"ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიგი უგულავა დეპუტატ ნუგზარ წიკლაურზე თავდასხმასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება.
როგორც გიგი უგულავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ირაკლი ღარიბაშვილმა სრულიად ცინიკურად, მაგრამ დაუფარავად მოახდინა საკითხის პოლიტიზირება და შეეცადა ეს თემა კვლავ "ნაციონალურ მოძრაობასთან"
დაპირისპირების კონტექსტში წარმოეჩინა. მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ეს წინა წლებში იყო, როდესაც საქმეების გამოძიება არ ხდებოდა და იგი პირად კონტროლზე აიყვანდა აღნიშნული საქმის გამოძიებას. გიგი უგულავამ საზოგადოებას შეახსენა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ღარიბაშვილი აცხადებს ამა თუ იმ საქმის გამოძიების პირად კონტროლზე აყვანის თაობაზე. უგულავამ ასეთ მაგალითად ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების საქმე მოიყვანა.
"მე არ ვიკვებები იმ ილუზიებით, რომ ეს პროკურატურა, ეს ძალოვანი მთავრობა და ამ მთავრობის ძალოვანები ამ საქმეს გამოიძიებენ, ვინაიდან ყველა ირიბი თუ პირდაპირი ინდიკაციაა, რომ ეს სწორედ ორგანიზებული იყო ძალოვანი სტრუქტურების მიერ. გუშინ ღამე ისეთი გამონაკლისი იყო, როდესაც დეპუტატი წიკლაური სახლში მარტო ბრუნდებოდა და თავდამსხმელებმა ეს იცოდნენ, ეს ნიშნავს, რომ მის ტელეფონს უსმენენ. შესაბამისად მოქმედებები, ორგანიზებულობა, ელექტროშოკის თუ სხვა ხელსაწყოების გამოყენება, ასევე ფაქტი, რომ თავდამსხმელებმა ორგანიზებულად დატოვეს თავდასხმის ადგილი, მიუთითებს, რომ ისინი იყვნენ კარგად ორგანიზებული, გაწვრთნილი, შესაბამისად ასრულებდნენ დავალებას და დიდი ალბათობით, რომელიმე სპეცსამსახურს წარმოადგენდნენ", - აღნიშნა გიგი უგულავამ.
მისივე თქმით, საქმეს არ სჭირდება ბევრი გამოძიება, რადგან ნუგზარ წიკლაურმა დაასახელა ერთ-ერთი მანქანის სახელმწიფო ნომერი და მისი იდენტიფიცირება და დაკავება აქამდე შესაძლებელი იქნებოდა.
ასევე დაგაინტერესებთ:თვითმხილველი ნუგზარ წიკლაურზე თავდასხმის დეტალებს ყვება
"ჩვენ, ბუნებრივია, ვთხოვთ პარლამენტის თავმჯდომარეს შესაბამის რეაგირებას, თუმცა აქაც ეჭვი გვეპარება, რომ მისი პოზიცია რაიმე ზეგავლენას მოახდენს სიმართლის დადგენაზე, მაგრამ ამავდროულად ვითხოვთ, გამოძიებას ყველა უწყებისგან, როგორც კანონმორჩილი და საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე პასუხისმგებელი პოლიტიკური ორგანიზაცია. თუ ეს გამოძიება არ იქნება უსწრაფესად დასრულებული, დამნაშავეები გამოვლენილი და კანონის შესაბამისად დასჯილები, ამ თავდასხმაზე არა მარტო პოლიტიკურ პასუხიმგებლობას, არამედ რეალურ პასუხისმგებლობას, როგორც დავალების მიმცემები აიღებენ პირადად ბიძინა ივანიშვილი – ამ ქვეყნის დე-ფაქტო და დე-იურე პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი", - აღნიშნა გიგი უგულავამ.
დეპუტატ ნუგზარ წიკლაურს წუხელ თავს დაესხნენ.