უკრაინის ეგზალტირებული ოპოზიცია, ორად გაყოფილი ქვეყანა და "ნაციონალების" მიერ დაანონსებული "თბილისური მაედანი"...
როგორ განვითარდება მოვლენები, რა გამოწვევების წინაშეა საქართველო და ვინ დგას ამ პროვოკაციების მიღმა? "ქრონიკის" კითხვებს "კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის" ხელმძღვანელი, ზაალ კასრელიშვილი პასუხობს.
- აშშ-ს პრეზიდენიტმა, ობამამ საქართველოს მოსახლეობას იმედი გაუწბილა და განაცხადა, რომ ამ ეტაპზე საქართველოსა და უკრაინას ნატოში არ ვღებულობთო... ამის შემდეგ რა პროცესებს უნდა ველოდოთ ქვეყანაში?
- ბარაკ ობამას, როცა მეორე ვადით ირჩევდნენ აშშ-ს პრეზიდენტად, მან მოახდინა ამერიკის საგარეო პოლიტიკის პრეზენტაცია, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატმა და განაცხადა: რუსეთი ჩვენი მტერი არ არის, რუსეთი ჩვენი აგრესიული კონკურენტია. ამერიკის შეერთებული შტატების მტერი არის ტერორიზმიო. ამას მოჰყვა აფხაზეთისა და ოსეთის აღიარება, სირიის პრობლემის გადაწყვეტა, რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის სასარგებლოდ. ირანის პრობლემის დაკონსერვება რუსების სასარგებლოდ. მეტს აღარ გავაგრძელებ, ბოლო იყო ყირიმის მიერთება რუსეთთან. რამდენიმე დღის წინ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტიმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ყველა ქვეყანამ უნდა გადაიხადოს თავისუფლების საფასური და საერთოდ, ყველა ჩვენგანმა ჩვენი საქციელისა და თავისუფლების გამო უნდა გავიღოთ საფასური. ეს ნათქვამი ჩვენ ასე გავიგეთ – უკრაინის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების სანაცვლოდ, საფასურია ყირიმი. ჩვენი თავისუფლებისთვის საფასური რა იქნება, არ ვიცით. ობამას განცხადების მეორე თეზა ის იყო, რომ ამერიკა არ აპირებს სამხედრო კონფრონტაციას, ჩვენთვის გასაგები ხდება, რომ დიდი სახელმწიფოები ერთმანეთის წინააღმდეგ არ გამოიყენებენ ბირთვულ იარაღს პატარა ქვეყნების ინტერესების დასაცავად. მესამე თეზა გახლდათ ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ აპირებს ცივი ომის რიტორიკას რუსეთთან, ისინი შემოიფარგლებიან ეკონომიკური სანქციებით, რაც ჩვენ გვაძლევს საფუძველს, გამოვიტანოთ შემდეგი დასკვნა, - საერთაშორისო სამართალი არის გამარჯვებულთან გარიგება და არა, გაჭირვებულთა დახმარება, რაც ხელ-ფეხს გვიხსნის იმისთვის რომ გავაქტიურდეთ, ურთიერთდახმარებისკენ მოვუწოდოთ კავკასიელებს. ჩვენ არ გვაქვს იმის იმედი, რომ რელიგიური ან ეთნიკური კონფლიქტის ხელოვნურად გაღვივების შემთხვევაში, საქრათვნლოში საერთაშორისო ორგანიზაციები ქმედით მისიებს გამოგზავნიან. ამიტომ ჩვენ ძალიან მალე კავკასიელებს შევთავაზებთ, შევქმნათ კავკასიის სამშვიდობო ლეგიონი და საერთაშორისო ორგანიზაციები მხოლოდ მის ლეგიტიმაციაში დაგვეხმარონ, მეტი არაფერი არ გვინდა.
- რა ფუნქცია ექნება კავკასიის სამშვიდობო ლეგიონს?
- მას ექნება სამშვიდობო ფუნქცია და კავკასიის რეგიონში, სადაც კონფლიქტის კერებია, თითონვე შევა, რადგან ჩვენ არ გვაქვს იმის იმედი, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა დაგვეხმარება.
- რას ნიშნავს, კავკასიის კონფლიქტის რეგიონებში შესვლა, სახალხო დიპლომატიის მისია ექნებათ, თუ პარტიზანულ ომებს წამოიწყებს?
- არა, ისინი მშვიდობას დაიცავენ იარაღით. ისინი ოფიციალურად შეასრულებენ სამშვიდობო მისიას. ამის ლეგიტიმაცია უნდა მოგვანიჭოს ევროპის უსაფრთხოების საბჭომ. დღეს ყველა თავისი პრობლემით არის დაკავებული და საქართველოს პრობლემები მათთვის მეათეხარისხოვანია. დეტალებს, ვინ უნდა გაერთიანდეს, როგორ იქნებიან აღჭურვილები და ა.შ. უახლოეს მომავალში გაგაცნობთ.
- პუტინმა ამერიკა გააფრთხილა, რომ მის სამეზობლოში ნატოს ჯარს არ ჩააყენებდა, ბარაკ ობამამ ამ ბოლო განცხადებით, რუსეთს კოჭი გაუგორა?
- ჩვენ გვაქვს ორი ვერსია, ამერიკა ზომიერ განცხადებას ახმოვანებს, სინამდვილეში აპირებს, სერიოზული სანქციები დაუპირისპიროს რუსეთს და ვიდრე ეკონომიკურად ამ სანქციებით რუსეთს არ დაასუსტებს, არ უნდა, რომ გააღიზიანოს. და მეორე, ამერიკის შეერთებული შტატები და დასავლეთი იძულებულია რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, დაუთმოს ის გეოგრაფიული ტერიტორიები, სადაც რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას რეალური მხარდამჭერები ჰყავს და გავლენები აქვს. ანუ ჯერჯერობით პოსტსაბჭოურ სივრცეში სტალინურ ავტონომიებზე ვლაპარაკობთ, მერე როგორ განვითარდება ეს პროცესები, არავინ უწყის. ამ ლოგიკით ჩვენ უკვე შეგვეხო და რუსებმა წაიღეს სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი და ამ ლოგიკით თეორიული შანსიღა გვრჩება, ტერიტორიების დაბრუნების. რეფერენდუმი არ ჩაუტარებიათ ყირიმის მსგავსად, მაგრამ სტატუსი მისცეს და ჰაერში დაგვიკიდეს სავაჭროდ. მას ჰქვია სპინინგის მეთოდი პოლიტიკაში. როცა კაუჭს გადმოგიგდებენ და შეგითრევენ, რაც გაუკეთეს სააკაშვილს აგვისტოს ომის დროს და პროვოკაციაზე წამოეგო. რაც შეეხება ყარაბახს, ჩვენ არ ვთვლით, რომ ის გაიყოფა, ყარაბახი გახდება ტერიტორია, სადაც განთავსდება ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამხედრო ბაზა კავკასიის რეგიონში, რაც იმას ნიშნავს, რომ ნატოს ბაზებს აქ ადგილი არ ექნება.
- რამდენად შესაძლებელია, გადაიხედოს საქართველოს დასავლური კურსი და პოლიტიკური ვექტორი ჩრდილოეთზე გასწორდეს?
- საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეს არ სურს, მტკიცედ დგას დასავლეთის გზაზე, მაგრამ ეფექტურად ვერ მუშაობს პოზიციების შესანარჩუნებლად დასავლეთში. კონკურენციაა და ამ კონკურენციაში რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროები ისე მაგრად მუშაობენ დასავლეთსა თუ აღმოსავლეთში, რომ ჩვენი რეგიონის საგარეო საქმეთა პოლიტიკის ადგილი იქ აღარ არის. ამ ორ ძალას უწევენ ანგარიშს, რადგან ტერიტორიული სიდიდის გარდა, ჭკუით მოქმედებენ. ჩვენ კი დასავლეთში ჩავდივართ ისე, როგორც ქალაქიდან კეკელკები ჩადიან მოხუცი მშობლების სანახავად მეზობლების დასანახად და არა მშობლების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ჩვენ ვალიან უკმაყოფილოები ვართ ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის, არაეფექტურად მუშაობენ. თუ რამე კეთდება, ხმამაღლა ვაცხადებ, რომ ეს კეთდება ისევ დასავლელი პოლიტიკოსების ინიციატივით.
- ყველა თანხმდებოდა, რომ უკრაინის მოვლენები საქართველოსთვის პოზიტიურ შედეგს მოიტანდა და უელსის სამიტზე მინიმუმ მაპ-ს მივიღებდით, თუმცა ცივი წყალი გადაგვასხეს, რა პროვოკაცია შეიძლება მოაწყოს რუსეთმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე, რის გამოც, ფაქტობრივად, უკრაინამ ყირიმი დაკარგა?..
- დიდი მოლოდინები იყო ყირიმთან დაკავშირებით, ჩვენმა ორგანიზაციამ რამდენჯერმე გააკეთა განცხადება ამასთან დაკავშირებით, თუმცა ცრუ მოლოდინები ჩვენ არ გვქონია, ვამბობდით და ახლაც ვამბობთ, რომ არ ყოფილიყო ყირიმი, რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა სამხედრო ინტერვენციას განახორციელებდა მოლდოვასა და საქართველოში.
- რა ინფორმაცია გაქვთ აფხაზეთში დაწყებულ სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით? რატომ ახდენენ ძალის დემონსტრირებას?
- არავის ეგონა, რომ ყირიმს რუსეთი მიიერთებდა, ფიქრობდნენ, რომ ყირიმში მოითხოვდნენ მაქსიმალური ავტონომიის სტატუსს რესპუბლიკასთან გაიგივებულს. ყირიმის რესპუბლიკა და უკრაინა დადებდნენ კონფედერაციულ ან ფედერაციულ ხელშეკრულებას, რასაც, სხვათა შორის, ჩვენ გვიმზადებენ. სცენარის ამ მიმართულებით განვითარების შემთხვევაში, ყირიმი ხდებოდა პერმანენტული კონფლიქტის კერა, ლოგიკა იყო იმაში, რომ დასავლეთი და საერთაშორისო ორგანიზაციები იძულებული გახდებოდნენ, კონფლიქტის კერის გარშემო ყველა პროდასავლური ორიენტაციის ტერიტორია და პოლიტიკური ძალა, მიეერთებინათ. მაგრამ ეს ასე არ მოხდა, ჩატარდა რეფერენდუმი და ტერიტორია წაიღო რუსეთმა. როგორც ჩანს, საერთაშორისო საზოგადოება ამ ტერიტორიის უკან წართმევას რუსეთს არ უპირებს. შესაბამისად, დასავლეთი მხოლოდ აღშფოთდა, შეშფოთდა და ერთადერთი, რისი პერსპექტივაც ახლა ჩვენ გვაქვს, ესაა ევროკავშირთან ასოცირებულ ხელშეკრულებას მოვაწეროთ ხელი ივნისში და თუ მივაღწევთ შემოდგომამდე ამ მდგომარეობით, ნატოს სამოქმედო გეგმაში ჩაგვრთონ. ამ რეგიონში პოზიციები აქვს რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასაც და მან გადაწყვიტა კავკასიის რეგიონში თავის სამხედრო შენაერთების ბროძოლისუნარიანობის ამაღლება აფხაზეთში, ე.წ. სამხრეთ ოსეთში, ყარბახსა და გიუმრიში. საარტილერიო სამხედრო წვრთნები აფხაზეთში რუსეთმა უკვე ჩაატარა, სანამ ყირიმს მიიერთებდა, პოზიციები გაიმაგრა ზღვიდან, რომ ვინმეს არ განეხორციელებინა შეტევა და საქართველო არ დახმარებოდა უკრაინას. რუსეთის სამხედრო ელიტას აქვს ასეთი თვისება, სადაც ატარებენ სწავლებებს, სწავლებისთვის შეყვანილი სამხედრო ტექნიკა უკან აღარ გაჰყავთ, ანუ გიუმირში, ყარაბახში, ცხინვალში და აფხაზეთში, დამატებით კიდევ შეიყვანენ სამხედრო ტექნიკას. ამას დაარქმევენ მხოლოდ სწავლებას. პირდაპირ რომ შეიყვანონ სამხედრო, ტექნიკა, ამას მოჰყვება საერთაშორისო საზოგადოების კატეგორიული განცხადებები, ამას თავს არიდებენ.
- არის მოლოდინი რომ პუტინმა სამხედრო აგრესია განახორციელოს საქართველოს ტერიტორიაზე? ჩვენ ვხედავთ, რომ სამცხე-ჯავახეთში ვითარება დაიძაბა, რუსეთი ეთნიკურად სომეხ მოსახლეობას რუსულ პასპორტებს ურიგებს, ჩახალიანი ითხოვს, სომხურ ენას მიენიჭოს მთავარი ენის სტატუსი სამცხე-ჯავახეთში...
- სამცხე-ჯავახეთში ვითარება რომ იძაბება, ცხადია, ამას აკეთებს რუსეთი და თავისი ინტერესებისთვის ნიადაგს ამზადებს. ამასობაში ჩვენ რას ვაკეთებთ? რა პრევენციულ ღონისძიებებს ვახორციელებთ იმისთვის, რომ 90-იანი წლები არ გაგვიმეორდეს, რაც, ფაქტობრივად, უკრაინაში უკვე დაწყებულია. 90-იანი წლებისგან განსხვავებით, გაჩნდა საფრთხე რელიგიური დაპირისპირების, აქამდე ეს არ იყო, აქამდე იყო მხოლოდ ეთნიკური დაპირისპირება, რომლის ბაზაზეც ორჯერ მოხდა რუსეთ-საქართველოს ომი. დღეს დასავლეთში ამ თემაზე დაპირისპირება სენსიტიური აღარ არის, ამას აღარავინ დაიჯერებს, დღეს ძალიან აქტუალური იქონება რელიგიურ ნიადგაზე დაპირისპირება, რისი საშიშროებაც კავკასიაში არასოდეს არ ყოფილა, მაგრამ ახლა მოსალოდნელია, რაც ათბალიანი მიწისძვრის ტოლფასი იქნება. ეს რომ ავირიდოთ თავიდან, მუშაობაა საჭირო, მაგრამ ამის გამკეთებელი არავინ არ არის, სხედან კაბინეტებში და იქიდან არ გამოდიან. არადა ხედავთ, ხელოვნურად რა პროცესები დაიწყო, მე მინდა ვუთხრა პრორუსული ორიენტაციის ფსევდოგაერთიანებას, რომლებიც ამბობენ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ ომის გმირებს დავუდგეთ ფეხზეო. რუსების მიერ დახოცილი კავკასიელების ნათესავები და გულშემატკივრები, მართლა დადგებიან ფეხზე და თქვენ სერიოზული პრობლემები შეგექმნებათ. ცოტა წინ გაიხედეთ, დაფიქრდით, რას ბოდიალობთ. ბევრმა თქვენგანმა ისიც კი არ იცით, რუსეთის დედაქალაქი რა არის, ჩემთვის პირადად განსხვავება არ არის იმ ხალხს შორის ვინ რუსეთს ეტენება და ვინ დასავლეთს, მეძავი მეძავია, რა მნიშვნელობა აქვს რუსთან დაწვება თუ ევროპელთან. ეს პოლიტიკური დაპირისპირება ძალიან მალე სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზრდება, ეს არის რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ინსპირირებული. ისინი აფინანსებენ პროდასავლურებსაც, ნატოს მომხრეებსაც, ისე, რომ თვითონ არ იციან და პრორუსულებსაც. მათი მიზანია პრორუსული და პროდასავლური ორიენტაციის დაპირისპირება საქართველოში, რათა დასავლეთს აჩვენოს საფრთხე. ეს დაპირისპირება გადაედება პოლიტიკურ ორგანიზაციებს, პროდასავლურები და პრორუსულები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, ცხვირ-პირს დაუნაყავენ, ამასობაში რუსეთის სპეცსამსახურები საქარველოს ხელისუფლებაში მოიყვანენ ისეთ პოლიტიკურ ძალას, რომელიც მათ სჭირდებათ. ამ ორი წარმოდგენილი ძალიდან, რომელიც პარლამენტში არიან, არც ერთი არ იქნება. მიშა სააკაშვილს ვითარების ესკალაციის დავალება აქვს რუსეთისგან, ის გაააქტიურებს პროდასავლურ ძალებს და აგრესიულ ტონს მისცემს ანტირუსულ კამპანიას. ასევე, გამოჩნდება ძალა ძალიან მალე, რომელიც პრორუსულ ორიენტაციას მისცემს აგრესიულ ტონს და მოხდება დაპირისპირება. ახლა მიხეილ სააკაშვილი მღვდელი გაპონია, საქმე მიდის იქამდე, რომ საქართველოში კონფედერაციები შექმნას, აფხაზეთისა და ოსეთის გარდა, ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ ყველა რეგიონს მიეცემა სტატუსი და ყველა კონფედერაციულ სახელმწიფოს გააკეთებს, რომლის დაშლაც რუსეთისთვის იქნება ორი-სამი საათის საქმე. შეიქმნება პატარა ავტონომიური წარმონაქმნები და რესპუბლიკები. აი, ასე მაგალითად, ახალქალაქის ავტონომიური რესპუბლიკა, ქვემო ქართლშიც გაჩნდება პრეტენზიები, ეს ხელისუფლება, იმის ნაცვლად, რომ ამ პრობლემაზე მუშაობდეს, განცხრომით ცხოვრობს, არც კი იციან, რეგიონებში რა ხდება რეალურად. სახელისუფლებო პრივილეგიები კერძო ინტერესებს იკმაყოფილებენ, მშიერ-მწყურვალი, უპერსპექტივო, წარუმატებელი ხალხი მოვიდა ხელისუფლებაში, მათ არც თავგანწირვა აქვთ, არც გმირობა იციან, რა არის, არც პროფესიონალიზმი აქვთ იმისთვის, რომ ქვეყანა ეფექტურად მართონ, არადა, რაც ახლა მოვყევი, ეს ცუდი სცენარი შეიძლება თავიდან ავირიდოთ და სიტუაცია საჩვენოდ გამოვიყენოთ. დღეს ისეთი დროა, ყველასთან შეიძლება ზომიერების ფარგლებში სამართლებრივი პრეტენზიების წაყენება, რუსებთანაც და ყველა სამეზობლოსთან, მაგრამ ამისთვის საჭიროა ქართულ ხელისუფლებაში მამალი ხალხი, შემტევი, სამართლიანი და თავგანწირული. ჩვენი გულისთვის არავინ იომებს, ჩვენ შეგვრჩება ფეოდალური სამთავროების 21-ე საუკუნის ვარიანტი.
- როგორ ფიქრობთ, შიდა დაპირისპირებით შეიძლება რუსეთმა ისარგებლოს და თავისი ინტერესი გაატაროს? თქვენი აზრით, ახლა რატომ დაარტყა პრეზიდენტ მარგველაშვილს ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა?
- იმიტომ, რომ მარგველაშვილი რუსებისაა, "ნაცებისთვის" მარგველაშვილი მაშველი რგოლია, "ნაციონალები" იძირებოდნენ და რუსებმა გადაუგდეს მარგველაშვილი, რომ ამოეყვინთანთ... როგოც ჩანს, ეს ახლა იგრძნო ივანიშვილმა... მარგველაშვილი გამზადებულ სტრუქტურას დააჯდება - "ფორუმს", ალასანიას პარტიასა და ზვიად ძიძიგურს, "რესპუბლიკელები" ამ თამაშში არ არიან. მიუხედავად იმისა, რომ ალასანიასა და შარტავას პიროვნული შეუთავსებლობა აქვთ, ორივე ავადმყოფურად ამბიციურია, როგორც ჩანს, თავიანთი მამების პატრონები მაინც გაერთიანდებიან, ორივე რუსის იქნება, ოღონდ სხვადასხვა ფლანგიდან შემოუერთდებიან. მარგველაშვილი დროებითი მოვლენაა, მას აქვს ერთი ფუნქცია, კოალიცია შიგნიდან გახეთქოს. ამას მარგველაშვილს დაუფასებენ და პრეზიდენტობის შემდეგ დეპუტატის სავარძელზე დასვამენ, პარტია "ქართულ ოცნებაში" კი დარჩებიან აფერისტები: კახა კალაძე, ნოდარ ხადური, სოზარ სუბარი... მათ გვარებს აღარ ჩამოვთვლი... არის დიდი გეგმა, უნდათ ღარიბაშვილის ჩამოცილება და ამ პოსტისთვის კი ალასანიას ამზადებენ... ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, მოხდება საკადრო ცვლილებები, ღარიბაშვილი ოთხ მინისტრზე მეტს ვერ მოხსნის, სხვა შემთხვევაში, ხელმეორედ უნდა დამტკიცდეს მთავრობა. პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტმა უნდა წარადგინოს, თუ 5 მინისტრზე მეტს მოხსნის, მარგველაშვილი პრემიერად ღარიბაშვილს აღარ წარადგენს. ერთმანეთთან უკვე ღიად შევიდნენ კონფლიქტში და ეს ძალიან ცუდია, რუსები ერთმანეთს დააჭმევინებენ და ამასობაში ამოწევენ ბურჯანაძისა და ხაბურძანიას ფიგურებს, სანამ ჯერ კიდევ დროა, დაფიქრდეს ხელისუფლება და შიდა კინკლაობას ნუ გადააყოლებენ ქვეყანას, საგარეო საფრთხეებზე იფიქრონ, ქვეყანა დიდი გამოწვევის წინაშეა და თუ ერთიანობა არ იქნება, გაძნელდება საფრთხეების მოგერიება!
ნინო სამხარაძე
გაზეთი "ალია"