მიერ უსასყიდლოდ შესრულებული სამუშაოები, იუსტიციის სამინისტროს მხრიდან ხსენებულ კომპანიებთან უსასყიდლოდ შესრულებულ სამუშაოებზე გაფორმებული ხელშეკრულებების ინსტიტუტისთვის არ მოწოდება, იუსტიციის სახლების მშენებლობაზე მონაწილე კომპანიებიდან საქართველოს მთავარ პროკურატურაში შესული განცხადებები ბუნდოვანს ხდის იუსტიციის სახლების მშენებლობის პროცესის დაფინანსების საკითხებს და აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ სხვადასხვა კერძო კომპანიები იუსტიციის სახლის სამშენებლო სამუშაოებს ასრულებდნენ შესაძლო იძულებისა ან/და არაკანონიერი გარიგებების პირობებში",-ნათქვამია IDFI-ის ინფორმაციაში.
"ინტერპრესნიუსი"