სოზარ სუბარის ყოფილი მრჩეველი ლალი მოროშკინა "ფეისბუქის" პირად გვერდზე გარდაცვლილი შალვა თათუხაშვილის შესახებ პოსტს აქვეყნებს.
"ვითხოვ პრემიერის დაცვის გაორმაგებას, რადგან მისმა მართალმა და უკომპრომისო პოზიციამ მავანთ უკან დასაბრუნებელი ყველა გზა მოუჭრა!
მინდა საზოგადოების ყურადღება ერთ გარემოებაზე გავამახვილო!
მე კარგად ვიცნო თავთუხაშვილს, მასაც ჰქონდა გარკვეული უთანხმოება ნაციონალური მოძრაობის ერთ ფრთასთან, საგრძნობლად გაუარესდა მისი ფიზიკური მდგომარეობაც. მე გულწრფელად აღშფოთებული ვარ ამ ტრაგედიით და ვითხოვ დაუყოვნებლივ გამოძიებას!
რადგან:
1. საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ თავად ნაციონალების ხელით არის ინსპირირებული და განხორციელებული!!!
რადგან ახლა როგორც არასდროს უჭირთ და თავისი "გირგვლიანი" სჭირდებათ!
2. გახშირდება ცემის ფაქტები ნაც. მოძრაობის წევრებზე, ისევ თავიანთი მხრიდან, რადგან წამებულის იმიჯი სჭირდებათ.
პ.ს. აუცილებელია გასაჯაროვდეს ის ფინანსური წყაროები, რონლებიც აფინანსებენ ნაციონალური მოძრაობის აპოლოგეტ არასამთავრობოებს და სტუდ. კავშირებს!", - წერს მოროშკინა.
შეგახსენებთ, 29 მარტს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გარდაცვლილი შალვა თათუხაშვილის ფოტოებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ ეტაპზე სამედიცინო ექსპერტიზა დასრულებული არაა, დასრულების შემდეგ კი გასაჯაროვდება. განცხადებაში ასევე საუბარია იმაზე, რომ ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილისა და ანა ნადარეიშვილის ბრალდებები უსაფუძვლოა და მათზე კომენტარის გაკეთებაც კი არ არის მიზანშეწონილი.
პროკურატურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს განცხადება გავავრცელოთ შალვა თათუხაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების შესახებ. აღნიშნული საქმის ფარგლებში ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დანიშნულია და მიმდინარეობს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომელმაც უნდა დაადგინოს რა დაზიანებები აღენიშნება შალვა თათუხაშვილს და რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი. ამ ეტაპზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა არ არის დასრულებული. საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ექსპერტიზის დასკვნა დასრულებისთანავე გასაჯაროვდება.
ასევე ვაცხადებთ, რომ აწ გარდაცვლილი შალვა თათუხაშვილი 2005 -2012 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში და 2006 წლის 12 იანვარს ასრულებდა ე.წ. კუდ-ის სპეცდანიშნულების რაზმის უფროსის მოვალეობას. იგი უშუალოდ მონაწილეობდა და ჩართული იყო კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ ჩატარებულ ე.წ. "ნავთლუღის სპეცოპერაციაში", რომელსაც შედეგად მოჰყვა სამი ახალგაზრდის მკვლელობა.
2014 წლის 24 თებერვალს შალვა თათუხაშვილმა თბილისის პროკურატურაში ორი ადვოკატის თანდასწრებით და მონაწილეობით, მოწმის სახით დაკითხვისას გამოძიებას მისცა დათა ახალიას მიერ ორგანიზებული და განხორციელებული, სამი უდანაშაულო, შეუიარაღებელი ახალგაზრდის განზრახ მკვლელობაში მამხილებელი ჩვენება. მან საკუთარ ჩვენებაში მოყვა, თუ როგორ ჩატარდა აღნიშნული სპეცოპერაცია და როგორ განახორციელეს კუდის თანამშრომლებმა დათა ახალაიას ხელმძღვანელობით სამი ადამიანის მკვლელობა. შესაბამისად, იგი წარმოადგენდა ბრალდების მხარის მოწმეს, რომლის მიმართაც საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად გამოყენებული იქნა დაცვის სპეციალური ღონისძიებები, რაზეც მოგვიანებით თავად მოწმე შალვა თათუხაშვილმა უარი განაცხადა.
გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი ბაჩანა და დათა ახალაიების ინტერესებს იცავს მათი ბრალდების ყველა საქმეში, მათ შორის ზემოხსენებულ მკვლელობის საქმეში. ასევე ის არის ბრალდებულების დათა და ბაჩანა ახალაიას მამის როლანდ ახალაიას მეგობარი და ოჯახთან დაახლოებული პიროვნება. შესაბამისად ამ უკანასკნელის და ბაჩანა ახალაიას მეუღლის ანა ნადარეიშვილის განცხადებები, ვითომდა სამართალდამცავმა ორგანოებმა უკანონო ქმედებები განახორციელეს მოწმე შალვა თათუხაშვილის მიმართ, არის მოტივირებული ერთადერთი მიზნით, როგორმე დაეხმარონ მათ მიერ გავრცელებული ტყუილებით ბრალდებულ დათა და ბაჩანა ახალაიებს, შეიყვანონ საზოგადოება შეცდომაში და მოახდინონ პროკურატურის დისკრედიტაცია. რაც შეეხება ი.ზაქარეიშვილის განცხადებას, რომ მის მიერ გავრცელებულ გარდაცვლილი შ.თათუხაშვილის ფოტოებზე აღინიშნება წამების კვალი და ამ დაზიანებების დაკავშირება სამართალდამცავებთან, არის სრული აბსურდი და ტყუილი, ვინაიდან მხოლოდ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზას შეუძლია დაადგინოს გვამზე დაზიანებების არსებობა, მათი მიყენების ხერხი, ლოკალიზაცია, ხანდაზმულობა და სიკვდილის მიზეზი, ხოლო ექსპერტიზა ჯერ დასრულებული არ არის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ი.ზაქარეიშვილის და ა.ნადარეიშვილის ტყუილების მოტივაცია იმდენად აშკარაა, რომ მთავარი პროკურატურა მათზე კომენტარის გაკეთებას მიზანშეწონილად არ თვლის. ჩვენი განცხადება განკუთვნილია ხალხისთვის, რომ ხსენებულმა პირებმა ვერ შეიყვანონ საზოგადოება შეცდომაში. თავის მხრივ, მთავარი პროკურატურა შ.თათუხაშვილის გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებულ გამოძიებას მიიყვანს ბოლომდე და საზოგადოებაში არსებულ ყველა კითხვას აუცილებლად გაეცემა ამომწურავი პასუხი"- ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გარდაცვლილი შალვა თათუხაშვილის ფოტოები რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. ფოტოებზე თათუხაშვილს ძალადობის კვალი აღენიშნება. თათუხაშვილის ოჯახი გარდაცვალების მიზეზად სამართალდამცავების მხრიდან ზეწოლას ასახელებს.